საქართველოს მთავრობამ წელს მეხუთედ აღნიშნა ვეტერანთა დღე. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ომის ვეტერანებს შეხვდა.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვხედავდე აქ, ამ ქვეყნის ისტორიისთვის მართლაც სასიქადულო და საამაყო სახეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ისტორიას ქმნიდნენ”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვეტერანებს.
თუმცა გახარიამ აქვე აღნიშნა, რომ „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“.
„დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კეთდება, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ვართ და სიმართლე უნდა ვუთხრათ ერთმანეთს – ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს მიზანი არ უნდა დავისახოთ და მე გპირდებით, რომ ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ომი აღარასოდეს იყოს, რომ ჩვენ შრომით შევძლოთ ქვეყნის წინსვლა, გაერთიანება და გამთლიანება“, – უთხრა გახარიამ ვეტერანებს.
დედაქალაქთან შედარებით უფრო მოკრძალებულად, მაგრამ უფრო თბილად აღნიშნეს ეს დღე ვეტერანებმა ზუგდიდში.
საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული დემიკო გაბუნია, ყოფილი მებრძოლია. როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა ვეტერანმა განაცხადა, გაბუნია მისი შესაძლებლობების ფარგლებში ყურადღებას არ აკლებს რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს, რისთვისაც მადლობას უხდიან. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ყოფილმა მებრძოლებმა მილოცვებთან ერთად მცირედი, მაგრამ სასიხარულო საჩუქრებიც მიიღეს.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან ერთ ლარად შეიძენენ
საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე
ვეტერანი დავით ბ. ამბობს, რომ მთავრობის ყურადღება მისთვის და სხვა დანარჩენი მებრძოლი ბიჭებისთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით აფხაზეთის ომის ვეტერანებთან მიმართებაში. მისივე თქმით, მთავრობამ მხოლოს წელიწადის ერთ დღეს კი არ უნდა გაიხსენოს ისინი, არამედ, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. ვეტერანი განმარტავს, რომ ის დახმარება, რომელიც მთავრობამ დაუწესა დახმარების სახით, არის ძალიან მცირე.
„18 წელია მთავრობამ ვეტერანის საბუთი მომცა. ამ საბუთთან ერთად დამიწესეს 22 ლარი დახმარება და დღემდე ამ თანხას ვიღებ. იმ ბიჭების უმრავლესობა, რომლებსაც ერთმანეთთან კონტაქტი გვაქვს, ყველას იგივე დახმარება აქვს. ამ მხრივ ჩვენმა მთავრობამ მიდგომა უნდა შეცვალოს. ჩვენ სამშობლოს 22 ლარისთვის არ ვიცავდით. მესმის ქვეყანას უჭირს, მაგრამ სულ გააუქმონ ჯობია“, – ამბობს ვეტერანი.
„სიმართლე უნდა ვთქვათ, ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ“ – თქვა გახარიამ და იმედია ამ ნათქვამში ვეტერანებისთვის დაწესებული 22-ლარიანი დახმარების მოხსნა არ იგულისხმა.