გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნინო ნაცვალაძე საქართველოში დაწყებულ ვაქცინაციას ეხმაურება.
მისი თქმით, ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების ფაქტი საქართველოში სამედიცინო რეფორმის გატარების აუცილებლობა დაგვანახა.
ნინო ნაცვალაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.
„ასე მგონია, რომ ვაქცინაციის დასაწყისი არსად ისე მტკივნეული არ ყოფილა, როგორც საქართველოში. ამას თავისი მიზეზები აქვს. მთავარი მიზეზი – ახალგაზრდა გოგონას სიკვდილია, რომელმაც გადაწონა ყველაფერი, დაადუმა და დაამუნჯა მთელი საქართველო. მართალია ექსპერტიზის დასკვნამდე არ უნდა აკეთებდე ადამიანი კომენტარს, მაგრამ მაპატით , თუ გავკადნიერდები და „ფეისბუქის“ ჩემს გვერდზე ჩემსავე ეჭვს და მოსაზრებებს გამოვთქვამ.
ძალიან მიჭირს დავიჯერო, რომ დღესდღეობით ვაქცინით გამოწვეული ანაფილაქსიური რეაქციებიდან ერთადერთი, ფატალური, თერაპიის მიმართ მდგრადი ანაფილაქსია მაინცდამაინც საქართველოში დაფიქსირდა.
მიჭირს არა იმიტომ, რომ ანაფილაქსიური შოკით გარდაცვლილი არ გამიგია, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს სამედიცინო სისტემის გამართულობაზე და ექსტრემალურ სიტუაციაში მზადყოფნაზე ჩემეული შეხედულება მაქვს.
მეგის გარდაცვალების შემდეგ უპირველესი სატკივარი, ცხადია, უდროოდ წასული ახალგაზრდა სიცოცხლეა… და მერე მოდის კითხვა:
რა უნდა უთხრა საზოგადოებას, ანტივაქსერებს კი არა, იმ ადამიანებს, რომლებიც გაორებულია და სვამენ ადექვატურ კითხვებს?!
როგორ გინდა დააჯერო, რომ თვითონ არ გახდება მორიგი მსხვერპლი?!
როგორ უნდა აუხსნა კიდევ, რომ ვაქცინა ჯერჯერობით ერთადერთი გონივრული საშუალებაა, რომ თავი დავაღწიოთ ამ წყეულ ვირუსს?! როგორ გინდა ერთ დღეში გააქარწლო ყველა ის მოსალოდნელი გვერდითი მოქმედების უვნებლობა, რომელზეც ბევრი მითქმა-მოთქმაა?! როგორ გინდა დღევანდელ საქართველოში , როცა მოქალაქეთა უმრავლესობა თითქმის დაუცველია, სხვისთვის თავგანწირვა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მოთხოვო საზოგადოებას?!
როცა ზუსტი და ამომწურავი პასუხების ნაცვლად მხოლოდ ეს გესმის:
“კოვიდსაც ხომ აქვს ამაზე მეტი გართულება?!…სარგებელი წონის რისკებს!”…. და ეს კი არ გამშვიდებს, არამედ გაღიზიანებს, რადგან იკეთებ გადარჩენისთვის და არა რისკისთვის! … და როცა ეს ყველაფერი იმ საცალფეხო და ჩამტვრეულ ხიდს ემსგავსება, რომელზეც ერთეულები დაღუპულან, მაგრამ გეუბნებიან: გაიარე, რადგან ათასობით ადამიანს გაუვლიაო.
ამ საყოველთაო პრობლემას დაემატა ჩვენს ქვეყანაში ინფორმაციის გაუმჭვირვალობა, ქაოსი, ტყუილი – კოვიდთან “მზადყოფნის” პირველი დღიდან დაწყებული, ვაქცინის დროული შემოტანით დასრულებული. სიმართლის და გამჭვირვალობის გარეშე კიდევ არ არსებობს საზოგადოების ნდობა.
არც დიდი საინფორმაციო კამპანია და სამზადისი მახსენდება ვაქცინის შემოტანამდე. ამას ემატება ნამდვილად მონდომებული ანტივაქსერული პროპაგანდა სამღვდელოების, სავალალო და გულდასაწყვეტი, როცა საეკლესიო პირი სამედიცინო სფეროშიც ექიმის ჭკუისდამრიგებელი ხდება.
ასე დამუხრუჭდა ვაქცინაცია საქართველოში, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში ვაქცინის რიგშია უამრავი ადამიანი, როცა პანდემიის მესამე ტალღის რეალური საფრთხეა, როცა ვირუსი ძლიერდება და მუტაციით გვემუქრება.
შექმნილ ქაოსში მთავარი მოთხოვნაა: “მზად ვარ ვაქცინა გავიკეთო, მაგრამ იქ , სადაც ჩემი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება”. ეს მოთხოვნა ეხება ხელისუფლებას და იმ ორგანოს, რომელიც ვაქცინაციას უზრუნველყოფს საქართველოში.
გასაგებად აუხსენით საზოგადოებას, რომ ეს ვაქცინა იმ სერიიდანაა, რასაც ცივილური ქვეყნები იყენებენ, რომ არავის მონარჩენი და გადაგდებული არაა. აუხსენით, რომ მართლაც არსებობს შესაძლო გართულებები, რომლებიც კვლევის საგანია დღესაც. ჯერ-ჯერობით არავის არსად საბოლოოდ არ დაუდასტურებია კავშირი ვაქცინასა და უკვე დაფიქსირებულ ცალკეულ, მაგრამ არსებულ გართულებებს შორის. ახლა მაინც გადაამზადეთ კადრები თეორიულად და პრაქტიკულად ვაქცინაციის გართულებებისთვის. გამოიყენეთ დიდი კლინიკები, მოიწვიეთ პროფესიონალი ექიმები ვაქცინაციის პროცესზე ზედამხედველობისთვის , ხალხის ნდობისთვის, აუხსენით, ელაპარაკეთ ადამიანებს ყველა იმ გამოკვლევებზე და შემთხვევებზე, რაც ყოველდღიურად იდება სამეცნიერო გვერდებზე. ასაუბრეთ კომპეტენტური ადამიანები: ბიოინჟინრები, იმუნოლოგები. განუმარტეთ ვისთვის არის საშიში და საფრთხილო ვაქცინის გაკეთება. ელაპარაკეთ ვირუსის ბუნებაზე და ქცევაზე, ისევ და ისევ აუხსენით ვაქცინაციის საჭიროება, თავის დაცვასთან ერთად აგრძნობინეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც.
პ.ს. აქვე პასუხს ვცემ ერთ-ერთ ჩემს გულწრფელ გულშემატკივარს მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე. არც ერთი ექიმი ვაქცინაციის პროპაგანდისთვის არ ფინანსდება რომელიმე ქვეყნის ჯანდაცვის ან რომელიმე ორგანიზაციისგან!
როცა ვაქცინის სიკეთეზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ადამიანის გადარჩენა გვინდა, გადარჩენა გვინდა სიკვდილისგან, გართულებებისგან და იმ საშინელებისგან, რაც კორონა ვირუსმა მოიტანა და კიდევ მოიტანს. ოღონდ სიკვდილის ფასად არა!… კი ,მეგი ჩვენც გვახსოვს… ჩვენც ვიცით, ვსწავლობთ და ვკითხულობთ შესაძლო გართულებებს. და მაინც ვიხრებით იქეთ, რასაც თითოეული თქვენგანის და კაცობრიობის გადარჩენა შეუძლია. ნეტა ექიმის თვალითაც შეგახედათ ამ ყველაფრისთვის…
და ბოლოს… ჩემს კლინაში , წლების წინ პაციენტი დაიღუპა ანალგინისგან გამოწვეული მძიმე ალერგიული რეაქციით … დიახ კლინიკაში, დიახ გერმანიაში!… კი, იმ ანალგინით, რომელიც ბევრს თავის ტკივილის ან სიცხის დაწევის მიზნით მიგიღიათ. არც ანალგინი ამოუღიათ მედიკამენტების სიიდან და არც მისი გამოყენება შეზღუდულა. პირიქით, ბოლო ხანებში, ყველა ოპერაციის ბოლოს სტანდარტულ, განსაკუთრებით ხშირმოხმარებად მედიკამენტადაც კი იქცა.
არ არსებობს წამალი და საექიმო მანიპულაცია რისკის გარეშე , უბრალოდ საჭიროა ამ რისკების ცოდნა და მათი მართვა.
იქნებ მეგის საბედისწერო შემთხვევა დასაწყისი იყოს საქართველოში სიფრთხილის და აუცილებლად საჭირო გასატარებელი სამედიცინო რეფორმის!“, – წერს სოციალურ ქსელში ნინო ნაცვალაძე.