LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ მუსელიანის ქალიშვილის ზღაპრული ცხოვრება იტალიაში: „ვახტანგ ახობაძე ყოველდღე მირეკავს და მადლობას მეუბნება დახვედრისთვის… კეთილშობილი ადამიანია…“

15731
თამუნა მუსელიანი

პარამკლავჭიდელ ვახტანგ ახობაძესთან აეროპორტში დახვედრის შემდეგ, საზოგადოებამ კარგად გაიცნო მკლავჭიდის ფედერაციის დამფუძნებლის, ვახტანგ მუსელიანის ქალიშვილი, ქეთევანი.

ულამაზესი გოგონა იტალიაში სწავლას ასრულებს, მშობლების ხათრით, იურიდიული განათლება მიიღო, თუმცა ახლა სურს, თავის ოცნებას გაჰყვეს და მსახიობობა სცადოს, ამისთვის კი ინგლისში დრამის კოლეჯში უკვე ჩააბარა.

ქეთევან მუსელიანი:

„იტალიაში ვსწავლობ და ერთი კვირის ჩამოფრენილი ვიყავი საქართველოში, როცა ვნახე ვიდეო, სადაც ვახტანგ ახობაძის გამარჯვება იყო ასახული. ჩემზე ამ ვიდეომ ძალიან იმოქმედა. ძალიან ამაღლებულად მოიქცა… გადავწყვიტე, დედასთან ერთად დავხვედროდი აეროპორტში, ვიფიქრე, რა იქნებოდა მისადმი პატივისცემის გამოხატვა და მამაჩემის თასი გადავეცი. ოჯახში მისი თასებისა და მედლების დიდი კოლექცია გვაქვს…

მისი რეაქცია როგორი იყო?

გამიკვირდა, როცა მითხრა, რომ მას არასდროს არავინ დახვედრია. დარწმუნებული ვიყავი, აეროპორტში ჩვენ გარდა, ბევრი ხალხი იქნებოდა… მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ მთელი ქვეყანა გვაამაყა. მატერიალური შესაძლებლობა რომ მქონოდა, მისთვის ბინა მეჩუქებინა, ერთ წამსაც არ დავფიქრდებოდი. გარშემო ვინც იდგა, არც კი იცოდა, როგორი ადამიანი იყო მათ გვერდით… დარწმუნებული ვარ, ხალხი არ იყო ინფორმირებული მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თორემ ბევრი დახვდებოდა…

არ მეგონა, თუ ხალხის მხრიდან ამდენ ემოციას მივიღებდი. სადაც უნდა შევიდე, დიდ სიყვარულს გამოხატავენ. მეორედ დავიბადე, ასე მგონია… თვითონ ბატონი ვახტანგი ყოველდღე მირეკავს და მადლობას მეუბნება ამ დახვედრისთვის… ძალიან კეთილშობილი ადამიანია, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ… ერი გვერდში ასე რომ დაუდგა, ეს ძალიან გამიხარდა…

ალბათ, ვახტანგ ახობაძესთან შეხვედრამ მამის შესახებ მოგონებებიც აღძრა…

ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მამაჩემი იყო, ვახტანგ მუსელიანი იყო გენიოსი – გარდა იმისა, რომ მკლავჭიდის ფედერაციის დამფუძნებელი იყო, გახლდათ იურისტი, ლექტორი, პროფესორი, მეცნიერი. 1988 წელს შექმნა მკლავჭიდის ფედერაცია, იმ პერიოდში ამდენი მოახერხა, აშშ-თან დაამყარა კავშირი. ჩვენი მკლავჭიდელები საზღვარგარეთ სხვადასხვა ტურნირზე დადიოდნენ. მამა კიდევ დიდხანს იცოცხლებდა, მაგრამ 2018 წელს მოხდა ტრაგიკული შემთხვევა – ჩემი შუათანა ძმა მოჰყვა ავარიაში და გარდაიცვალა… კაცები ხომ სხვანაირად განიცდიან, გულმა ვერ გაუძლო და ასე ნაადრევად დაგვტოვა მამამაც.

დედა ძალიან ძლიერი მყავს და ცხოვრების ყველა ეტაპზე მაძლევს ძალას, რომ მამისა და ჩემი ძმის სახელისთვის ბევრი რამ გავაკეთო. არ მინდა, ვინმეს შევეცოდო. ჩემი ძმა, ავარიაში რომ მოჰყვა, კიდევ ორი თვე იცოცხლა, რეანიმაციაში გარდაიცვალა… როცა იგებენ, რომ ვახტანგ მუსელიანის შვილი ვარ, ყოველთვის მეკითხებიან მამის შესახებ. სანამ ცოცხალი ვარ, სულ თან გამყვება ეს სიამაყის შეგრძნება…

ძალიან ლამაზი ხართ. სამოდელო კარიერა გაქვთ?

დავამთავრე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებელი, ბალერინა ვარ. საქართველოში სამოდელო სააგენტოში გახლდით და მქონდა გადაღებები, თუმცა შემდეგ იტალიაში მომიწია გამგზავრებამ სასწავლებლად. ვთანამშრომლობდი იტალიის კინოფესტივალებთან, რეგიონებში პროექტის ფარგლებში, ვატარებდი სპექტაკლებს, ვცეკვავდი, მქონდა გადაღებები. ჩემი იტალიაში ცხოვრება ზღაპრულია.

იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის თეზისი დამრჩა დასამთავრებელი, სწორედ ახლა მივფრინავ რომში, შემდეგ კი ინგლისში მივემგზავრები, სადაც ლონდონის დრამის კოლეჯში ჩავაბარე, მსახიობობა მსურს. იურიდიულზე მშობლების გამო ჩავაბარე, მათ ჰქონდათ იურიდიული განათლება, მაგრამ ვერ ვამბობ უარს სცენასა და თეატრალურ სფეროზე…

საინტერესო ჩაცმულობის სტილი გაქვთ… რას აქცევთ ამ კუთხით ყურადღებას?

ჩემი მშობლებიდან გამომდინარე, იდეალური ბავშვობა მქონდა… პრინცესულმა ცხოვრებამ ჩამომიყალიბა ჩემი სტილი. მყავს მკერავი მცხეთაში, როცა საქართველოში ვარ, მასთან მივდივარ და ჩემი გემოვნების მიხედვით მიკერავს კაბებს. თუ საზღვარგარეთ ყოფნისას დამჭირდა ყიდვა, ჩემი სტილის მიხედვით ვყიდულობ, უფრო მეტად კლასიკას ვანიჭებ უპირატესობას.

ოჯახი გყავთ?

26 წლის ვარ და დასაოჯახებელი გახლავართ.

მუსელიანები როგორ უყურებენ ამ ამბავს?

რაც გავიზარდე, რამე თუ ხდება ჩემს ცხოვრებაში, დედას ყველაფერს ვუზიარებ. ვიცი, რომ მას დიდი გამოცდილება აქვს და რჩევებს ვენდობი. პირველ რიგში, რასაც ადამიანში ვაფასებ და ვაკვირდები, რამდენად გასცემს სიკეთეს, შეუძლია თუ არა სხვას დაეხმაროს. ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან მოქმედებს. ასეთი ადამიანი ჩემთვის ერთი ნაბიჯით წინაა, თუ შეუძლია, უყვარდეს სხვა და პატივი სცეს ადამიანებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან მატერიალური ყველაფერი წარმავალია. თუკი შევძელი, რომ ვახტანგ ახობაძე მცირედით მაინც გავახარე, ეს არის ჩემთვის დიდი ბედნიერება. მზრუნველი, პასუხისმგებლობიანი და მომავალზე რომ ფიქრობს, ასეთი ადამიანი წარმომიდგენია ჩემ გვერდით.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

magti 5g