LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერი ჩეჩელაშვილი: “ბატონი ირაკლი მართალია, როცა ამბობს: კარგია, რომ ავანსად არ მივიღეთ სტატუსი, მაგრამ ის ძალიან ცუდია, როცა დამსახურებულად არ მივიღეთ”

122
BeFunky-collage (4)

“ბატონი ირაკლი მართალია, როცა ამბობს: კარგია, რომ ჩვენ ავანსად არ მივიღეთ სტატუსი, მაგრამ ის ძალიან ცუდია, როცა ჩვენ დამსახურებულად არ მივიღეთ,” – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” უკრაინასა და რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ვალერი ჩეჩელაშვილმა ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 6 თვეში შესაძლებელია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ წინ ქვეყანას რთული თვეები ელის.

„თეორიულად ეს სავსებით შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს საზოგადოების მხრიდან ერთიანობის განმტკიცება, წნეხის გაძლიერება მთავრობაზე და მმართველ პარტიაზე და ამ გაერთიანებული სურვილით, ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია, მაგრამ წინ ძალიან რთული 6 თვე გველის.

ბატონი ირაკლი მართალია, როცა ამბობს: კარგია, რომ ჩვენ ავანსად არ მივიღეთ სტატუსი, მაგრამ ის ძალიან ცუდია, როცა ჩვენ დამსახურებულად არ მივიღეთ.

ჩვენ უნდა დაგვემსახურებინა, ძალიან ახლოს ვიყავით ამასთან. ყოველ შემთხვევაში რამდენიმე წლის წინ აკრეფილი გვქონდა ტემპი, ვიტყოდი 2018-მდე.

2018-ში დაგვეწყო ჩვენ სირთულეები, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდგომ,” – აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.

“ფორტუნას” კითხვაზე, რატომ ვერ დავიმსახურეთ კანდიდატის სტატუსი, დიპლომატმა განმარტა:

კანდიდატის სტატუსი იმიტომ ვერ დავიმსახურეთ, რომ ჩვენ არ დავაკმაყოფილეთ ის კრიტერიუმები, სტანდარტები, ევროპული თანამშრომლობის ფასეულობები. არ არის დღეს, სამწუხაროდ, შიდა პოლიტიკური ცხოვრების ფასეულობები შესაბამისი, ეს გამოიხატება, მათ შორის პოლარიზაციაში, იმ ენაში და ლექსიკონში, რომლითაც ჩვენ ერთმანეთს მივმართავთ.

ამ ლექსიკონის გამოყენება დაიწყო მმართველმა პარტიამ ევროპელ მეგობრებთან მიმართებაში.

ეს აბსოლუტურად მიუღებელია, არაევროპულია. ამით ხდება პოლარიცაზია არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ პოლარიცაზია ხდება ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან.

პირველ რიგში, ამის აღმოფხვრაზე უნდა იფიქროს მმართველმა პარტიამ, მთავრობამ.

ამის ბუნებრივი ნაწილი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პოლარიცაზიის დასრულება შიგნით.

მაგრამ ეს არის დამოკიდებული ზუსტად იმ 12 ნაბიჯის გადადგმაზე, 12 რეფორმის შესრულებაზე, რომელსაც ჩვენ გვთხოვს ევროკავშირი, ვიდრე მოგვანიჭებს დამსახურებულად კანდიდატის სტატუსს,” – განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

უკრაინასა და რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა “ფორტუნას” ეთერში ასევე განაცხადა, რომ აქციებს, რომლებიც სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” იმართება, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების ესწრებიან, თუ მმართველი გუნდი რეკომენდაციებს არ შეასრულებს, მათ ელექტორატის დაკარგვის საშიშროება ემუქრებათ.

“ძალიან მნიშვნელოვანი აქციაა. ჯერ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო 20 ივნისის აქცია.

ბუნებრივია, მეც ვიყავი აქციაზე. განცვიფრებული ვიყავი, ის ევროპულობა, კონსოლიდაცია, კეთილგანწყობა 100 000 კაცში, სუფევდა აბსოლუტურად განსხვავებული, სრულიად ევროპული ატმოსფერო.

ვფიქრობ, ამან მოახდინა ზემოქმედება არამხოლოდ შიგნით ჩვენს ქვეყანაში, არამედ იმ შეფასებებზეც, რაც გააკეთეს ევროპელმა ლიდერებმა.

ბატონი შარლ მიშელი, ბატონი მაკრონი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, მათ გამოსვლებში აშკარად ეტყობოდათ, რომ სერიოზული შთაბეჭდილება მოახდინა მათზე ამ აბსოლუტურად პრო-ევროპულმა მანიფესტაციამ, რომელიც 20-ში იყო თბილისში.

აი ამ სულისკვეთების, ევროპულობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ვინაიდან, მე ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა, იღებს აქციაში მონაწილეობას პირდაპირ ან ირიბად, უთანაგრძნობს ამ აქციას.

ამ რაოდენობაში არის ბევრი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ეს სწორად აღნიშნეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არ შეასრულებს ჩვენი მთავრობა იმ მოთხოვნებს, რაც წაყენებულია ევროკავშირის მიერ, მათ ემუქრებათ საკუთარი ელექტორატის დაკარგვის საფრთხე.

ეს სერიოზული გამოწვევაა, რომელსაც მმართველმა პარტიამ თვალი უნდა გაუსწოროს და ვფიქრობ, ესეც იქნება მათთვის მოტივაცია, იმ წნეხთან ერთად, რასაც განახორციელებს ზოგადად საზოგადოება, შეასრულონ ევროკავშირის მოთხოვნები,“ – აღნიშნა ვალერი ჩეჩელაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g