LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ცინცაძე: „ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა გრძელდება, პირველ კვარტალში, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია, რასაც ხელს უწყობს ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი“

110
ვახტანგ ცინცაძე

„ქვეყანაში გრძელდება ბიზნესაქტივობის მაღალი ტემპით ზრდა – 2026 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 10.7%-თ არის გაზრდილი, ფაქტობრივად, ყველა მაჩვენებელი რეკორდულია. ასევე რეკორდულია და 12%-ზე მეტად არის გაზრდილი ბიზნეს სექტორის გამოშვება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ბიზნეს სექტორში დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების შეფასებისას.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 2026 წლის I კვარტლისთვის რეკორდული მაჩვენებელი – 62.0 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ზრდა დაფიქსირდა როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესში: მსხვილი საწარმოების გამოშვება 13%-ით გაიზარდა, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდამ 11.9% შეადგინა. იანვარ-მარტში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა როგორც ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების, ისე დასაქმების მიმართულებით.

„უნდა აღინიშნოს, რომ გამოშვების ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა სექტორში. პირველ კვარტალში გამოშვების ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამმუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, ვაჭრობის სექტორებმა და ტურიზმთან დაკავშირებული აქტივობების ზრდამ. ასევე აღსანიშნავია, რომ ბიზნესაქტივობის ზრდასთან ერთად იზრდება ბიზნეს სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა – მიმდინარე წლის იანვარ-მარტში სამუშაო ადგილების რიცხვი 3.7%-ით (28.5 ათასით) გაიზარდა და 799.4 ათასი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია. გაზრდილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასიც – ის 2,300 ლარს აჭარბებს“, – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ბიზნეს სექტორში არსებულ მაღალ მაჩვენებლებზე საუბრისას მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს მცირე და საშუალო მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ზრდას. ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ბიზნესაქტივობის, ახალი ინვესტიციების განხორციელების და ზოგადად, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებას.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ბიზნესაქტივობის ზრდის მიმართულებით პირველ კვარტალში დაფიქსირებული ტენდენციები მომავალ კვარტლებშიც გაგრძელდება. ეს, საბოლოო ჯამში, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც პოზიტიურად აისახება როგორც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაზე და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g