საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს ახალი სპეციალური უნიფორმები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ახალი უნიფორმები USAID-ის პროექტ “ზრდა საქართველოში“ ფარგლებში მომზადდა.
„ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა და USAID-ის პროექტის “ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა ქეთევან ჭუმბურიძემ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული და USAID ზრდა საქართველოს ტურიზმის სექტორის მენეჯერი არჩილ ლეჟავა ესწრებოდნენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და USAID-ის პროექტი “ზრდა საქართველოში“ 5 წელია თანამშრომლობენ რეგიონებში ტურიზმის განვითარების და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი აღნიშნავს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და პროექტი “ზრდა საქართველოში” თანამშრომლობა მათთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.
„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს თანამშრომლობა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში მომსახურების ხარისხის გაძლიერებას ემსახურება. გარდა სხვა მრავალი პროექტისა, რომელიც “ზრდის” მიერ განხორციელდა, როგორც საინფორმაციო ცენტრების ტრენინგების, გაცნობითი ტურებისა თუ ახალი ცენტრების შექმნის მიმართულებით, დღეს გადმოგვეცა უნიფორმები საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს საინფორმაციო ცენტრებში მაღალი ხარისხის მომსახურებას“ , – აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.
როგორც “USAID-ის პროექტი ზრდა საქართველოში” ხელმძღვანელმა ქეთევან ჭუმბურიძემ აღნიშნა, მაღალხარისხიანი და პროფესიონალური სერვისი მიეწოდებათ იმ ტურისტებს, რომლებიც საინფორმაციო ცენტრებს მიაკითხავენ რეგიონებში.
„ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებს გადავეცით ახალი უნიფორმები. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ მაღალხარისხიანი და პროფესიონალური სერვისი მიეწოდებათ იმ ტურისტებს, რომლებიც საინფორმაციო ცენტრებს მიაკითხავენ რეგიონებში. პროექტ “ზრდას” და ტურიზმის ადმინისტრაციას 5 წლის განმავლობაში სხვა მიმართულებებითაც არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული”, – განაცხადა ქეთევან ჭუმბურიძემ.