ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები იზრდება და მთელ სივრცეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ენიჭება.
ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები! კერძოდ, პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა 1 საკადასტრო კოდის ქვეშ! რაც მთავარია – მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი!“ – აღნიშნა ნარმანიამ.
მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ვაკის პარკის ფართობი 18 ჰა-ს შეადგენს და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შემდეგ, პარკის საზღვრები 34 ჰა-მდე გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი დაცული რეკრეაციული ზონა, რომელსაც მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.