8 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ თემურ თათარაშვილი სტუმრობდა, რომელმაც პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა.
– ბატონო თემურ, როგორ ეგუებით არსებულ სიტუაციას?
– მართალია, ძალიან რთულია, მაგრამ მაინც უნდა შევძლოთ პოზიტიური განწყობის შენარჩუნება. მთელი მსოფლიო მძიმე სიტუაციაშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ამ გამოწვევასაც წარმატებით დავძლევთ. მთავარი საკუთარი თავის დავარწმუნებაა, რომ მალე ყველაფერი ცუდი დასრულდება და არავითარ შემთხვევაში არ ღირს იმედის დაკარგვა.

– ბევრს, ვისაც კარანტინის პირობებში საკუთარ საქმეზე მოუწია უარის თქმა, ახალი ინტერესები გაუჩნდა და პროფესიის შეცვლაც კი გადაწყვიტა. თქვენც ხომ არ ფიქრობთ ახალი საქმის დაწყებაზე?
– მართალია, შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დავრჩი, მაგრამ ახლის დაწყებას მაინც არ ვგეგმავ. საბედნიეროდ, მეგობრები მეხმარებიან, თორემ ნამდვილად არ ვიცი, რა მეშველებოდა, რადგან არც ოჯახში მუშაობს არავინ. თუმცა, ნამდვილად არ მინდა წუწუნი, რადგან დარწმუნებეული ვარ, მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
– გაქვთ თუ არა ჰობი, რომელიც ძალიან გენატრებათ?
– დაივინგით ვიყავი გატაცებული, თუმცა საძილე არტერიაზე ოპერაციის გაკეთების შემდეგ იძულებული გავხდი უარი მეთქვა საყვარელ გატაცებაზე. წლების წინ, მეგობრებთან ერთად ვაწყობდი „დაივინგ-ტურებს“ სხვადასხვა ქვეყანაში. საინტერესო ისტორია შემემთხვა, როცა ზვიგენთან ერთად მომიწია ცურვა, თუმცა არ შემშინებია, რადგან ვიცოდი, რომ მხოლოდ თეთრი ზვიგენი იყო წყალში სახიფათო, სუდანში კი, კინაღამ საკუთარ გამოუცდელობას ვემსხვერპლე და მხოლოდ მეგობრების წყალობით გადავრჩი.

– რას ვერ აპატიებთ საყვარელ ადამიანს?
– ყველაფრის პატიება შემიძლია, რადგან არ მახასიათებს წყენის დამახსოვრება. მთავარია, თავის მართლება რა დაიწყოს, რადგან ძალიან არ მიყვარს, როცა თავს იმართლებენ.
– თავად რამდენად ხშირად აღიარებთ საკუთარ შეცდომას?
– არც შეცდომების აღიარება მიჭირს, არც სათქმელის თქმა, რადგან ძალიან პირდაპირი ვარ და ზურგს უკან ლაპარაკს, ყოველთვის პირდაპირ თქმა მირჩევნია.

– რას ვერ გაბედავთ ვერასდროს?
– ძალიან ბევრი გავბედე, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ არასდროს აღარ მოვიხმარ ნარკოტიკებს. იგივეს ვურჩევ სხვებსაც, რადგან უამრავი რამ დავკარგე ამ საზარელი ჩვევის გამო.
– როგორ ემზადებით საახალწლო დღესასწაულებისთვის, განსაკუთრებული ოჯახური ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
– წელს ძალიან ადრე დავდგით ნაძვის ხე. ზუსტად ასე მოიქცნენ ჩემი მეგობრებიც. როგორც ჩანს, სწორედ ასე ვცდილობთ სადღესასწაულო განწყობის შექმნას. რაც შეეხება ტრადიციებს – ადრე ყოველთვის მამა აკეთებდა გოზინაყს, ახლა კი, მე ვაკეთებ და მემგონი საკმაოდ კარგად გამომდის.
გადაცემის აუდიოჩანაწერი


