ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემას ,,ღვინო, დუდუკი, ქალები” ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე და დათო ლონდარიძე სტუმრობდნენ ოთარ რამიშვილის არაჩვეულებრივი ჰანგის ”გული უმღერის გულს” პრემიერით. ეთერის მსვლელობისას ბიჭებმა ორი, ლამაზი ცოცხალი შესრულება შემოგვთავაზეს. ასევე მათ ისაუბრეს სტუდენტურ პერიოდზე, როდესაც ერთმანეთი გაიცნეს და დამეგობრდნენ.
როგორ ხართ ბიჭებო?
ისეთ პოზიტიურ ადამიანთან და გადაცემაში ვართ სტუმრად, რომ შესაბამისად კარგად ვართ.
მოგვიყევით თქვენს მეგობრობაზე..
ანდრია გველესიანი:
როგორც მე და ცხადო მოვდივართ პირველი კურსიდან ერთად და ვართ მსახიობები, ასევე მე და ლონდარაც მოვდივართ მუსიკალურად ერთად, ჯეოსტარიდან. 2010-2012 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს.
გიორგი ცხადაძე:
მე და ანდრია პირველი კურსიდან ერთად მოვდივართ, მახსოვს როგორ შემოაღო უნივერსიტეტის კარი გიტარით ხელში. ერთმანეთისთვის ძალიან ძვირფასი და ახლო ადამიანები ვართ. ამ პროექტმა კი კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა.
გაიხსენეთ პირველი თქვენი ერთობლივი წაღიღინება..
გიორგი ცხადაძე:
პირველად Jason mraz-ის უცხოური ჰიტი I’m yours-ს ვიმღერეთ, ერთი დანგრეული გიტარა გვქონდა და შეძლებისდაგვარად ვმღეროდით.
ანდრია გველესიანი:
მესამე კურსს ვამთავრებდი, რომ მოვხვდი ახმეტელის თეატრში. მეოთხე, რომ დავამთავრე ცხადოც მოვიდა. ჩემი მეუღლე, მაიკოც ჩვენთან იყო. ჯგუფიდან ბევრნი მოვხვდით ერთ თეატრში. ეს კიდევ ბევრს ნიშნავს. შემდეგ იყო ჯეოსტარი, სადაც ლონდარა შემოგვიერთდა და ერთად ვითარდებით.
დათო ლონდარიძე:
12 მონაწილეში ეს ადამიანი ძალიან განსხვავებული იყო, მასში ელვის პრესლი დავინახე.
ძირითადი მამოძრავებელი ძალა გარდა ხელოვნებისა, რა არის?
გიორგი ცხადაძე:
ჩვენთვის მთავარი ღირებულება მეგობრობაა, ამის გარეშე არაფერი არ ხდება. ეს არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ სუფრას და ქეიფს. ბალანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით ვსაუბრობთ შემოქმედებაზე, მუსიკაზე, სპექტაკლსა და გადაღებაზე. მეგობრობა და საქმე, როდესაც ერთმანეთს ერწყმის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
დათო, როგორ გრძნობ თავს ორ მთას შუა?
ცხადომ კარგად თქვა, ზედმეტად არ ვტვირთავთ ერთმანეთს. ყველაფრის ბალანსი გვაქვს. კონცერტისთვის ერთი დღით ადრე ვემზადებით, მივირთმევთ ყავას და ვსაუბრობთ შემოქმედებაზე, შეხმატკბილებულად.
ანდრია გველესიანი:
ყველაზე მეტად პანდემიური რეპეტიციები მიყვარს. მე და ლონდარა ერთ ძალიან კარგ პროექტზე ვმუშაობდით, სადაც მთელი მუსიკალური ხელმძღვანელობა ლონდარაზე იყო. ყოველ საღამოს ფეისბუქის მეშვეობით ვიდეო ქოლს ვანხორციელებდით.
დათო ლონდარიძე:
იმ პერიოდში, როდესაც მივხვდი, რომ სახლში უნდა ვყოფილიყავი პროტესტი გამიჩნდა საკუთარი თავის. მუსიკა მინდოდა დიდი დოზით, ავიყვანე ბავშვები და ახალი პროფესია აღმოვაჩინე.
სიმღერა ”გიორგობის თვე” პანდემიის პერიოდში ჩაიწერა და დაპრემიერდა.. გიორგი რა გრძნობაა შვილი?
რაც არ უნდა ახსნა ეს ყველაფერი, ისე ვერასდროს ვერ გამოხატავ რეალურად რა გრძნობაცაა მამობა. ყველა მამას თავისი შვილი განსაკუთრებულად უყვარს, თუ კი რამე გამიკეთებია ცხოვრებაში ვფიქრობ, რომ ”გიორგობის თვე” ყველაზე ღირებული იყო, რაც შევქმენი. იგივე ბედნიერება აქვთ ბიჭებსაც, დათოს შვილზე საერთოდ გავგიჟდი. მუსიკა უყვარს ძალიან, 4 საათი რეპეტიციაზე გვყავდა და ხმას არ იღებდა.
ახლა კი ვისაუბროთ ოთარ რამიშვილის არაჩვეულებრივ ჰანგზე ”გული უმღერის გულს”..
გიორგი ცხადაძე:
ვეცადეთ, რომ სიმღერა ყოფილიყო სადა და ლაღი. დიდი პასუხისმგებლობა გვქონდა იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ადამიანი ასრულებს ამ სიმღერას. არ უნდა დაგვეკარგა ხიბლი და ასევე განსხვავებულიც უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ეს ჩანაფიქრი გამოგვივიდა. ჩაიწერა მარიკა ქაცარავას სტუდიაში.
ანდრია გველესიანი:
მე და გიორგი ამ სიმღერას თეატრალურ უნივერსიტეტში ვასრულებდით. ჩვენი პირველი დუეტი იყო ”ქალი ზღვის პირას დგას”. არ დავუკარგეთ ის პირველი ნაპერწკალი, როგორც სტუდენტობისას ვასრულებდით. შემოგვემატა ლონდარა და მთელი სურათი შეიკრა. ოთარ რამიშვილი ბაბუაჩემის უახლოესი მეგობარი იყო, ვერელი. ერთად იზრდებოდნენ. ბავშვობიდან მის პირველივე კასეტას ვუსმენდი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მის ჰანგზე გავიზარდე.
ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე & დათო ლონდარიძე – გული უმღერის გულს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე და დათო ლონდარიძე – დრო. Live
ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე & დათო ლონდარიძე – შავთვალა. Live
ანდრია გველესიანი, გიორგი ცხადაძე და დათო ლონდარიძე. გადაცემა “ღვინო დუდუკი ქალები”.
ფოტოები