„სახლი ენერგიას ინახავს“ – ფრაზა, რომელიც ადრე მისტიკურად ჟღერდა, დღეს ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთ მთავარ ტრენდად იქცა. თანამედროვე ადამიანები სულ უფრო ხშირად აწყობენ საცხოვრებელ სივრცეს ვასტუსა და ფენ შუის პრინციპებით – საწოლის მდებარეობიდან დაწყებული, სინათლის, ფერებისა და მცენარეების განლაგებით დასრულებული. ეს ტენდენცია აერთიანებს უძველეს აღმოსავლურ სწავლებებსა და თანამედროვე ესთეტიკას, სადაც მთავარი მიზანი არა მხოლოდ ლამაზი ინტერიერი, არამედ შინაგანი სიმშვიდისა და ჰარმონიის შექმნაა.
ნათია კარიაული, ინტერიერის დიზაინერი, კომპანიის „N. S. Kariauli Studio“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:
– „N. S. Kariauli Studio“ 2021 წელს დაფუძნდა, დავაფუძნეთ მე და ჩემმა ბიძაშვილმა სოფო კარიაულმა, თუმცა მანამდე, 17 წელი, დამოუკიდებლად ვსაქმიანობდი. ძალიან გვიყვარს ჩვენი პროფესია, რადგან საოცრად დინამიკურია – ტენდენციები მუდმივად იცვლება და ჩვენც ვცდილობთ, ყოველთვის ფეხდაფეხ მივყვეთ მათ. შესაბამისად, სულ ვვითარდებით, სულ რაღაც ახალს ვსწავლობთ.
– იყო დრო, როცა სკეპტიკურად უყურებდნენ ინტერიერის დიზაინერის მონაწილეობას ბინის, სახლის დაგეგმარება-მოწყობის პროცესში. რა შეცვალა დრომ თქვენს საქმიანობასთან მიმართებით?
– დიახ, მაშინ როცა ამ სფეროში დავიწყე საქმიანობა, ნამდვილად არ ესმოდათ დიზაინერის ფუნქცია, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი მიხვდა, რომ როცა სარემონტო სამუშაოების პროცესში, რომელიც ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, დიზაინერი ერთვება, ბევრი რამ მარტივდება – იგი ისეთ ნიუანსებს ითვალისწინებს, რომელზეც ბინის, სახლის მეპატრონეს საერთოდ არ უფიქრია. ამასთან, ინტერიერის დიზაინერი ყველაფერს წინასწარ, თანმიმდევრულად გეგმავს. გარდა ამისა, როდესაც მან იცის, რა ბიუჯეტით მუშაობს, ზუსტად საზღვრავს, სად რა უნდა იყიდოს, მაგალითად, მასალები, ავეჯი, თუ კონკრეტული ნივთები. ერთი სიტყვით, პროფესიონალის დახმარებით ხარჯებიც რაციონალურად ნაწილდება, სარემონტო სამუშაოებიც ეფექტურად მიმდინარეობს და რაც მთავარია, იზოგება დრო.

– და ერთ დღესაც თქვენს საქმიანობაში ჩნდება ვასტუ შასტრა – სივრცის მოწყობის უძველესი ინდური სისტემა.
– შეიძლება ითქვას, რომ ის სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე და აღმოვაჩინე დაუოკებელი სურვილის წყალობით, რომ ინტერიერის დიზაინთან ერთად, კიდევ რაღაც განსაკუთრებული შემეთავაზებინა დამკვეთებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მიზიდავდა ეზოთერიკული თემები, თავდაპირველად ფენ-შუის სწავლა დავიწყე, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე გამიჩნდა შეგრძნება, რომ ის არ იყო ჩემი. თუმცა სწორედ ფენ-შუიმ მაპოვნინა ვასტუ. ვასტუ სწავლობს სახლის ენერგეტიკას, ანუ როგორ დავაბალანსოთ სახლი ენერგეტიკულად ისე, რომ ის იყოს ჩვენთვის ძალების აღმდგენი, ნავსაყუდელი. ალბათ, ყველას ჰქონია შემთხვევა, რომ საკუთარ ან სხვის სახლში, კონკრეტულ ადგილას თავს ვერ გრძნობ კომფორტულად, გამთქნარებს, გეძინება. ეს სწორედ ენერგიებითაა განპირობებულია. სხვათა შორის, როცა ვასტუს შესწავლა დავიწყე, თავდაპირველად ყველაფერს საკუთარ სახლზე ვცდიდი და იმდენად რეალური იყო იმის შედეგები, რასაც ვითვალისწინებდი, რომ წარმოუდგენელი იყო ამის არ დაჯერება, არ გამოყენება საკუთარ საქმიანობაში.
– ვასტუს შესახებ ინფორმაცია რომ მოვიძიე, ამოვიკითხე, რომ ვასტუ ეყრდნობა ბუნების ხუთ ელემენტს: მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი, სივრცე და რომ სახლში მათი სწორად განაწილება მნიშვნელოვანია.
– დიახ, ასევე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ სახლში არსებობს შემოდინების და გადინების სექტორები. შემოდინების სექტორები მდებარეობს აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხოლო გადინების სექტორები სამხრეთით, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით (არსებობს გარდამავალი სექტორებიც). ანუ ვასტუ გვიბიძგებს იმისკენ, რომ სახლში შემოვუშვათ რაც შეიძლება მეტი დადებითი ენერგია და ვეცადოთ, ეს დადებითი ენერგია არ გავიდეს გადინების სექტორებიდან. ვასტუში მნიშვნელოვანია ღერძებიც. ადრე სახლის შენების დროს მათ დიდ ყურადღებას აქცევდნენ, რადგან სახლი ასე მეტ ენერგიას ინახავს. სამწუხაროდ, დღეს ეს პრინციპები არ არის დაცული. ასევე კარგია გამჭოლი ბინები, რადგან ენერგიების სწორი ცვლა ხდება. დღესდღეობით საცხოვრებელ სივრცეებში ან მხოლოდ შემოდინების სექტორები გვხვდება ან სახლი ისეა აშენებული, რომ ცალმხრივი განათება აქვს და ისიც გადინების სექტორში. სხვათა შორის, ვასტუს მიხედვით, სახლში ქალის ენერგიაა წამყვანი, ამიტომაც ქალები უნდა ვეცადოთ, ყოველთვის ვიყოთ კარგ განწყობაზე და ენერგიით სავსენი, რათა ჩვენს სახლშიც ყველაფერი იყოს ძალიან კარგად. სექტორებს რომ დავუბრუნდეთ, კარგია, როდესაც სახლს ფანჯრები აქვს შემოდინების სექტორში, გადინების სექტორში კი ყრუ კედელი. თუ ყრუ კედელი არ გვაქვს, კარგია, თუ ამ სივრცეს დავტვირთავთ ავეჯით, ფარდებით. ფერსაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა – თუ შემოდინების სექტორებში მუქ ფერებს გამოვიყენებთ, ეს დაამძიმებს სიტუაციას და თუ გადინების სექტორებში გავაკეთებთ ღია ფერებს, არც ეს იქნება კარგი. ამიტომ, როგორც სამყაროში, ჩვენს სახლშიც უნდა იყოს ბალანსი ფერების, ნივთების და ა.შ.

– მიზანშეწონილია თუ არა სველი წერტილების გადინების სექტორში განთავსება?
– როცა სახლი შენდება, კი, ის შეგიძლია ისე დააპროექტო, რომ სველი წერტილები გადინების სექტორებში მოახვედრო, მაგრამ კორპუსის შემთხვევაში, მოგეხსენებათ, წყლის ცენტრალური სისტემა არსებობს, შესაბამისად, მას უნდა დავუკავშირდეთ და ისე მოვაწყოთ სველი წერტილები. სხვათა შორის, ვასტუს მიხედვით, სველი წერტილები არის ჩვენი უკმაყოფილებები, ამიტომაც, მაგალითად, თუ აღმოსავლეთ ნაწილში ხვდება სველი წერტილი, ადამიანს ბიზნესში დიდი წარმატება ვერ ექნება ან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნება. როდესაც ვასტუს რუკის მიხედვით ვუკეთებ სახლს ანალიზს, ზუსტ დახასიათებას ვიღებ იმ ადამიანების, რომლებიც ამ სახლში ცხოვრობენ.
– შესაძლებელია თუ არა კონკრეტული სივრცის ენერგეტიკული ველის გამოსწორება?
– რა თქმა უნდა, ვასტუ სწორედ ამისთვის არსებობს. მაგალითად, თუ შემოდინების სექტორში გვაქვს საპირფარეშო, იქ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ღია ფერები, თუმცა იმასაც გააჩნია, შემოდინების რომელ სექტორთან გვაქვს საქმე – როცა ჩრდილოეთ სექტორშია, იქ უფრო ცივ ტონებს გამოვიყენებთ, აღმოსავლეთით უფრო თბილ ტონებს. გადინების სექტორებში ვიყენებთ, მაგალითად, ნაცრისფერს, ყავისფერს. თუ სამხრეთ ზონაში ხვდება საპირფარეშო, იქ უფრო ტერაკოტას, მწვანე ტონებს ვანიჭებთ უპირატესობას.
– დიდი მნიშვნელობა აქვს საძინებლისა და სახლში სარკეების ადგილმდებარეობასაც.
– დიახ. საძინებელი სახლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, იმიტომ, რომ ძილის დროს ვახერხებთ ენერგიის აღდგენას. ვასტუს მიხედვით, ადამიანის ორგანიზმში ენერგიის აღდგენა ხდება ქვედა ჩაკრებიდან, ამიტომაც ლოგინი ისე უნდა დავდგათ, რომ ფეხებით ვიყოთ შემოდინების სექტორებისკენ. რაც შეეხება სარკეს, საძინებელში ხშირად კიდებენ მას. ეს ნივთი საძინებელში, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სარკე ერთგვარი პორტალია, მასში საწოლი არ უნდა ირეკლებოდეს. ადამიანი, რომლის სხეულიც საძინებელში სარკეში ირეკლება, ყველაზე ხშირად უჩივის უძილობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ როდესაც სარკეში ვიყურებით, უნდა ვიყურებოდეთ შემოდინების სექტორებისკენ, რადგან როდესაც შემოდინების სექტორში კიდია სარკე, ძლიერდება დადებითი ენერგიის შემოდინება და როცა გადინების სექტორისკენ იყურები, სარკე ისრუტავს შენს ენერგიას.
– თუ სარკეს ფიზიკურად ვერ ვაადგილებთ საძინებელში, მისი დაფარვა არის გამოსავალი?
– დიახ, არსებობს დეკორატიული ფირები, შესაძლებელია სარკის გადაღებვაც ან მარტივად, შეგიძლიათ ფარდა ან ნაჭერი ჩამოაფაროთ.
– და ბოლოს, ნათია, ხელოვნურ ინტელექტსაც შევეხოთ. ეს ტექნოლოგია უფრო და უფრო მეტად იჭრება ჩვენს ცხოვრებასა და საქმიანობაში, დარწმუნებული ვარ, თქვენს სფეროშიც. დღეს უკვე ხელოვნურ ინტელექტსაც შეუძლია დაგვიპროექტოს სახლი, გაითვალისწინოს მათ შორის ფენ-შუის, ვასტუს ძირითადი პრინციპები, ამიტომაც საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რა შემთხვევაში არ დაკარგავს ინტერიერის დიზაინერი ფუნქციას?
– ხელოვნური ინტელექტი მართლაც დიდი დოზითაა ჩვენს სფეროში შემოჭრილი. ხშირად მოდიან ჩვენთან ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროექტებით და ჩვენ უბრალოდ აზრს გვეკითხებიან. კი, ჩვენც ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს და ის ბევრ რამეში ძალიან გვეხმარება, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ადამიანურ რესურსს, იმიტომ, რომ როცა ჩვენ პროექტს ვაკეთებთ, ვასტუს გარეშეც, დამკვეთთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია, ვერკვევით იმ ადამიანის სურვილებში, განწყობებში, ცხოვრების წესში და ყოველთვის მასზე გვაქვს მორგებული სახლი, მან უნდა იგრძნოს იქ თავი კარგად. შეიძლება ტრენდები იყოს სხვა, იმ ადამიანისთვის კი მის პირად სივრცეში სხვა რამ იყოს საჭირო. ხელოვნური ინტელექტი ასეთ ნიუანსებს ვერ გაითვალისწინებს. მან შეიძლება მოგცეს იდეები, ინფორმაცია, მაგრამ ვერ შეძლებს ამ ყველაფრის კონკრეტულ ადამიანზე ზუსტად მორგებას. ხელოვნურმა ინტელექტმა, რა თქმა უნდა, იცის ვასტუ, თუმცა პატარ-პატარა შეცდომებში გამოვიჭირეთ, ამასთან, ის ვერ აკეთებს რუკას, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიონალები შეუცვლელები იქნებიან.