შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
მისი განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ყველა კერა ჯერ ლოკალიზებული არ არის და ხანძრის ქრობის პროცესს რთული რელიეფი და ქარი აფერხებს.
“ყველა კერა ჯერ, რა თქმა უნდა, ლოკალიზებული არ არის, მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ქარი იყო და თითქმის ჩამქრალი, ლოკალიზებული ხანძარი ახლიდან გაღვივდა და გადავიდა მეორე მთაზე, დღესაც არის პატარ-პატარა კერები. არის აქტიური კერებიც, მუშაობენ.
დაახლოებით 1200 კაცზე მეტია მთლიანობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გარემოს დაცვის წარმომადგენლებიც არიან.
ასევე, მობილიზებულია ტექნიკა – 120-110 ერთეული, მათ შორის მძიმე ტექნიკა, ტრაქტორები, რომლებიც გზის გაყვანაზე მუშაობენ, რომ მიუდგნენ – ფიზიკურად ვერ უდგებიან ადამიანები.
საშიშროება, რა თქმა უნდა, არის, თუ ქარი ამოვარდა. თუ არ ამოვარდა ქარი, ღამით კიდევ დავამუშავებთ და ხვალ უკეთესი მდგომარეობა იქნება. თუ ქარი ამოვარდა, რა თქმა უნდა, არის გავრცელების რისკი, ან შეიძლება, უფრო მეტად მოედოს ტერიტორიებს.
ხანძარი ლოკალიზებული გვაქვს სოფლებისკენ, დასახლებული პუნქტებისკენ რომ არ გავრცელდეს მანქანებია მობილიზებული. თუ ძლიერი ქარი ამოვარდა, შესაძლებელია მეტი ტერიტორია დაიწვას, ვიდრე ახლაა დამწვარი. თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები გვექნება”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.