LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერი გელაშვილი: „როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, მაშინ ვილნიუსში ვიყავი და ახალი წლის საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა 4 მილიონის ჯარიმა გამომიწერა და საახალწლო საჩუქარი გამომიგზავნა“

112
ვალერი გელაშვილი

ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე მისი 2005 წლის ივლისში მომხდარი მისი ცემის შემთხვევა გაიხსენა.

როგორც ვალერი გელაშვილმა აღნიშნა, საავადმყოფოში გადასხმას უკეთებდნენ, რათა წყლით გავსებულიყო ფილტვები და გათიშულიყო.

„ჯავშნიანი მანქანა მყავდა და საქართველოში დაჯავშნილი მანქანით დავდიოდი. მყავდა პირადი დაცვაც. „თბილისი მარიოტის“ მეორე მხარეს მეყენა ღამით მანქანა და რაღაცები გადამიჭრეს, დააზიანეს და იძულებული ვიყავი, ავტომობილი სერვისში გამეგზავნა. გადავჯექი მეუღლის მანქანაზე და მივდიოდი ხაშურისკენ. ელიავას ბაზრობას გავცდი თუ არა, ორმა შინდისფერმა მანქანამ გამიკეთა ბლოკირება და უკნიდან, ავტობუსიდან გადმოხტნენ სპეცრაზმის ფორმიანი 7-8 კაცი. ჯერ ავტომატი დაცალეს, შოკირება მოახდინეს ტერიტორიის, ავტომობილის უკანა და გვერდითა შუშები ჩამიმსხვრიეს. დაცვა გადავიდა, ხელები აწია, მეც გადავედი. თავად იარაღი მქონდა, მაგრამ ხელი არ მოვკიდე, რადგან ჩამცხრილავდნენ, ხელები ავწიე. ნიღბები ეკეთათ და მათგან ერთ-ერთმა მითხრა, ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ილაპარაკებო, კონდახი მომარტყა სახეში. დავვარდი ძირს, მივხვდი, რომ უკვე ბოლომდე მიიყვანდნენ საქმეს. ყოფილი სპორტსმენი ვარ და ბლოკირება გავიკეთე სახის, რათა სახეზე დარტყმები ამეცილებინა. ოთხი ადამიანი დაახლოებით ნახევარი წუთის განმავლობაში თავში მირტყამდა ჩექმებით, ხელები სულ დაღვლეპილი მქონდა. მანქანასთან ახლოს მივედი და გავჩერდი, გავიყინე, რათა თავი დაენებებინათ, თუ ვიმოძრავებდი, თავს არ დამანებებდნენ. შემდეგ იარაღი ამომაცალეს და წავიდნენ. მაშინვე ავდექი, მაგრამ ვეღარაფერს ვხედავდი, თვალის უპეები მქონდა ძალიან დასიებული, სისხლი მომდიოდა.

იქვე სამრეცხაო იყო. ჩემი ბიძაშვილის მანქანაში იყო გოგონა და დაცვის ბიჭიც. იქ დამაჯინეს და მაშინვე დარეკა მეუღლემ ვილნიუსიდან. ვუთხარი, სასწრაფოდ თვითმფრინავი და გამიყვანე აქედან, თორემ არ მაცოცხლებენ-მეთქი. ეს ხდება 2005 წლის 14 ივლისს. თვითმფრინავი ჩამოვიდა 19 საათში, მანამდე

საავადმყოფოში სითხეს მისხამდნენ და შარდმდენს არ მიკეთებდნენ, რათა წყლით გავსებულიყო ფილტვები და გავთიშულიყავი. საავადმყოფო იყო მიხაილოვის, დღეს აღარ არის. 19 საათში თვითმფრინავი ჩამოვიდა, ჩემი სამეგობრო ექიმები ჩამოვიდნენ და თვითმფრინავში რომ გამსინჯეს, აღმოჩნდა, გაფრენა არ შეიძლებოდა, რადგან გავსკდებოდი, წყლით მქონდა სავსე ფილტვები. იქვე ერთი საათის განმავლობაში რეაბილიტაცია გამიკეთეს, სითხით გამათავისუფლეს და შემდეგ გავფრინდით ვილნიუსში. ექიმებმა, რეანიმატოლოგებმა გამომიყვანეს მდგომარეობიდან და გავფრინდი ვილნიუსში. სამ-ოთხ დღეში გავიკეთე შვიდსაათიანი ოპერაცია, თავის ქალა ჩამოხსნილი მქონდა, ფუძის ძვლის მოტეხილობა მქონდა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ამასთან, მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, მაშინ ახალი წელი იყო, ვილნიუსში ვიყავი და ახალი წლის საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა 4 მილიონის ჯარიმა გამომიწერა და საახალწლო საჩუქარი გამომიგზავნა. უბრალოდ დაწერა, გადასახადი გაქვს 4 მილიონიო, ჩემს კომპანიას დააკისრა და გამომიგზავნა, 12 საათამდე მოვიდა“. – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g