თბილისში კერძო მაღალტექნოლოგური ცენტრი ”სილიკონ ველი თბილისი” 16 სექტემბერს გაიხსნება. სასწავლო ცენტრის მთავარი მიმართულება ტექოლოგიები და ბიზნესი იქნება.
ბიზნესისა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ეს უნიკალური პროექტი აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, IT აკადემიას, ბიზნეს აქსელერატორს, გადამზადების ცენტრს, ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას, ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარების ცენტრს, დასაქმების პლატფორმას, კვლევით ცენტრს, მედია ველს, სკოლას, ტექნოლოგიების საკვირაო სკოლასა და სპორტულ ინფრასტრუქტურას.
”პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთ სივრცეშია, როგორც სასწავლო ასევე, გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობა. ”სილიკონ ველი თბილისი”-მ მოიპოვა ექსკლუზიური წვდომა გლობალურ სამუშაო ადგილებზე საქართველოდან დასაქმების შესაძლებლობებში, სადაც ყოველდღიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეგაკომპანიები 10 მილიონ მეტ სამუშაო ადგილზე საკუთარ მოთხოვნებს აფიქსირებენ”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ფაკულტეტის დეკანის ნინო ენუქიძის განცხადებით, უნივერსიტეტი სრულად ფუნქციონირებას მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყებს და სტუდენტებს პირველივე წელს ექნებათ დასაქმების საშუალება.
”უნივერსიტეტში პროგრამები სამივე საფეხურზე იფუნქციონირებს, ანუ იქნება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. სასწავლო პროგრამა შექმნილია იმგვარად, რომ სტუდენტი შეძლებს დასაქმებას პირველივე წლიდან, როგორც კი მუშაობას დაიწყებს”, – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ბაზარზე ამ მხრივ მოთხოვნა მაღალია. მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 91% მზად არის სწრაფი გადამზადების პროგრამა გაიაროს, შემდგომი დასაქმების მიზნით.
უნივერსიტეტი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტში მსოფლიოში ცნობილი ისეთი კომპანიები მონაწილეობენ როგორციაა Microsoft, Mercedes და ა.შ.
დღეისათვის, სილიკონის ველი აშშ–ს უდიდეს მაღალტექნოლოგიურ ცენტრს წარმოადგენს. კვლევის თანახმად, ამ ველზე 225,300 სამუშაო ადგილია შექმნილი, რომელთა საშუალო ხელფასს $144,800 შეადგენს.
“სილიკონის ველი” ხშირად დამწყები მეწარმეებისა და ანტრეპრენიორებისათვის ამერიკული ოცნების ახდენისა და ერთ ღამეში “გამილიონერების” ადგილად მიიჩნევა. კალიფორნიის ეს რეგიონი ყველაზე მეტი მილიონერი და მილიარდერი მაცხოვრებლის რაოდენობით გამოირჩევა.