USAID და Gazelle Finance-მა დაიწყეს ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებს ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს და COVID-ის წინააღმდეგ მდგრადობაში დაეხმარება.
აღნიშნულ თემაზე “ბიზნესკურიერის“ ეთერში USAID-ის წარმომადგენელმა, აღნიშნული პროგრამის მენეჯერმა სოფიკო სხირტლაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, სექტორალურად არ არის დიფერენცირებული საწარმოები, მხარდაჭერა განხორციელდება იმ საწარმოებზე, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას.
პროგრამა ორიენტირებულია 30-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, რის შედეგადაც შეიქმნება 1 677 ახალი სამუშაო ადგილი და საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების სახით 15 მილიონ აშშ დოლარს მოიზიდავს.
სოფო სხირტლაძის განცხადებითვე, ისინი უშუალოდ შეისწავლიან საწარმოების მდგომარეობას და ამის მიხედვით მოხდება მათი დახმარება.
„Gazelle Finance-ი უკვე მრავალი წელია საქართველოს ბაზარზე იმყოფება, ისინი ძირითადად მუშაობენ მცირე და საშუალო ბიზნესებთან, რომლებიც გამოირჩევიან ზრდის მაღალი პოტენციალით. ბიზნესებთან, რომლებიც ცდილობენ გაიზარდონ, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და მონაწილეობა მიიღონ ეკონომიკურ ზრდაში.
ხანდახან ასეთ კომპანიებს არ აქვთ უზრუნველყოფა ან ისტორიული საკმარისი ფულადი ნაკადები იმისთვის, რომ ვთქვათ, ბანკის მიერ დაფინანსება მოიზიდონ, ამ დროს Gazelle Finance ასეთ კომპანიებს უზრუნველყოფს კაპიტალით, სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, სესხით ან კაპიტალში ინვესტიციის სახით.
თითოეული ინვესტიციის ოდენობა დაახლოებით 100 000 დოლარიდან 1 მილიონ დოლარამდე მერყეობს.
Gazelle Finance-მა შეიმუშავა ტექნიკური დახმარების ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება მათ ბენეფიციარ, პარტნიორ ბიზნესებს, რომ გაიუმჯობესონ მათი ტექნიკური შესაძლებლობები.
ჩვენ USAID-მა Gazelle Finance-თან ერთად დავიწყეთ ეს პროგრამა, რომელიც გულისხმობს ამ ტექნიკური კომპონენტის გაძლიერებას.
კომპანიებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ გაიუმჯობესონ მმართველობა, შიდა სისტემები ასეთ კომპანიებს შესთავაზებს Gazelle Finance დამატებით ინსტრუმენტებს.
ამ დამატებითი ინსტრუმენტებით კი მათ შეუძლიათ ჩაატარონ ფინანსური აუდიტები, ანალიზები, ბიზნეს გეგმები განავითარონ, კონსულტაციები გაიარონ სხვადასხვა ექსპერტებთან, ყველაფერი რაც მიზნად ისახავს იმას, რომ მათი ტექნიკური შესაძლებლობები გაძლიერდეს.“-განაცხადა სოფიკო სხირტლაძემ „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.