LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ კალოიანი: “ერთადერთი გადაწყვეტილება რაც შეიძლება ეფექტური იყოს ეს არის მასობრივი ვაქცინაცია”

83
tewtwtew

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში მწვანე პასპორტები ამოქმედდება.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა 18 წლის ზემოთ მოქალაქეებზე გავრცელდება.

“ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში,“ – აღნიშნავს პრემიერი.

მისივე თქმით, ეს არის მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება.

„ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი უზრუნველვყოფ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება“,-განაცხადა პრემიერმა.

ობიექტები, სადაც „მწვანე პასპორტის“ გარეშე ვერ მოხვდებით

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით რადიო „ფორტუნას“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა, ექიმმა ვახტანგ კალოიანმა შეაფასა.

როგორც მან აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არაფრის მომცემია.

„სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილება არის არაფრისმთქმელი.

რეალურად ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფები გავრცელების თვალსაზრისით ლოკაციებს ვგულისხმობ, მაგალითად უნივერსიტეტები, საჯარო დაწესებულებები, ტრანსპორტი არ არის მოცული მწვანე პასპორტის მოთხოვნით.

სამწუხაროდ, ამას არ ექნება ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

ერთადერთი გადაწყვეტილება რაც შეიძლება ეფექტური იყოს ეს არის მასობრივი ვაქცინაცია და ყველანაირი ნეგატიური თუ პოზიტიური წახალისება ჩვენი თანამოქალაქეების აცრისაკენ, ეს არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ნახევარ-ზომა და სამწუხაროდ, როგორც ვთქვი ეფექტი არ ექნება.

ეს არის მცდარი, დამაზიანებელი გადაწყვეტილება და ერთგვარად არაჰუმანურიც, შეფუთული ადამიანის უფლებებით.

რეალურად ჩვენ ვაქცინაციის გარეშე ვწირავთ ათეულობით ადამიანს ყოველდღიურად.

შეგახსენებთ, აშშ-ში პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, სავალდებულოა ექიმების, პოლიციელების, სახანძრო სამსახურის, კვების ობიექტებში მომუშავე ადამიანების, ტრანსპორტში, განათლების სისტემაში და ყველა იმ მოქალაქის აცრა, რომელიც ფინანსდება ფედერალური ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ამერიკაში გვაქვს საკმაოდ მაღალი ინფიცირების რიცხვი, მაგრამ გვაქვს შედარებით დაბალი გარდაცვალება.

მსგავსი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები გვჭირდება საქართველოში,“-აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

„ფორტუნას“ კითხვაზე ხომ არ გამოიწვევს სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება ქვეყანაში საზოგადოების მხრიდან გარკვეულ უკურეაქციას ვახტანგ კალოიანმა განმარტა:

„ზუსტად ეს არის, ხელისუფლება ღებულობს ელექტორალურ გადაწყვეტილებებს და არა იმ გადაწყვეტილებებს, რაც სჭირდება მოქალაქეების უსაფრთხოებას.

შესაბამისად, პასუხისმგებლობას ის არ იღებს საკუთარ თავზე, რაც ამ კრიტიკულ მომენტში ძალიან მძიმეა.

ამიტომაც, ეს მწვანე პასპორტიც, ეს ნახევარ-ზომაც არ გაატარა ხელისუფლებამ არჩევნებამდე, რადგან ეშინოდა ხმების დაკარგვის.

ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პანდემიის მართვა პოლიტიზირებულია, ამ სიტყვის ცუდი გაგებით და არ არის ორიენტირებული მეცნიერულ მტკიცებულებებზე.

ჩვენ რეალურად იმაში რასაც დღეს ვაკეთებთ, როგორც ქვეყანა ფუნქციონირებს, ვიხდით დღეში 70 ადამიანის სიცოცხლით.

ვახტანგ კალოიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში დაასახელა ის 4 ღონისძიება, რაც მისივე შეფასებით, ხელს შეუწყობს ვაქცინაციის პროცესს.

„ევროპულმა საქართველომ ჯერ კიდევ 6 თვის წინ წარადგინა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლებოდა მაქსიმალური მოცვა მოქალაქეების.

პირველი ეს არის სავალდებულო ვაქცინაცია, ან სავალდებულო ტესტირება მოქალაქეებისთვის.

მეორე-აქტიური საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანია, რომელსაც უნდა ჰქონოდა კარდაკარის პრინციპი. მოქალაქეებს უნდა მიეღოთ პასუხი იმ კითხვებზე, რაც მათ აწუხებთ.

მესამე-მობილური ჯგუფების აქტიური ამუშავება-ანუ ვაქცინა უნდა მივიდეს მოქალაქემდე და არა პირიქით.

და მეოთხე-ფინანსური წახალისება, საშემოსავლო გადასახადის მოხსნა რამდენიმე თვით იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც აიცრებიან, მაგალითად პედაგოგებისთვის რაც საციცოხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ ღონისძიებების ერთობლიობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი და მნიშვნელოვნად შევამციროთ ინფიცირება,“-განაცხადა ვახტანგ კალოიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g