LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაიბერი” ისმინება, ევროპელი პოლიტიკოსები “ვოტსაპსა” და “ტელეგრამზე” გადადიან

715

წყარო : “რეზონანსი”

29 ოქტომბერს ინტერნეტში სატელეფონო საუბრების ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, “რუსთავი-2”-ის გენერალური დირექტორისა და ყოფილი უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბარია ასახული. საუბრის მონაწილეებმა დაადასტურს, რომ ჩანაწერი ნამდვილი და ავთენტურია.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს საუბრები საკომუნიკაციო პროგრამა “ვაიბერით” განხორციელდა. ეს მით უფრო საინტერესოა, რომ “ვაიბერი” საიმედო და მოსმენებისაგან დაცულ პროგრამად ითვლება და საქართველოშიც ბევრი მომხმარებელი კონფიდენციალურ საუბრებს სწორედ “ვაიბერით” ახორციელებს.

აქედან გამომდინარე, კითხვა, თუ რომელი საკომუნიკაციო პროგრამაა ყველაზე საიმედო და როგორ დავიცვათ თავი მოსმენებისაგან, კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური.

აღსანიშნავია, რომ თავად უკრაინაში ამ ზაფხულს “ვაიბერთან” დაკავშირებით რამდენიმე პოლიტიკური სკანდალი აგორდა. მაგალითად, პრესაში კიევის პროკურატურის თანამშრომელთა მიმოწერის გამოქვეყნების შემდეგ, რომლიც “ვაიბერით” იყო განხორციელებული, რამდენიმე პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს. აგვისტოში კი უკრაინის რადის დეპუტატმა მუსტაფა ნაიემმა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დაპოსტა, რომ მის მიერ კომპეტენტური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, “ვაიბერის” გამოყენება სახიფათოა.

კერძოდ, ნაიემი წერს, რომ პირადად იცნობს რამდენიმე პოლიტიკოსს, რომლებმაც თავად ნახეს თავისი კონფიდენციალური საუბრების ჩანაწერები. გარდა ამისა, გაურკვეველი ადამიანები პოლიტიკოსებს შესაბამისი ანაზღაურების ფასად სასურველი ადამიანის “ვაიბერით” განხორციელებული ნებისმიერი ზარისა თუ “ესემეს” მიმოწერის ჩანაწერს სთავაზობენ.

მეტიც, ნაიემის თქმით, მას ჰქონდა საუბარი შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რომლებმაც დაუდასტურეს, რომ “ვაიბერში” შეღწევა და საუბრის ჩაწერა, თუ “ესემეს” მიმოწერის მოპარვა მეტად მარტივი გახდა.

ყოველივე ამის შედეგი ისაა, რომ უკრაინელი და დასავლეთ ევროპელი პოლიტიკოსების უმრავლესობა უკვე უარს ამბობს “ვაიბერზე” და სხვა საკომუნიკაციო პროგრამებზე გადადის – ძირითადად “ვოტსაპსა” და “ტელეგრამზე”. მაგალითად, უკრაინული მედია აგვისტოში წერდა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო “ვაიბერიდან” “ტელეგრამზე” გადავიდა.

ქართველი სპეციალისტები აცხადებენ, რომ არც ესაა გამოსავალი და რომ სურვილისა და შესაბამისი მოწყობილობის ქონის შემთხვევაში ნებისმიერი პროგრამით განხორციელებული საუბრის ჩაწერა და მოსმენა შეიძლება.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ალექსანდრე ღარიბაშვილი აცახდებს, რომ კავშირგაბმულობის ტექნოლოგიის განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ ინფორმაციის მოცულობა, რომელიც სატელეფონო სადენებითა და ფიჭური ანტენების მეშვეობით გადაიცემა. ეს კი საშუალებას იძლევა, აღნიშნული ინფორმაცია დაინტერესებულ პირთა ხელში მოხვდეს.

“პატრონს ჰგონია, რომ თავისი ტელეფონი, რომელიც მაგიდაზე დევს, გამორთულია, სინამდვილეში კი ჩართულია ხაზი, რომელიც გადასცემს ნებისმიერ ხმას, რომელიც ახლომახლო გაისმება.

მობილური ტელეფონები პატარა კომპიუტერებია და მათი დაპროგრამება შეიძლება რადიოთი, რასაც ბევრი მწარმოებელი სრულიად შეუმჩნევლად აკეთებს. ხოლო სპეცსამსახურების თანამშრომლებს ან ჰაკერებს შეუძლიათ, გაუგზავნონ ჩუმი “ესემესები” მობილურის კოორდინატების დასადგენად. შესაძლებელია როგორც მობილური ტელეფონების, ასევე სიმ-ბარათების გადაპროგრამება. ეს არც ისე რთულია.

მობილური ტელეფონები არასოდეს არ არის უსაფრთხო, მით უმეტეს, სმარტფონები და მასში ჩაწერილია როგრამები “ვაიბერი”, “სკაიპი”, “ვოტსაპი”, “ტელეგრამი” და ა.შ. მობილურებით შპიონაჟის თავიდან აცილების მხოლოდ ორი ვარიანტი არსებობს – ტელეფონს ამოვაცალოთ აკუმულატორი ან გამოვიყენოთ მობილურის ბლოკირების მოწყობილობა. ან სადაც ვიმყოფებით და ვსაუბრობთ, იქ გამორთული ტელეფონიც კი არ დავდოთ. ან შევიძინოთ ისრაელის წარმოების ჩამხშობი გენერატორი, რომელიც 4000 ევრო ღირს.

თუ ვინმემ გითხრათ, რომ “ჯიესემ” სისტემის ტელეფონების მოსმენა შეუძლებელია, არ დაუჯეროთ. ყველა მოდიფიკაციის მობილურების მოსმენა შესაძლებელია.

“ჯიესემის” ტელეფონების კონტროლი სხვაზე ძვირი ჯდება. არის ერთი დეტალი, რომლის ცოდნა სასარგებლოა: ფიჭური ტელეფონის მიყურადება შეუძლებელია, თუ თქვენ საუბრობთ მოძრავ მანქანაში, რომლის სიჩქარე საათში 80 კილომეტრზე მეტია”, – აცხადებს ალექსანდრე ღარიბაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g