ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” მაესტრო ვახტანგ კახიძე სტუმრობდა. დირიჟორმა მის შემოქმედებით ცხოვრებაზე, მიმდინარე პროექტებზე და მამაზე ისაუბრა.
პროექტი ,,კახიძეები”, რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ?
ეს კონცერტი შედგება ორი ნაწილისგან, პირველი ნაწილი ჯანსუღ კახიძის სიმღერებს აერთიანებს, მეორე ნაწილილში კი ჩემი სიმღერებია წარმოდგენილი. თავიდან მოვყვები, თუ საიდან დავიწყეთ, 2015 წელს დავაფუძნეთ ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ფესტივალი, რომლის ძირითადი მიზანი თბილისის სიმფონიური ორკესტრის და პოპ ვარსკვლავების თანამშრომლობაა. 5 ფესტივალი ჩავატარეთ და უკვე უზარმაზარი წრე დაგროვდა მეგობრების, ვისთანაც ვთანამშრომლობთ. ძალიან გაამართლა ამ პროექტმა, მოწონებას იმსახურებს საფესტივალო პროგრამა, თავიდანვე ჩემი ინიციატივა იყო ქართული მუსიკაც ყოფილიყო წარმოდგენილი ფესტივალში, მაგრამ ვინადან ფესტივალის პირველ წელს არაფერი შემხვდა, თავად გავაკეთე პროექტი, რომელიც თეატრისა და კინო მუსიკას, ჯაზ-ფოლკ კომპოზიციებს და სიმღერებს აერთიანებდა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. შემდეგ წელს გავაკეთე მამაჩემის სიმღერების პროექტი, რომელშიც ეკა მამალაძე, ანსამბლი ,,რუსთავი” და მე ვმონაწილეობდით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მუსიკის პროექტში არაჩვეულებრივი ახალგაზრდები მონაწილეობენ, ასევე მინდა ვთქვა, რომ მომღერლობის პრეტენზია არასოდეს მქონია, მამაჩემი რომ მღეროდა, ისე მე ვერასოდეს ვიმღერებ, მისი პროექტი რომ გავაკეთეთ, მაშინ გავბედე მისი სიმღერების მღერა, ჩემი შვილიც პატარა ასაკიდან ასრულებდა ამ სიმღერებს და ახლოს იყო მასთან ეს ჟღერადობა. ისე, ზოგადად როგორც თამადას უკეთესი რეპუტაცია მაქვს ვიდრე როგორც მომღერალს.
ამ პროექტის კონცერტებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდი იყო და ხშირად გვიწევდა კონცერტების დამატება, შარშან წამოვიდა იდეა ამ ორი პროექტის შერწყმის, მოხდა კიდევაც და წარმოდგენა გაიყო ორ განყოფილებად, რამდენიმე კონცერტი გავმართეთ, დაგვირგვინება კი ,,ბლექ სი არენაზე” შედგა .

დაგვიხასიათეთ ბატონი ჯანსუღი, როგორც მამა და მეგობარი?
მას არ ჰქონდა კლასიფიკაცია, შვილი იყო თუ სხვა, მიდგომის კრიტერიუმი ყველასთვის ერთი ჰქონდა. მასზე ამბობენ რომ მკაცრი იყო, ნამდვილად, მომთხოვნი იყო და ითხოვდა პროფესიონალიზმს და დისციპლინას.
იაპონიიდან დაბრუნდით ახლახანს და მოგვიყევით ამ გასტროლის შესახებ?
იაპონიაში ორი კონცერტი გვქონდა, პირველად ვიყავი და ნამდვილად საოცარი ქვეყანაა, ჩემთვის ყველაზე გულისამაჩუყებელი იაპონელი ხალხის ტრადიციებისადმი დამოკიდებულება იყო. იქ საერთოდ არ არის მიღებული კოცნა და რთულია მათ რეჟიმზე გადაწყობა, სოლისტი იყო ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ბრწყინვალედ დაუკრა და ორჯერ გადავკოცნე, გაიტანეს კიდევაც საკაცით, ალბათ ათი თაობა არ აპატიებს, უცხოელმა დირიჟორმა აკოცა ორჯერ.
,,წამოკრული” უნიკალური ნაწარმოები, რომელსაც დღეს დავაპრემიერებთ უკვე ანსამბლ რუსთავის შესრულებით…
მადლობა დათო გერსამიას და მუსიკალური ცენტრის ხმის რეჟისორებს, მიხეილ კილოსანიძეს და რომა გერსამიას. მთავარი დამსახურება ორკესტრზე და შემსრულებლებზე მოდის, რომლებიც ასე სუფთად მღერიან და უკრავენ.
ძალიან ბევრი წლის წინ გაკეთებული, ასეთი ფირფიტა არსებობდა ,,მღერის კახიძეების ოჯახი”, 8 სიმღერა მამაჩემის იყო, 4 ჩემი, მამას უნდოდა რომ იმპროვიზაციული მონაკვეთი ამ სიმღერის თავად ემღერა რვავე ხმა, მაშინ უკვე შესაძლებელი იყო ტექნიკურად მრავალარხიანი მაგნიტაფონით ამის გაკეთება და ესეც გააკეთა.
ანსამბლი ,,რუსთავი” საოცრად ასრულებს ,,წამოკრულს”, ბევრი ანსამბლი მომისმენია, ვინც ცდილობს ამის გაკეთებას, მაგრამ სწორი ვარიანტი ჯანსუღის შემდეგ არსებობს მხოლოდ ,,რუსთავის” შესრულებით.
მადლობა სტუმრობისთვის.
ვატო კახიძე, ეკა მამალაძე, ანს.რუსთავი – მუხამბაზი
ანს.რუსთავი – წამოკრული (მუსიკა კინოფილმიდან “შერეკილები”)
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვატო კახიძე. “ღვინო დუდუკი ქალები”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები

