„მთავარ არხს“ დილის გადაცემაში სპორტსმენები სტუმრებოდნენ, მათ შორის იყო ცნობილი კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი, რომელმაც 5-6 ივლისის მოვლენებზე ისაუბრა.
ვატო ნაცვლიშვილი:
„ჩემი გამოცდილებიდან, რაც ჩემი ცხოვრების განმავლობაში მინახავს, ჯანსაღმა ადამიანმა, თუ პირადი შეურაცხყოფა არ მიიღო და კონფლიქტი არ აქვს, ვერ ვიგებ, როგორ შეიძლება, ხელი აღმართოს მასზე, ვისთანაც არანაირი შეხება არ მაქვს. ყოველდღიურობაში ვხვდებით ამ აგრესიას. მარტივად რომ ვთქვათ, პურის რიგში, დაწყებული 90-იანი წლებიდან, რამდენი ადამიანი შეეწირა ამას… რა გვჭირს, ხალხო? როდის უნდა დამთავრდეს ეს? ამბობენ, განათლებაო… ჩვენ სპორტსმენები ვართ, იელი არც ერთს არ დაგვიმთავრებია, მაგრამ გვაქვს ადამიანური შეგნება და ოჯახიდან მიღებული უნარ-ჩვევები, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი და არ გვძულდეს. ვამბობთ, 21-ე საუკუნეაო. ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გამოიარა ეს გზაგასაყარი, ჩვენი კი იმხელაზე გაიწელა, რომ სწორ გზას ვერ დავადექით. უნდა ჩამოვაყალიბოთ სამართლებრივი ქვეყანა. არ უნდა ვაშენოთ პათეტიკურ სადღეგრძელოებსა და ლოზუნგებზე აგებული ქვეყანა. ქვეყანაში კანონი უნდა იყოს უზენაესი. შეგრძნება უნდა გქონდეს, რომ შეიძლება, მოგივიდეს პირადი კონფლიქტი, ვიღაც დაზარალდეს, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ამის მერე პასუხი მოგეთხოვება. ამ ქვეყანაში დააბრუნეს ისევ ძველი დრო. ჩვენს ქალაქში გოიმი იყავი, თუ წითელზე აჩერებდი. ეს მენტალიტეტი უფრო გაღვივდა. წითელზე არ ვაჩერებდით, პურის რიგში ერთმანეთს ვხოცავდით. ახლა ლგბტ თემით შეფუთეს ჟურნალისტების პასუხისგება იმ წლებზე, როდესაც ვიღაცებს არ აწყობთ, რასაც ეკრანებიდან ვისმენთ. ესაა ამ დღეების ჩემეული აღქმა…“