შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილმა – მარიამ წილოსანმა, სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც მოსწავლეების მიმართ, მისი მასწავლებლის შეკითხვებსა და დამოკიდებულებებს ეხებოდა, ჟურნალისტებთნ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მოსწავლეების სურვილი იყო, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათი აზრი გამოეხატათ და ამიტომ, სკოლაში დროშებით და პლაკატებით მივიდნენ. მარიამ წილოსანი ამბობს, რომ მოსწავლეებს, მასწავლებლის ირინა წულაძის აზრიც აინტერესებდათ, რასაც ინციდენტი მოჰყვა:
„მისი აზრი იყო ის, რომ ბავშვები თბილისში სამარცხვინოდ და ცუდად იქცევიან, ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიციელებს, აზიანებენ ყველაფერს, მხოლოდ ერთი ვიღაც სცემესო…
მეთქი, კარგად არ გინახია ყველაფერი, რადგან მხოლოდ ერთი არა, უამრავი სცემეს და მართლაც რომ სიკვდილამდე მიიყვანეს. გულსატკენი არის ეს კადრები და გულსატკენი არის, ის სამარცხვინო ადამიანები, რომლებიც პოლიციის მოქმედებას ამართლებს.
ვუპასუხე, რომ სწორად იქცევიან-მეთქი ყველანაირად, მეც მათ გვერდში ვარ, თბილისში რომ ვოფილიყავი, მათ გვერდით დავდგებოდი და იგივეს გავაკეთებდი, რასაც ისინი აკეთებდნენ, თქო.
თურმე, მასწავლებელი ჩემგან ამ საქციელს არ მოელოდა და მისთვის გამოოგნებელი იყო ეს ყველაფერი, რომ მე ასე გმირულად ვიდექი და ჩემი წვლილი შემქონდა ქვეყნის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ხელები ასწია, მე არ გავაგრძელებ არაფერსო, გადიო, ასე მითხრა, თუ ეს ბავშვებიც მოგყვებიან, გამოგყვნენო. ვთქვი, რომ ვინც ჩემს გვერდით არის, ისინი გამომყვებიან და მართლაც მთელი კლასი ჩემს გვერდით აღმოჩნდა, ჩემთან ერთად დატოვეს საკლასო ოთახი.
ვაპირებ, რომ მამაჩემის გმირობა გავაგრძელო და მეც შევუერთდე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩემსავით ფიქრობენ და ყველანი ერთად ჩვენს ქვეყანას ვიცავთ.“ – უთხრა მედიას მარიამ წილოსანმა.