4 თებერვალს, თაკო მელიქიშვილის გადაცემაში „რადიო დუეტი“ ანრი ჯოხაძის და თაკო გაჩეჩილაძის ახალი ნამუშევრის „დეკემბერი“ პრემიერა შედგა. თაკომ რადიო „არ დაიდარდო“-ს მსმენელს, ქუჩის ბიჭების სიმღერის „გელოდები შენ“ ახალი ვერსიაც წარუდგინა.
-როგორ შეიქმნა სიმღერა „დეკემბერი“ ?
ანრი: ეს ნაწარმოები ჩემთვის ძალიან საყვარელ, დიდ კომპოზიტორს ზურაბ ჟვანიას ეკუთვნის. ამ სიმღერას ჩვენს ბავშვობაში მერაბ სეფაშვილი და დარეჯან გურასაშვილი ასრულებდნენ. გამორჩეულად მიყვარს ეს ნამუშევარი, ჩემი საყვარელი ქართული სიმღერების ხუთეულში შედის. რაც შეეხება ჩვენს ვერსიას, უნიჭიერეს ადამიანს, ნიკა ნიკვაშვილს ეკუთვნის. წლევანდელ საახალწლო კონცერტზე მოგვიწია მე და თაკოს ამ სიმღერის, ასეთი ვერსიით შესრულება და ძალიან მიხარია, რომ ეს სიმღერა გაჩნდა ჩემს რეპერტუარში და ბედნიერი ვარ, რომ თაკოსთან ერთად შევასრულე.
თაკო: მეც ძალიან მიხარია. მე და ანრის აქამდეც გვაქვს ჩაწერილი რამდენიმე საერთო დუეტი, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებულია.