LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვამაყობთ იმით, რომ წინდები თბილისში იწარმოება“ – „ალტერსოქსი„ მალე ნიცაში, მონაკოსა და კანში გაიყიდება 

96
რეზი ბესელაშვილი

ქართული წარმოების წინდები უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება. სად ხდება „ალტერსოქსის“ წინდების წარმოება და რომელ ქვეყნები აპირებენ კიდევ პროდუქციის გატანას. „ალტერსოქსის„ თანადამფუძნებელმა რეზი ბესელაშვილმა „ბიზნესნიუსის“ პირდაპირ ეთერში ქართული ბრენდის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

 

რეზი, უკვე 7 წელია არსებობს „ალტერსოქსი“. საქართველოს რამდენ ქალაქში იყიდება თქვენი წინდები?

საქართველოში უკვე მე-7 წელია, რაც ვარსებობთ, მერვე წელი დაიწყო. ძირითადად, ვართ თბილისში, სადაც გვაქვს 6 ფილიალი, ასევე, გვყავს პარტნიორი ქუთაისში, გვაქვს ბრენდული მაღაზია ბათუმში, მაგრამ სხვა ქალაქების ტურისტულ ცენტრებშიც იყიდება ჩვენი წინდები. ძირითადად, მთავარ სავაჭრო ცენტრებში ვართ, გვაქვს სტენდები, ასე დავიწყეთ ჩვენი ბიზნეს მოდელი. ჯერჯერობით ამას ვაგრძელებთ და ვინარჩუნებთ.

 

კარგად იყენებთ „ექომერსსაც“, ონლაინ გაყიდვების მიმართულებით, ხართ საერთაშორისო პლატფორმებზე. რომელ საიტებზე იყიდება „ალტერსოქსი“?

„ექომერსს“ ანუ ელექტრონულ ვაჭრობას აქტიურად ვიყენებთ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ვიყიდებით amazon-ზე, ebay-ზე და ახლახან დავიწყეთ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პლატფორმაზე – Etsy, სადაც გავაკეთეთ ჩვენი მაღაზია. ძალიან დაგვეხმარა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც დაგვისაწყობა ჩვენი პროდუქცია ამერიკაში. შესაბამისად, ამერიკელ, კანადელ, ევროპელ მომხმარებელს პირდაპირ ამერიკიდან ვუგზავნით ჩვენს პროდუქცია.

რამდენად ხშირია შეკვეთა საერთაშორისო პლატფორმებიდან?

საკმაოდ ხშირია. ზოგადად, ელექტრონულ პლატფორმებზე, amazon-ზე, etsy-ზე ცოტა დრო სჭირდება, რომ მომხმარებელმა გაგიცნოს, შეფასება დაგიწეროს. რაც დრო გადის, მით უფრო მეტი იყიდება. ასევე, გააჩნია სეზონს, მაგალითად წინასაახალწლოდ, წინასაშობაოდ ძალიან ბევრი იყიდება, შემდეგ თებერვალში იკლებს, მერე ისევ იმატებს და ა.შ.

 

ზოგადად, ონლაინ გაყიდვები უფრო მეტი გაქვთ თუ ადგილზე გაყიდული პროდუქციის რაოდენობა?

საქართველოში ადგილზე ბევრად მეტი იყიდება, ვიდრე ონლაინ პლატფორმებზე, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე ვართ წარმოდგენილი. სტენდებზე საცალო გაყიდვები ბევრად მეტია, ვიდრე ონლაინ გაყიდვები.

 

სად იწარმოება წინდები და რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

სულ ვამაყობთ იმით, რომ წინდები იწარმოება საქართველოში, თბილისში, ჩვენს პარტნიორ წინდების ფაბრიკაში. „ალტერსოქსში“ ამჟამად 20 ადამიანია დასაქმებული.

 

გადავიდეთ ექსპორტის თემაზე. რამდენ ქვეყანაში ყიდით დღეს წინდებს და კიდევ სად გეგმავთ პროდუქციის შეტანას?

„ალტერსოქსი“ როდესაც დავაარსეთ, თავიდანვე ჩვენი ამბიცია იყო, რომ ბრენდი გამხდარიყო საერთაშორისო და გაყიდულიყო როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. სწორედ ამიტომ, ექსპორტი იყო ჩვენი მთავარი მიმართულება. 7 წლის თავზე ჩვენი პროდუქცია 10-მდე ქვეყანაში იყიდება, მათ შორის ძალიან მასშტაბურად გავედით წელს და შარშან იტალიაში, შარშან სიცილიაში და წელს ტოსკანას რეგიონში, სადაც უკვე ქართველი მომხმარებლებიც ხვდებიან ჩვენს წინდებს სხვადასხვა ტურისტულ ცენტრში. საფრანგეთში აქამდე მხოლოდ ონლაინ პლატფორმაზე ანუ ფრანგულ ამაზონზე ვყიდდით წინდებს, ახლა უკვე ვაკეთებთ ფრანგული თემატიკის წინდებს, რომლებიც გაიყიდება ლაჟვარდოვან ნაპირზე ე.წ. French Riviera-ზე, ნიცაში, მონაკოსა და კანში.

 

როგორი დიზაინის წინდები იყიდება უფრო მეტად ევროპაში და რომელია „ბესტსელერი“ საქართველოში?

საქართველოში ბესტსელერები არის ქართული თემატიკის წინდები, ხინკლებიანი, ხაჭაპურიანი, ფიროსმანის. ჩვენი მოდელები იყოფა ქართულ და არაქართულ მოდელებად. არაქართული მოდელები ძალიან პოპულარულია, მაგალითად აინშტაინი, სხვადასხვა მხატვრები, კლიმტი, მუნკი, და ვინჩი, ასევე, სკუტერიანი, ველოსიპედიანი წინდები ძალიან კარგად იყიდება საერთაშორისო ბაზრებზე.

„ვენდინგ მანქანაც“ გაქვთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომლითაც უფრო მეტად ალბათ მოგზაურები სარგებლობენ. თქვენი მთავარი სეგმენტი ვინ არის?

„ალტერსოქსს“ ჰყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლები. ზაფხულში, მაგალითად, როდესაც ბევრი ტურისტი გყავს, ისეთ სავაჭრო ცენტრებში, სადაც ტურისტები მეტ-ნაკლებად დადიან, აშკარად ემჩნევა ხოლმე გაყიდვებს, რომ უფრო მეტად უცხოელები ყიდულობენ. და რა თქმა უნდა, ქართველი მომხმარებლები, რომლებსაც მარკეტინგულად რამდენიმე სეგმენტად ვყოფთ, როგორც სტუდენტები, ასევე ცოტა უფროსები, ასევე, ადამიანები, რომლებიც ხშირად დადიან სამოგზაუროდ და დააქვთ ეს წინდები. რაც შეეხება „ვენდინგ მანქანას“, რომელიც განთავსებულია თბილისის აეროპორტში 2018 წლიდან, როდესაც ქართველი და არაქართველი მომხმარებლები მიდიან ქვეყნიდან, იქ ყიდულობენ წინდებს და მიაქვთ საჩუქრად ან თავისთვის.

 

„ალტერსოქსის“ უახლოესი გეგმები გაგვაცანით. თუ გეგმავთ ახალი დიზაინის წინდების შექმნას?

პანდემიამ ცოტა შეგვაფერხა, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, როდესაც წელიწადში 30-40 ახალი მოდელი გვქონდა ხოლმე. ალბათ, მომავალ კვირას გვექნება უკვე ახალი კოლექცია ჩვენს სტენდებზე. ზოგად გეგმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა ეს არის გაფართოება და უფრო მეტი საექსპორტო ბაზრის ათვისება.

 

როგორ იქმნება წინდების დიზაინი?

მე და ჩემი პარტნიორი ერთად დავსხდებით ხოლმე და ვუყურებთ, რა არის პოპულარული, რომელი თემაა ტრენდული. ჩვენც გვაქვს ხოლმე იდეები, სიას ვაკეთებთ და შემდეგ დაახლოებით 10 მოდელს ვარჩევთ, მე ვხატავ ხოლმე, ვაკეთებ დიზაინს. რაც არსებობს „ალტერსოქსი“, რამდენიმე ასეული წინდა მაქვს უკვე შექმნილი და პრინციპში უკვე გადავდივართ ახალ ეტაპზე, როდესაც ვეძებთ დიზაინერს, რომელიც იქნება ჩემზე უფრო მეტად მცოდნე და ჩახედული ამ საკითხში და ახალ სისხლს შემატებს დიზაინებსაც და ვეცდებით, რომ გავამრავალფეროვნოთ. გვქონდეს როგორც ნახატიანი, სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურებით, კოპლებიანი, ზოლებიანი, რომ სხვადასხვა გემოვნებას მოვერგოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g