LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვცდილობ, ხმაურს გავერიდო… მუხათწყაროში სახლის მშენებლობა გამეჭიმა, რადგან ბინა თბილისშიც ვიყიდეთ“ – ახალი ეტაპი ლევან ხურციას ცხოვრებაში

540
levan-xurcia-1-1702804821

2023 წელს, რუსთაველის ეროვნული თეატრის 145-ე სეზონი „მიჯაჭვული პრომეთე“ – ეპიზოდი პირველის პრემიერით გაიხსნა. მალევე მაყურებელს ძველი ბერძნული პიესის მიხედვით განხორციელებული სპექტაკლის უკვე მეორე ნაწილი წარუდგინეს. მოგვიანებით, რეჟისორმა რობერტ სტურუამ მათი გაერთიანება გადაწყვიტა და 3 დეკემბერს თეატრში მისულმა საზოგადოებამ ორმოქმედებიანი ტრაგიკული ფანტაზია, ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთე“ იხილა.

კლდეზე მიჯაჭვული ტიტანის როლს ლევან ხურცია ასრულებს, რომელსაც რთული მისია დაეკისრა. აღნიშნული პერსონაჟის განსახიერება, ამ ეტაპზე, მის სამსახიობო კარიერაში შეიძლება ყველაზე გამოკვეთილ და მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვალოს.

ლევან ხურციასთან ინტერვიუ ჟურნალმა „გზამ“ ჩაწერა.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან.

– მუხათწყაროში სახლს იშენებდით, შენი ხელით აკეთებდი ბევრ რამეს. მშენებლობა ახლა რა ფაზაშია?

– თითქმის ბოლოში გავედი. ყველაფერს სწორედ ჩემი ხელით რომ ვაკეთებდი, დროის უქონლობის გამო, მშენებლობა დიდი ხნით გაიჭიმა. თბილისშიც შევიძინეთ საცხოვრებელი ბინა და მისი რემონტის გამო, მუხათწყაროში სამუშაო პროცესი გარკვეული პერიოდი შევაჩერეთ. ისე გამოვიდა, ორ რემონტს მოვეჭიდე. სამწუხაროდ, დღევანდელ ცხოვრებაში ორი ფართობის კეთილმოწყობა არ გამოდის, მაგრამ მივყვებით ნელ-ნელა. მომავალში ეზოში ხეხილსაც დავრგავ. ძალიან მიყვარს მიწა და მასთან მუშაობა. ალბათ ამ ეტაპზე რომ გადავინაცვლებ, სულ იქ ვიქნები და თვალს ვეღარავინ მომკრავს.

– მშენებლობისას რა აითვისე? რას დაეუფლე?

– ყველაფერი: შედუღება, ლესვა, ფასადის კეთება, სანტექნიკა. შინ თუ რამე დაზიანდება, ხელოსანს აღარ ვურეკავ. აბსოლუტურად ყველა ხელსაწყო მაქვს: ბეტონის ამრევით დაწყებული, პატარა ქანჩებით დამთავრებული. ადამიანები სადმე რომ მიდიან, ტანსაცმელს ყიდულობენ, მე კი ხელსაწყოებს დავეძებ… სხვათა შორის, ძალიან ბევრჯერ, იმიტომ რომ საქმეში ვარ ჩართული, სადმე დაჯდომასა და გართობაზე უარს ვამბობ. სულ ვცდილობ, მეგობრები და ის ხალხი, ვინც მიყვარს, მუხათწყაროში მოვიდნენ, რადგან იქ უფრო დიდი ხალისი მაქვს. „პრომეთეზე“ მუშაობის დროს, წელიწადზე მეტი, ის მეგობრები, ვინც თეატრის შიდა სამზარეულოს არ იცნობენ, რომ მირეკავენ, თავიდან 2 წუთი ტელეფონს ყურიდან ვიშორებ, რადგან იქიდან ლანძღვა-გინება მესმის და მერე სიყვარულის ახსნა იწყება. ამ საყვედურების გამო ვერც გაამტყუნებ, რადგან მათ არ იციან, როლზე მუშაობის დროს რა ხდება. შეიძლება ფიზიკურად რაღაც მომენტში მოიცალო, მაგრამ აზრობრივად, სულიერად სულ პერსონაჟზე ფიქრობ და გონებით თეატრში ხარ. ასე თუ არ იცხოვრე, სხვანაირად არ გამოდის. დიდი მსახიობები, რომლებმაც ეპოქები შექმნეს, როცა ამბობდნენ, თეატრი საკუთარ თავზე მეტად უნდა გიყვარდესო, ეს ახალგაზრდობაში ცოტა არ მესმოდა, საამისოდ გამოცდილება არ მყოფნიდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ თურმე ასე ყოფილა, თეატრი თუ ბუნებრივად საკუთარ თავზე მეტად არ შეგიყვარდა, ის ყველაფერი, რისთვისაც შრომობ, შედეგს არ მოიტანს.

– დღეს არის ეს ტენდენცია, რომ ბევრი ადამიანი თბილისს გაერიდა, ქალაქგარეთ გადასახლდა. შენც ეს ხომ არ გაქვს გეგმაში?

– ეს ტენდენცია ახლა დაიწყო და მე ჯერ კიდევ 7 წლის წინ დავიწყე ქალაქიდან „გადასახლება“, უბრალოდ, ჯერ ვერ „გადავსახლდი“ (იღიმის)… ზოგადად, ევროპის დიდი ქალაქების მოსახლეობას ყოველთვის უყვარდა ქალაქგარეთ ყოფნა და ცხოვრება. ქალაქში გასართობად და საქმის გამო ჩამოდიან, თორემ დაბინძურებულ ჰაერში, ხმაურსა და საგიჟეთში ყოფნას, ქალაქგარეთ ყოფნა სჯობს. ამას მეც სიამოვნებით ვაკეთებ. ვცდილობ ხმაურს გავერიდო და სულ წყნარ ადგილებს ვეძებ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g