საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებით „ძალიან გაკვირვებული“ დარჩა, ვინაიდან პრეზიდენტის მხრიდან ვიზიტებთან დაკავშირებით განაცხადი არ შესულა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„პრეზიდენტს ვუსმენდი და გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გაკვირვებული დავრჩი. შემდეგ ვცადე მომეკითხა ეს ამბავი და როგორც გავიგე, მსგავსი არაფერი ყოფილა. მე რაც ვიცი, მსგავსი განაცხადი არ შესულა.
თუმცა, დავუშვათ, რომ შესულიყო მსგავსი განაცხადი, როდესაც ამ ჩამონათვალში არის უკრაინა, მე არ მიმაჩნია, რომ უკრაინაში წასვლა პრეზიდენტის მხრიდან სწორი იქნება, ან მთავრობის მეთაურის მხრიდან, მაშინ როდესაც ქვეყანას გაწვეული ჰყავს საქართველოდან ელჩი, ძალიან მკაფიო განცხადებით: „იმიტომ გავიწვიეთ, რომ მან ვერ შეძლო საქართველოს ომში ჩართვა“ – ასეთი წინადადებები იყო და „მაშინ დავაბრუნებით, როდესაც საქართველოსგან მეგობრულ ნაბიჯებს დავინახავთო“. ეს ისეთი განცხადებაა, რომლის შემდეგაც სახელმწიფოს მეთაური, ან მთავრობის მეთაურის ჩასვლა არ იქნებოდა მიზანშეწონილი, სანამ ეს პოზიცია არ გადაიხედება უკრაინელი მეგობრების მხრიდან“,-აღნიშნავს სუბარი.
მან პრეზიდენტის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით არ უნდა გადავყვეთ არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს.
როგორც სუბარი განმარტავს, პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება „უსამართლო და არასწორია“, განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, „თუ რას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი და რა დემოკრატიული ცვლილებები განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის შეცვლის შემდეგ“.
