13 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ წინანდლის პრემიის დირექტორი თამუნა მიქაძე და პრემიის ლაურეატი ცოტნე ავსაჯანიშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც წლევანდელი წელი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
– თამუნა, წინანდლის პრემია ყოველთვის ერთგვარი ტრამპლინი იყო ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სწორედ პრემიის მიღების შემდეგ აღწევენ წარმატებას არჩეულ სფეროში,
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ წინანდლის პრემია ერთადერთი მრავალპროფილური პრემიაა, რომელიც 25 წლის წინ შეიქმნა ახალგაზრდებისთვის და განსაკუთრებით ნიჭიერებს გადაეცემათ ხელოვნებისა და მეცნიერების რვა დარგში, თუმცა სამომავლოდ კიდევ რამდენიმე დარგის დამატებას ვგეგმავთ. მართალია, წელს ძალიან გაგვიჭირდა ფინანსურად, მაგრამ ჩვენი ბიზნეს-პარტნიორების დახმარებით მაინც შევძელი ახალგაზრდებისთვის მცირე დღესასწაულის მოწყობა.
– ვის აქვს კონკურსში მონაწილეობის უფლება?
– ნებისმიერ ახალგაზრდას 18-დან 30 წლამდე. მიხარია, რომ წელს მართლაც არაჩვეულებრივი ნომინანტები და გამარჯვებულები გვყავდა. განსაკუთრებით რეგიონები გააქტიურდნენ, რაც ორმაგად სასიხარულოა. იმედი გვაქვს, მომავალ წელსაც უამრავი კონკურსანტი გვეყოლება და სიამოვნებით გავეცნობით მათ ნაშრომებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ჰარაკის“ თეატრალურ ჯგუფს, რომელიც ღონისძიების ორგანიზებაში მოგვეხმარა, ჩვენს პარტნიორებს და ჟიურის წევრებს, რომელთაც ჯერ ნომინანტები, მერე ლაურეატები გამოავლინეს, ჩვენს გუნდს დაუღალავი შრომისთვის და რა თქმა უნდა, ქალბატონ ნინო ჟვანიას, რომელიც წლების მანძილზე მეურვეობს ჩვენს პრემიას.
– რა პრიზებით დასაჩუქრდნენ ლაურეატები?
– უამრავ პრემიასთან ერთად წელსაც მრავლად გვქონდა სპეციალური პრიზები – ხუთი წამახალისებელი პრემია მეცნიერების დარგში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გადასცა გამარჯვებულებს, სპეციალური პრიზებით აღვნიშნეთ მუსიკალური კატეგორიის ნომინანტები და„ჰარაკის“ ახალგაზრდული თეატრალური კომპანია.
– ცოტნე, რას ნიშნავს თქვენთვის წინანდლის პრემია?
– რა თქმა უნდა, უზარმაზარი მოტივაციაა, რადგან პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენა შემემატა და ახლა მტკიცედ მჯერა, რომ შემიძლია გავხდე სერიოზული ავტორი. მანამდეც ბევრ ლიტერატურულ კონკურსებში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა არა ასეთ მასშტაბურსა და პრესტიჟულში.
– რა არის თქვენი კრებულის მთავარი გზავნილი?
– კრებულის წამყვან მოთხრობად „სარდაფი“ იქცა და სწორედ მან მომიტანა გამარჯვება. სხვა მოთხრობები უფრო სახალისო და იუმორისტულია, „სარდაფმა“ კი, რომელიც ბევრად ღრმა და სერიოზულია, 1990-იანი წლების დასაწყისის თბილისური უბანი და ერთი კორპუსის ბინადრების ცხოვრება ასახა, რომლებიც საკუთარი მიზნის მისაღწევად არც ეთნიკურ კონფლიქტს ერიდებიან, აშკარა შოვინიზმს კი, ეროვნულობითა და პატრიოტიზმით ნიღბავენ.
– რა გრძნობა გქონდათ, როცა გამარჯვებულად დაგასახელეს?
– ძალიან მოულოდნელი იყო. თავიდან ძალიან გამიკვირდა, მერე კი, ჩემთვის ვიფიქრე, „რატომაც არა-მეთქი?!“
– ახალი კრებულის გაცემას ხომ არ ფიქრობთ?
– ჯერ ვერ გადავწყვიტე რომანის დაწერა მინდა, თუ ისევ მოთხრობების თავმოყრა. სავარაუდოს, ისევ კრებულზე ვიმუშავებ, მით უფრო, რომ უამრავი მოთხრობა მაქვს, უბრალოდ შერჩევაა საჭირო.
– თამუნა, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, ცვლილებების განხორციელებას ხომ არ აპირებთ?
– რა თქმა უნდა, სურვილები მრავლად გვაქვს, თუმცა შესაძლებლობებია მწირი. ძალიან გვინდა პრემიის ბიუჯეტის გაზრდა და ახალი კატეგორიების დამატება. არ ვიცი, რამდენად მოვახერხებთ, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ყოველთვის ვუერთგულებთ ჩვენს მთავარ მიზანს – დავეხმაროთ და წავახალისოთ ახალგაზრდები მათ წამოწყებაში.
წინანდლის პრემია 2022-ის ლაურეატები –
თეატრალური ხელოვნება – გივიკო ბარათაშვილი,
კინოხელოვნება – ხვიჩა და თინათინ ემირიძეები,
მუსიკალური ხელოვნება – ვერიკო ჭუმბურიძე,
მხატვრული ლიტერატურა (პოეზია) – თორნიკე სიბაშვილი,
მხატვრული ლიტერატურა (პროზა) – ცოტნე ავსაჯანაშვილი,
საბუნებისმეტყველო მეცნიერება – მარი-ლუიზა კონჯარია,
ჰუმანიტარული მეცნიერებები – ანა ქირია,
სახვითი ხელოვნება – ანა ჯიბლაძე.