უნგრელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექსტილი, რომელიც ალერგიის მქონე ადამიანებს ცხოვრებას გაუმარტივებს. სპეციალური ქსოვილი ჰაერში არსებულ მტვერს და სხვა ალერგენებს ფილტრავს. ამ მასალისგან დამზადებული პირველი პროდუქცია გაყიდვაში წელსვე გამოჩნდება, წერს Medical online.
ინოვაციური ქსოვილისგან ფარდებს, თეთრეულს და გადასაფარებლებს შეკერავენ. გამოყენების შემდეგ მასალის გარეცხვა საკმარისი იქნება მისი თავიდან გამოყენებისთვის.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ჰიპოალერგიული მასალისგან შექმნილი ნივთები გამოსადეგი იქნება არა მხოლოდ სახლებში, არამედ სამედიცინო დაწესებულებებსა და სასტუმრო-ოფისებში.
ახალი ქსოვილი პეჩის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ადგილობრივ ტექსტილის კომპანიასთან თანამშრომლობით შეიმუშავეს. პროექტზე მუშაობა ევროკავშირის მხარდაჭერით, სამი წელი გრძელდებოდა.