LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიფორმების ნაკლებობა ძალოვან უწყებებში – აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს

jari-3

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ძალოვანი უწყებების ეფექტიანობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში სისტემაში გამოვლენილ ხარვეზებს და რეკომენდაციებს მოიცავს.

შემოწმების შედეგად, სხვადასხვა პრობლემასთან ერთად გამოვლინდა, რომ ძალოვანი უწყებების მოსამსახურეები, გარდა შსს-ს თანამშრომლებისა, სრულყოფილად არ არიან უზრუნველყოფილნი წინასწარ განსაზღვრული, ნორმებით დადგენილი ოდენობების უნიფორმებით. უნიფორმების ნაკლებობა სამ უწყებაში: თავდაცვის სამინისტროში, დაცვის პოლიციასა და სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოვლინდა.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ უნიფორმების პრობლემა, ფინანსებთან არის დაკავშირებული და ეს ხარვეზი წლიდან წლამდე სწორდება.

აუდიტის ანგარიშში კიდევ ერთ პრობლემაზეა გამახვილებული ყურადღება – უნიფორმების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერების 30% არაკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა (მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ან ტენდერი არ შედგა).

ანგარიშში საუბარია მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვაზეც. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სამინისტრომ 2018 წლამდე ვერ უზრუნველყო მისაღები ხარისხის ფეხსაცმლის ტექნიკური მახასიათებლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება, რის გამოც შესყიდვები განხორციელდა სხვადასხვა ფასად და საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკები გამოიწვია.

აუდიტის სამსახური ნაკლოვანებების გამოვლენასთან ერთად, რეკომენდაციებსაც გასცემს, სადაც საუბარია, სწორ მენეჯმენტსა და მარაგების რაციონალურად გადანაწილებაზე.

„სხვადასხვა აუდიტის ობიექტზე არსებობს რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მნიშვნელოვანი პოტენციალი. კერძოდ, არაპრიორიტეტული ჯგუფებისთვის უნიფორმის მიწოდების შემცირებით, შესაძლოა მეტი რესურსის პრიორიტეტულ ჯგუფებზე მიმართვა. მაგალითად, თუ პირი ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს, მასზე გაცემული საველე უნიფორმა ნაკლებად ცვდება, რადგან ის არ მონაწილეობს ყოველდღიურ წვრთნებში. შესაბამისად შესაძლებელია უნიფორმის მოხმარების ვადის გაზრდა, რაც გამოიწვევს ეკონომიას. აუდიტის მიერ შესწავლილი შემთხვევებიდან, დაახლოებით 4,2 მილიონი ლარი შესაძლოა უფრო პროდუქტიულად იქნეს გამოყენებული და მისი ნაწილი მიიმართოს უნიფორმის შესყიდვაზე იმ მოსამსახურეებისთვის, რომელთაც აღნიშნულის მეტი საჭიროება გააჩნიათ,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

კვლევის სრულად ნახვა შესაძლებელია ლინკზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები