,,ოსკარების” 98-ე დაჯილდოებაზე ისტორიული მოვლენა მოხდა – სიმღერა – Golden ანიმაციური ფილმიდან – KPop Demon Hunters გახდა პირველი K-pop სიმღერა, რომელმაც ,,ოსკარი” ,,საუკეთესო ორიგინალური სიმღერის” კატეგორიაში მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ენერგიული K-pop ჰიტი, რომელიც ,,ნეტფლიქსის” 2025 წლის ანიმაციის მთავარი მუსიკალური თემაა, პოპულარობისა და არაერთი მიღწევის გამო, წელს გამარჯვების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა.
სიმღერას გამოგონილი ჯგუფი Huntr/x ასრულებს, რომლის უკანაც რეალური მომღერლები — იჯეი, ოდრი ნუნა და რეი ამი დგანან. ცერემონიის დროს მომღერლებმა სიმღერა სცენაზე ცოცხლად შეასრულეს, რაც ,,ოსკარების” ისტორიაში პირველი K-pop პერფორმანსი გახდა.
იმ ფონზე, როცა ამ ნომინაციაში ჯილდო გადაეცემათ კომპოზიტორებს, რომლებმაც სპეციალურად ფილმისთვის დაწერეს სიმღერა, შვიდ ავტორთაგან ექვსი სამხრეთ კორეელი, მათ შორის იჯეი გახლდათ.
ნომინაციაში გამარჯვებული სიმღერის გამოცხადების შემდეგ, სცენაზე სიმღერის შვიდივე ავტორი ავიდა. ვინაიდან კატეგორიაში ბევრი გამარჯვებული იყო, მათ სიტყვისთვის გამოყოფილი დრო (45 წამი) ძალიან სწრაფად ამოეწურათ.
იჯეის შემდეგ, როდესაც ტედი პარკმა და სხვა კორეელმა კომპოზიტორებმა დაიწყეს მადლობის გადახდა, ორგანიზატორებმა მუსიკა ააჟღერეს და მიკროფონები გათიშეს, რათა ცერემონია შემდეგ ეტაპზე გადასულიყო.
ეს მომენტი დაჯილდოების ერთ-ერთი ყველაზე განხილვად თემად იქცა და ბევრმა შეადარა 2020 წელს ფილმ – ,,პარაზიტის” შემთხვევას, სადაც ასევე სცადეს სიტყვის გაწყვეტა, თუმცა ორივეჯერ აუდიტორიის მხარდაჭერამ გაიმარჯვა.
საგულისხმოა, რომ ამ ფაქტის მიმართ უკმაყოფილება დარბაზშივე დაიწყო, როცა იქ მყოფმა ვარსკვლავებმა და K-pop-ის გულშემატკივრებმა გაღიზიანება ხმამაღალი შეძახილებით გამოხატეს. მათ ამ ქმედებას ისტორიული მომენტის მიმართ უპატივცემულობა უწოდეს.
ხმაურიანი პროტესტის ფონზე, პროდიუსერებმა მიკროფონები ისევ ჩართეს, ავტორებმა კი მოასწრეს ეთქვათ, რომ ეს გამარჯვება – ,,მთელი K-pop ინდუსტრიისა და კორეული კულტურისთვისაა”, თუმცა ხმა ეთერში აღარ გასულა.
ამასთან, Netflix-ის 2025 წლის ანიმაციურმა ბლოკბასტერმა – ,,კეი-პოპ დემონებზე მონადირეები” ,,საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის” კატეგორიაში გაიმარჯვა.
„ოსკარი“ 2026 წლის გამარჯვებულები ცნობილია
