LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანსა და ხონში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება

87

№54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სამოცივე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა.

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი – საინიციატივო ჯგუფის მიერ.

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად დღეს ამომრჩევლებს გადაეცემათ მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი.

ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის თქმით, არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს აშუქებს 19 მედიასაშუალების 504 წარმომადგენელი. ასევე, საარჩევნო სუბიექტების 461 წარმომადგენელი.

20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს და მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.
07:00 საათდან 24:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51; ასევე ონლაინ ჩატი.

ცესკოს განცხადებით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღის განმავლობაში გაიმართება 4 საინფორმაციო ბრიფინგი.

ვანსა და ხონში შუალედური არჩევნევის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც დეკემბერში ამ ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ლილუაშვილმა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და საქმიანობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ განაგრძო.

 

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g