ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბუცხრიკიძე ფიქრობს, რომ საპენსიო ფონდში დამსაქმებლის 2%-იანი შენატანი მოგების გადასახადიდან უნდა ჩამოიჭრას. ამის შესახებ ვახტანგ ბუცხრიკიძემ ბიზნეს ასოციაციისა და საპენსიო რეფორმის სამსახურის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„დამსაქმებლის მიერ გადასახდელი 2% შემოსავლის გადასახდის 20%-იან განაკვეთში უნდა შევიდეს. ჩვენ ვეცდებით ლობირება გავაკეთოთ და დავასაბუთოთ ეს პოზიცია“ – განაცხადა ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა აუცილებლად უნდა დაიწყოს, რათა კაპიტალური ბაზრები განვითარდეს.
„რეფორმა გამოიწვევს კაპიტალური ბაზრების განვითარებას, რომელიც საქართველოში ჩანასახის ეტაპზეა. საპენსიო რეფორმის დაწყების გარეშე შეუძლებელი იქნება ამ ბაზრების განვითარება, რაც აუცილებელი პირობაა საბაზრო ეკონომიკის განვითარებისათვის“ – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
საპენსიო რეფორმის მოდელი ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის წევრებს გააცნეს. კონცეფციის თანახმად, საპენსიო ფონდში დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ორ-ორ პროცენტიან შენატანებს გააკეთებენ.