ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართავს და მოუწოდებს მათ გააპროტესტონ დღეს დილით მომხდარი ფაქტი, რა დროსაც საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
„უნივერსიტეტის სტუდენტებს მინდა ვკითხო, ნუთუ მოგწონთ, როგორც გაგიწმინდეს გზა? რაც დილით ნახეთ, ნუთუ არ გარაზდით.
თსუ-ს სტუდენტებო, გააპროტესტეთ.
თქვენი ჯერია ხმა ამოიღოთ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით 11 პირია დაკავებული. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა განუცხადა.
„კოალიცია ცვლილებისთვის” ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მანუჩარ ჩაჩანიძე და კოალიციის წარმომადგენელი საბა ცხვიტარიძე. პოლიტიკური გაერთიანების თანახმად, პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა პარტია „ახალის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
მთავარ სლაიდზე გამოყენებული ფოტოები: „ინტერპრესნიუსი“, ტელეგრამ არხი „დაიბრუნე ხმა“