“პირადად მე, მზად ვარ, როგორც ასაკით და როგორც დარგის სპეციალისტმა, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო.” – პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე აღმოჩნდა პირველი მოხალისე, რომელიც სურვილს გამოთქვამს იყოს მასშტაბური ვაქცინაციის პირველი მონაწილე. ამის შესახებ ლადო კახაძემ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ იდეის ინიცირება მოსახლეობაში ვაქცინაციის ნდობის ასამაღლებლად იქნება მნიშვნელოვანი:
„იქნებ გავაკეთოთ ინიცირება, მაგალითად, მე, როგორც დარგის სპეციალისტი, როგორც საკანონმდებლო სივრცის წარმომადგენელი და ასევე ასაკის გათვალისწინებით, მზად ვარ და თანახმა ვარ, პირველი ვაქცინა, რომელიც შემოვა, საჯაროდ, ყველას დასანახად გავიკეთო, არამხოლოდ ურწმუნოთა დასანახად, არამედ ვაქცინაციისადმი ნდობის ასამაღლებლად. მივმართავ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე საპატრიარქოს, დიდი მოკრძალებით და ქედის მოხრით, ვთხოვ, რომ პირველი ვაქცინაციის დროს სახალხოდ, ერთად გავიკეთოთ ეს ფრონტალურად, რათა ადამიანებს კიდევ ერთხელ მივცეთ რწმუნებითი ნაწილი, რომ ეს უსაფრთხოა“, – განაცხადა კახაძემ.
„საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“ - ტიკარაძე კელი დეგნანს შეხვდა
საუბარი COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს შეეხო.
დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. ინიციატივის მიხედვითაც, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს სპეციალური მუხლი ემატება.
როგორც პროექტის ინიციატორები ამბობენ, კანონში ცვლილებების განხორციელება დაკავშირებულია მოსახლეობის რაც შეიძლება დროულ და ხარისხიან ვაქცინაციასთან. ხარისხიანი ვაქცინის სწრაფად შემოტანა საქართველოში საკანონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს, რომელიც პირველ რიგში, მიზნობრივ ჯგუფებზე იქნება გათვლილი.