LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარშავაში ეროვნული სტადიონი საავადმყოფოდ გადააკეთეს

183
920x920

პოლონეთის დედაქალაქში ეროვნული სტადიონი დროებით ჰოსპიტალად გადაკეთდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა და საავადმყოფოებში პაციენტების მიღება გართულდა.

როგორც მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, ვარშავაში, 58 000-იანი სტადიონი სულ მალე შეძლებს ასობით პაციენტის მიღებას.

საკონფერენციო დარბაზები აღიჭურვება სამედიცინო ინფრასტრუქტურით და სასუნთქი აპარატებით.

საველე ჰოსპიტლები, საჭიროების შემთხვევაში, ასევე მოეწყობა სხვა ქალაქებშიც.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში, პანდემიის დასაწყისში არც თუ ისე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, თუმცა მიმდინარე თვეში სურათი რადიკალურად შეიცვალა.

გასულ კვირას ხელისუფლებამ ზომები გაამკაცრა. ვარშავასა და სხვა დიდ ქალაქებში, რომლებიც ახლა “წითელ ზონებად” მიიჩნევა, ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა ქუჩებში. სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის პროცესი დისტანციურ რეჟიმში ხორციელდება. აიკრძალა საქორწინო ცერემონიები, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და რელიგიურ მსახურებაზე კი ადამიანების რაოდენობა შეზღუდულია.

ბოლო მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 175 766 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 573 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g