 
															რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი, ვახტანგ კახიძე სტუმრობდა, რომელმაც ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“ ისაუბრა.
ბატონო ვახტანგ, „შემოდგომის თბილისი“ ის ფესტივალია, რომელსაც წლიდან წლამდე განსაკუთრებულად ველით და რომელიც წელს ოცდამეცამეტედ ჩატარდა. შევაჯამოთ წლევანდელი ფესტივალი, რამდენად კმაყოფილი ხართ?
ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც ორგანიზატორი, ვღელავ ხოლმე, რადგან როდესაც 10 კონცერტია დაგეგმილი, ყოველთვის არის იმის რისკი, რომ რაღაც მოხდეს, ვიღაც ავად გახდეს, ვიღაც ვერ ჩამოვიდეს და ყოველთვის ფორსმაჟორული სიტუაცია არის ხოლმე, მაგრამ საბედნიეროდ, იშვიათად ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები და წელსაც არ მომხდარა, ამიტომ რაც დაგეგმილი იყო, ყველაფერი შესრულდა.
მოგვიყევით პირველ კონცერტზე, სადაც ქალბატონი ელისო ვირსალაძე, „თბილისის სიმფონიური ორკესტრი და თქვენ იღებდით მონაწილეობას.
ფესტივალი რომ გავხსენით, ისე დაემთხვა, რომ ქალბატონი ელისოს დაბადების დღე იყო და ამან კიდევ გარკვეული სადღესასწაულო ელფერი შესძინა კონცერტს. კონცერტზე იყო ბეთჰოვენის მუსიკა. ქალბატონმა ელისომ მესამე საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა, მე და ორკესტრმა მეშვიდე სიმფონია დავუკარით. ქალბატონი ელისოს გამოჩენა და მისი შეხება ინსტრუმენტთან ყოველთვის განსაკუთრებულია, მით უმეტეს, მას თავისი ფესტივალი აქვს თელავში და იშვიათად გამოხატავს ხოლმე სურვილს, რომ სხვა ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა. წელს შევძელით მისი დათანხმება და არაჩვეულებრივი კონცერტი იყო.
ვისაუბროთ 16 სექტემბრის კონცერტზე და გუნდზე „კანტემუსი“.
16 სექტემბერს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი იყო, რადგან თბილისში ამ გუნდს არავინ იცნობდა, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ უარი თქვა, პირიქით, რაც მეტი უცნობი კოლექტივი ჩამოვა და ასეთ ფურორს მოახდენს, უკეთესია. ეს არის უნგრული გუნდი და როგორც ჩემი უნგრელი მეგობრების, მუსიკოსებისგან ვიცი, ეს საუკეთესო გუნდია. მართლა დაამტკიცეს, რომ ძალიან მაღალი დონეა. მათი მოსმენა სასარგებლო იყო ჩვენი საგუნდო მუსიკაში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, რადგან ყოველთვის კარგია, როცა გაქვს საშუალება, შეავსო შენი ცოდნა.
21 სექტემბერს, შალვა მშველიძისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართა, როგორ ჩაიარა აღნიშნულმა საღამომ?
კონცერტს დავით მუქერიამ უდირიჟორა და ამ კონცერტში მონაწილეობდა „საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა“. პირველ განყოფილებაში ბატონი შალვას საგუნდო მუსიკა იყო, მეორე განყოფილებაში მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები – „ზვიადაური“ შესრულდა, ფინალში ორკესტრმა და გუნდმა შეასრულა ე.წ. ფხოური „დიდოსტატის მარჯვენადან“. ცოტა დაგვიანდა ბატონი შალვას საიუბილეო კონცერტი, მაგრამ მაინც კმაყოფილები ვართ, რომ შევძელით ამის აღნიშვნა.
28 სექტემბერს, ასევე, გქონდათ გია ყანჩელის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი…
პროგრამა ისე შევადგინე, რომ სხვადასხვა პერიოდის ნაწარმოებები წარვადგინეთ, იყო ლარგო და ალეგრო. „ლარგო“ სამოციან წლებში არის დაწერილი, მე მომწონს ეს ნაწარმოები, მაგრამ ვერ მიხვდები, რომ გია ყანჩელისაა, იმდენად სხვა ხელწერაა. შემდეგ, შევასრულეთ, ჩემი აზრით, მისი შვიდი სიმფონიიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, მეხუთე სიმფონია, რომელიც ეძღვნება მისი მშობლების ხსოვნას. მეორე განყოფილებაში იყო, ჩემი აზრით, მისი საუკეთესო ნაწარმოები, „სტიქსი“. ბრწყინვალედ დაუკრა გიორგი კოვალევმა, გამორჩეული შესრულება იყო.
მინდა, ვალერიან შიუკაშვილზე და იმ კონცერტზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც 18 ოქტომბერს შედგა.
ვაკუნას, როგორც მას ჩვენ ვეძახით, დიდი ხანია არ დაუკრავს ორკესტრთან და მათ შორის, ჩვენს ორკესტრთან. მიხარია, რომ მიიღო ჩვენი ეს მოწვევა და გერმანელ დირიჟორთან, ლიციუს ჰემერთან ერთად შეასრულა მოცარტის ოცდამეოთხე კონცერტი, რომელიც ერთ-ერთი რთული კონცერტია თავისი ფორმით, შემადგენლობით და ა.შ. მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი, იმდენად კარგად შეასრულა. გამორჩეული კონცერტი იყო და მინდა, მივულოცო მას.
აღსანიშნავია, რომ მაისში ზუსტად საათ ნახევარში ამოიწურა ორი კონცერტის ბილეთების რაოდენობა და სწორედ მსმენელების თხოვნით, მოგიწიათ ამ კონცერტების დანიშვნა.
26 მაისს არის ჯანსუღ კახიძის დაბადების დღე და მისივე სახელობის ფესტივალი გავაკეთეთ. ლოგიკური იყო, რომ მის დაფუძნებულ და დაარსებულ ფესტივალში, „შემოდგომის თბილისი“ეს კონცერტები გამეორებულიყო. ერთ კონცერტს ვერ ვნიშნავთ ხოლმე, რადგან არ არის საკმარისი, რომ მოთხოვნა დააკმაყოფილო, ეს კი არა, კიდევ რომ გამეგრძელებინა, იქაც ანშლაგები იქნებოდა. კონცერტზეც ვთქვი, რომ თვითონ მიაჩნდა, რომ მისი ძირითადი პროფესია მაინც დირიჟორობა იყო, მაგრამ ამბობდა, რა ვქნა, ხალხს ხალხს ჩემი სიმღერები უყვარსო. მე მიმაჩნია, რომ ეს მისი, როგორც კომპოზიტორის ძალიან დიდი გამარჯვებაა, რადგან მისი სიმღერები ცოცხლობენ, ხალხში არის ძალიან პოპულარული.

კონცერტზე ძალიან ლამაზად მოჰყევით მამას შესახებ, ხაზი გაუსვით მის ხასიათს, შემოქმედებას და ეს სიტყვები ძალიან ემოციური იყო თითოეული მსმენელისთვის…
დიახ, ეს სიტყვები იმ სახალისო ვიდეოკლიპის წინ ვთქვი, რომელიც გავიდა. ძალიან მხიარული კაცი იყო, ძალიან კეთილი და კეთილმოსურნე. ვისაც ის შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ არის საშინელი ხასიათის და უჟმური, ეს ძირითადად ის ხალხია, ვინც თავისი მოკრძალებული ნიჭის და მომატებული ამბიციების გამო, მასთან საერთო ენა ვერ გამონახა და ვერც გამონახავდა, რადგან ასეთ ხალხთან ძალიან მკაცრი იყო, ისევე როგორც მლიქვნელ, არადისციპლინირებულ, არაპუნქტუალურ ხალხთან. ეს ის თვისებები იყო, რასაც ადამიანში ვერ იტანდა. ჩვენც ვერ ვიტანთ ამას და გვაქვს იმის უფლება, რომ გამოვხატოთ. ვიღაც მოგვწონს, ვიღაც არ მოგვწონს, მაგრამ როდესაც საქმეში ხდება ასეთი არაადეკვატური გადაკვეთა ხელმძღვანელის და იმ მოზარდის, რომელმაც პირიქით, ძალიან ორგანიზებულად და პროფესიონალურად უნდა იმუშაოს, მას თუ შენიშვნას მისცემ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო იქნება.