LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვარდების რევოლუციიდან“ 17 წელი გავიდა – საქართველოს გარღვევა თუ მორიგი იმედგაცრუება?

221
vardebi

„ვარდების რევოლუციიდან“ დღეს 17 წელი გავიდა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ დღეს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

საქართველო ამ დღეს გასული საუკუნის 90-იანი წლების სიბნელესთან ერთად ედუარდ შევარდნაძესაც დაემშვიდობა. ამ დღეს წერტილი დაესვა შევარდნაძის 11-წლიან მმართველობას.

ყველაფერი კი 2003 წლის 2 ნოემბერს დაიწყო, როდესაც საქართველოში არჩევნები გაიმართა. ეგზიტპოლების მონაცემებზე დაყრდნობით გამარჯვება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იზეიმა, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით გამარჯვებული „მოქალაქეთა კავშირი“ გახდა.

22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა ედუარდ შევარდნაძე მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, სხდომათა დარბაზში მომიტინგეები შეიჭრნენ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით.

შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი. დარბაზი დატოვეს სხდომაზე გამოცხადებულმა დეპუტატებმა, ასევე, პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიიდან წავიდნენ ხელისუფლების მომხრე მომიტინგეები.

სააკაშვილი, რომელიც დარბაზში ვარდით ხელში შევიდა, ტრიბუნასთნ ავიდა და შევარდნაძის კუთვნილი ჩაი დალია.

მოგვიანებით, მან აღნიშნა, რომ ჩაი არ იყო კარგი, რადგან ცივი იყო.

რევოლუციის ნათლია კი ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე გახდა, რომელმაც მოვლენების გაშუქებისას პირდაპირ ეთერში თქვა, „ვარდების რევოლუციას“ ვადევნებთ თვალსო“.

საქართველოს პარლამენტის შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს. მოგვიანებით მათ დაიკავეს ასევე სახელმწიფო კანცელარიის შენობა. პოლიციას ხელი არ შეუშლია მომიტინგეებისთვის, დაეკავებინათ პარლამენტისა და კანცელარიის შენობები.

ყველაფერი კი მაინც რუსეთთან შეთანხმებით გადაწყდა.

 

23 ნოემბერს, 20:00 საათზე გაიმართა შევარდნაძისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის შუამავლობით. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა.პრეზიდენტის გადადგომას სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოჰყვა.

24 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ გააუქმა 22 ნოემბერს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა.

ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობები დაიკავეს არასამთავრობო ორგანიზაციათა იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ რევოლუციაში.

საქართველო ელოდა, რომ დადგა ჟამი აყვავებისა, თუმცა გაივლის წლები და 2012 წელს საქართველო უარს იტყვის იმ ხელისუფლებაზე, რომელიც 2003 წელს დიდი ზარზეიმით თავადვე მოიყვანა.

შეიძლება ითქვას, ვარდების რევოლუცია ქართველების მორიგ იმედგაცრუებად იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები