„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი და ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანას მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში „სრული ჩავარდნა“ აქვს. მისივე თქმით, სერიოზული პრობლემებია ლოჯისტიკური, მენეჯმენტის და პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით.
ჩიხლაძე განმარტავს, რომ საზოგადოების იმუნიზაციის პროცესში ნაკლები ჩართულობა, არასწორი საინფორმაციო კამპანიით აიხსნება. მისივე თქმით, ადამიანებს ვაქცინის სხვა და სხვა სახეობის არჩევის საშუალება არ აქვთ.
„სრული ჩავარდნა იყო ვაქცინაციის და არის დღემდე. ივლისი დადგა და 2.6% ძლივს არის აცრილი. არ იყო ვაქცინები, ეხლა შემოვიდა ნაწილი, მაგრამ რაც იყო ხელმისაწვდომი, შევხედეთ, რომ ადამიანები არ რეგისტრირდებოდნენ. 43 ათასი დოზიდან 5000 გაბნეული იყო, ვერ გაიგეს სად დაიკარგა. ეხლა მილიონი დოზა შემოვიდა ვაქცინის, აქედან ეხლა რამდენი დოზა გაიბნევა ან დაიკარგება კაცმა არ იცის.
სერიოზული ლოჯისტიკური, მენეჯმენტის და პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემებია. რაც მთავარია, სახელმწიფომ არ აწარმოა სწორი საკომუნიკაციო კამპანია მოსახლეობასთან, რომ ჩართულიყო. ამის შედეგია, რომ ადამიანები არ ერთვებიან და იმის შედეგიც არის, რომ ვაქცინის სხვა და სხვა სახეობის არჩევის საშუალება არ აქვთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.