რუსეთ-უკრაინის ომი, სამშვიდობო პროცესზე რუსეთის დაყოლიება, კრემლის მოთხოვნები კვლავ რჩება ნომერ პირველ მსოფლიო პრობლემად. შეთანხმების მიღწევა რთულია. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ისიც კი თქვა, რომ თუ ვერ შეთანხმდნენ, ეს მესამე მსოფლიო ომამდე და ბირთვული იარაღის გამოყენებამდე მიიყვანს. ამასობაში სულ უფრო ეცვლება განწყობა დონალდ ტრამპს, რომელსაც აღარ მოსწონს ვლადიმირ პუტინის მოქმედებები და ღიადაც საუბრობს ამაზე. რუსეთს კი საკუთარი მოთხოვნები აქვს, რაც ბუნებრივია სრულიად მიუღებელია უკრაინული მხარისთვის და არც ევროპა აპირებს მიიღოს რუსული მოთხოვნები.
ძირითადად სწორედ ამ თემაზე ისაუბრა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა, რომელიც სხვა აქტუალურ საკითხებსაც შეეხო, როგორებიცაა – ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბული ვითარება; აშშ-ჩინეთის სატარიფო ურთიერთობა, რაც მთელ სამყაროზე მოახდენს გავლენას; კიდევ ერთი ცხელი წერტილი – ირანი და მისი ბირთვული პროგრამა და მოლაპარაკებების პროცესი აშშ-სა და ირანს შორის.
„რუსეთი ცდილობს ჩაშალოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და გააგრძელოს ომი. არ იყო რთული საპროგნოზო, რომ ასე მოიქცეოდა. რუსეთს სურს, რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ქონდეს უკრაინაში და მეტი ტერიტორია დაიპყროს. თუმცა ამასთან აქვს სერიოზული პრობლემები. უკვე თითქმის წელიწადია ვერაფერ სერიოზულს ვერ აღწევს, პირიქით, კარგავს გარკვეულ ტერიტორიებს. უკრაინელები ახერხებენ მცირე ტერიტორიების დაბრუნებას, ხოლო რუსეთი ვერ ახერხებს სრული კონტროლის დამყარებას ხერსონისა დ ზაპოროჟიეს რეგიონებში, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ესაა რუსეთის მოთხოვნა.
აშშ-ში განაცხადეს, რომ ყირიმის რუსეთად აღიარება იქნებოდა ომის დასრულების გასაღები. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩამოაყალიბა მოთხოვნები – ყირიმი, ასევე დონეცკი, ლუჰანსკი, ზაპოროჟიე, ხერსონი მთლიანად უნდა აღიარონ რუსეთის ნაწილად და გაიყვანონ უკრაინული შეირაღებული ძალები.
მეორე – ისევ და ისევ გრძელდება დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მოთხოვნა. ალბათ გულისხმობენ ზელენსკის ხელისუფლების ცვლილებას და შეიარაღების რაოდენობის შემცირებას და დასავლეთისგან მიწოდებული შეიარაღების გატანას.
მესამე – სანქციების სრულად მოხსნას;
მეოთხე – რუსული ენის უკრაინაში სახელმწიფო ენად დაწესებას და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შეუფერხებელ მოქმედებას.
უკრაინელების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცხადია. ისინი არასდროს არ აღიარებენ მიტაცებულ ტერიტორიებს.
ტრამპსა და პუტინს შორის, აშშ-ს ადმინისტრაციას და კრემლს შორის, როგორც ჩანს, ვერ წარიმართა პოზიტიურად საუბარი, რადგან ტრამპი სულ უფრო მეტად გამოთქვამს უკმაყოფილებას, განცვიფრებას, გაკვირვებას, რომ რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას, დაბომბვას. ტრამპმა პირადად გამოხატა უკმაყოფილება და ბრაზი – ვლადიმირ გეყოფა, გაჩერდი, ნუ კლავ ადამიანებს!
ტრამპი პასუსისმგებლობას აკისრებს ჯო ბაიდენს და არ ავიწყდება არც ობამა, როდესაც 2014 წელს უკრაინამ ერთი გასროლის გარეშე ჩააბარა ყირიმი რუსებს.
ზელენსკის მიმართაც იყო კრიტიკული, მაგრამ გარკვეულწილად შეიცვალა ტონალობა მას შემდეგ, რაც ვატიკანში მათი სახასიათო შეხვედრა ვიხილეთ.
ამ შეხვედრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ბევრს აკეთებს, სჭირდება მეტი იარაღი. გაკვირვებული და გულნატკენი ვარ, რომ რუსეთი აგრძელებს ქალაქების დაბომბვას და მრჩება შთაბეჭდილება, რომ პუტინს არ სურს ომის დასრულება. მას სურს ჩემი ჩართვა გრძელვადიან მოლაპარაკების პროცესში, როდესაც გააგრძელებს უკრაინის დაბომბვას. უნდა ვიფიქროთ სანქციებზე – ასეთი იყო ტრამპის შეფასებები.
პუტინმა გარკვეულწილად დასწრებაზე ითამაშა და საცხრამაისოდ, 7-10 მაისის ჩათვლით გამოაცხადა, რომ შეწყდება საომარი მოქმედებები და ეს კეთილი ნების ჟესტია. ამას გამოეხმაურნენ აშშ-ში. თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ კეთილი ნების ჟესტი კარგია, მაგრამ ახლა საუბარია გრძელვადიან მშვიდობაზე და სრულფასოვან ომის დასრულებაზე.
ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ ყირიმის უკრაინისგან მოწყვეტის აღიარებას და ბუნებრივია იგივე დამოკიდებულებაა რუსეთის მიერ მიტაცებულ სხვა ტერიტორიებზეც.
კაპიტულანტური გადაწყვეტილების მიღება არ იქნება მხოლოდ უკრაინის მარცხი. ეს იქნება მსოფლიო წესრიგის ჩამოშლა. ბევრ ქვეყანას აქვს სხვა ქვეყნების მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები და პრეცენდენტის დაშვება გახდება გაეროს წესრიგის გაცამტვერება და სამომავლოდ ყველა მსგავს შემთხვევაში ძალის გამოყენებაზე იქნება დამოკიდებული“.
ფოტო: abcnews