LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენა – რჩევები ვენაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

2843
ვენა (1)

ვენა არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. აქ რომაულ ლეგიონებსაც გაუვლიათ და ბარბაროსებსაც, რომლებიც მოგვიანებით რაინდებმა შეცვალეს. ერთ დროს ვენასთან შეაჩერეს მონღოლების ურდოები, აქ დაამარცხეს ოსმალები.
დღეს კი ვენა არის ვალსის, ხელოვნების, გალერეების, მუზეუმებისა და დახვეწილი პარკების ქალაქი. ამასთან, ქალაქი იმპერიულ სულს ინარჩუნებს. ვენამ შეინარჩუნა დიდი დედაქალაქებისთვის დამახასიათებელი უამრავი ნიშან-თვისება: დიდებული ტაძრები, მდიდრული რეზიდენციები, თეატრები, საოპერო დარბაზები, ფართო გამზირები. როგორ არ უნდა ახსენო მოცარტი, შტრაუსი, შტრუდელი, შნიცელი და ყავა. მოკლედ, ვენა დამსახურებულად მიიჩნევა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს და საინტერესო ქალაქად.

 

ვენის რაიონები

ავსტრიის დედაქალაქი 23 ნაწილად არის დაყოფილი. თითოეულს თავისი სახელი და ნომერი აქვს. რაიონი №1, იგივე შიდა ქალაქი – ისტორიული ცენტრი და ტურისტების მიზიდულობის ადგილია.

მე-2-დან მე-9-მდე რაიონები მთავარ რაიონს ესაზღვრებიან და თანამედროვე ცენტრად მიიჩნევა. ღირსშესანიშნაობები აქაც ბლომადაა, თანაც აქ სასტუმროს ნომრები უფრო იაფია, ვიდრე ცენტრში.

 

შიდა ქალაქთან ახლომდებარე რაიონები

ლეოპოლდშტადტი (№2) – მშვიდი მწვანე რაიონი. მთავარი ღირსშესანიშნაობა – პარკი „პრატერი“.

ლანდშტრასე (№3) – ხალხმრავალი ნაწილი, ამ ტერიტორიაზეა ბელვედერის სასახლე და ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ტაძარი.

მარიახილფი (№6) – სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი. აქ მდებარეობს ყველაზე გრძელი სავაჭრო ქუჩა Mariahilfer Strasse. ასევე არის „ნაშმარკტ“ ბაზრობისა და დასავლეთის სადგურის ნაწილი.

მაღაზიების ქუჩის ნაწილი მოდის მე-7 რაიონზე – ნოიბაუ. აქ არის მუზეუმების კვარტალიც, ხოლო ზამთარში იმართება საშობაო ბაზრობები.

მე-8 რაიონში – იოზეფშტადტი – ცხოვრობს ქვეყნის პრეზიდენტი, ქალაქის ყოფილი და მოქმედი მერები. ამ ნაწილს ელჩების კვარტალს უწოდებენ.

შიდა ქალაქს მიერთებული სხვა რაიონებია – ვიდენი (№4), მარგარეტენი (№5), ალზეფგრუნდი (აქ არის მთავარი უნივერსიტეტი).

დანარჩენი 13 რაიონი, ე.წ. გარე ქალაქია. აქ განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობები არ არის. ისინი გამოირჩევიან დიდი მოლებითა და პარკებით.

 

ტრანსპორტი

ვენის საქალაქო სატრანსპორტო სისტემა შედგება ავტობუსების, ტრამვაების, მეტროსა (U-Bahn) და საგარეუბნო ელექტრომატარებლებისგან (S-Bahn). უფრო მოსახერხებელია ვენის სატრანსპორტო ბარათის შეძენა. ხოლო თუ სულ რამდენიმე დღით ხართ, მაშინ ჯობს ერთჯერადი ბილეთების ყიდვა.

სამგზავრო ბილეთების სახეობები

Einzelfahrschein – 1 მგზავრობა 1 მიმართულებით. გადაჯდომის უფლებას იძლევა. 2 ევროზე მეტი ღირს.

4 მგზავრობის ტალონს Streifenkarte ქვია და 9 ევრომდეა. ბილეთები უნდა დაკომპოსტირდეს.

Wochenkarte – ბილეთი ზუსტად ერთი კვირაა ძალაში: ორშაბათს 9:00 საათიდან. 16 ევროზე მეტი ღირს.

24-Stunden-Wien – 24-საათიანი ტალონი. საუკეთესო ვარიანტია, თუ ერთი დღის განმავლობაში ბევრ სიარულს აპირებთ. 8 ევრომდე დაგიჯდებათ. ასეთი სადღეღამისო ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ 2 და 3 დღით.

Wiener Einkaufskarte – 12 საათიანი ბილეთი – 8:00-დან 22:00 საათამდე. კვირის გარდა ყველა დღეს მოქმედებს. 6 ევროზე მეტი ღირს.

 

ტურისტული ტრამვაი

სპეციალური მარშრუტი ტურისტებისთვის Vienna Ring Tram. ის რინგშტრასეს ირგვლივ დადის, გზად მგზავრები უსმენენ აუდიოგიდს და ეცნობიან ღირსშესანიშნაობებს. ტრამვაი ნახევარ საათში ერთხელ დადის. 8 ევროა უფროსებისთვის და 4 ევრო ბავშვებისთვის.

ტურისტული ავტობუსი

Hop-On – Hop-Off – ავტობუსის ტურისტული მარშრუტი. მწვანე-ყვითელი ავტობუსები 4 მიმართულებით დადიან. ტურისტები თავისუფლად ადიან და ჩადიან ნებისმიერ გაჩერებაზე. 24-საათიანი ტალონი 25 ევრო ღირს, ორდღიანი – 29 ევრო, ბავშვებისთვის – 15 ევრო.

შოპინგი

ელეგანტური და ძვირფასი ნივთების ვაჭრობა გამართულია „ოქროს სამკუთხედში“ ხოფბურგს, ოპერასა და წმ. სტეფანეს ტაძარს შორის Lohlmarkt, Graben და Karntner Strabe ქუჩებზე. საშოპინგო ადგილებია ასევე Favoritenstra, Landstra и Meidlinger Hauptstra, Mariahilfer. მარგარეტნშტრასეს ქუჩაზე კი ორიგინალური სადიზაინერო მაღაზიებია.

თუ მოდური სამკაულები გაინტერესებთ უნივერმაღ „შიპეკს“ ესტუმრეთ. სავაჭრო ცენტრში ShoppingCitySud, რომელიც ქალაქის სამხრეთ გარეუბანშია, ყველაფერი ერთ ჭერქვეშაა თავმოყრილი.

ასევე ღირს „ნაშმარკტისკენ“ გასეირნება, რომელიც მე-18 საუკუნიდან არსებობს და ორშაბათიდან შაბათამდე მუშაობს. აქ სხვადასხვა ქვეყნების დელიკატესებს აღმოაჩენთ.

რა უნდა გასინჯოთ

ვენის სამზარეულო ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც ქალაქის სახელი ჰქვია და არა ქვეყნის. ვენაში გასინჯავთ საუკეთესო კერძებს: სახელგანთქმულ შნიცელს და ძეხვეულს, არაჩვეულებრივ ტკბილეულსა და ღვინოს.

ვენის ხბოს შნიცელი ცივ კარტოფილის სალათთან და ლიმონის წვენით გაზავებულ სალათის ფურცლებთან ერთად მოაქვთ. ხორცის ნაჭერი თეფშის ზომისაა და ორ პერსონას თავისუფლად დაანაყრებს.

ავსტრიაში დაახლოებით 1500 სახეობის სარდელი, ძეხვი და სოსისია. ამით ალბათ ყველაფერია ნათქვამი.

ტაფელშპიცი“ – კიდევ ერთი პოპულარული კერძი ხორცისგან. მოხარშული საქონლის ხორცი ბოსტნეულითა და ბულიონით არის გაფორმებული. მას ამატებენ ნაღების სოუსს და ვაშლის პირშუშხას. ხორცი 5 საათი იხარშება.

შემწვარი წაბლი – სადღესასწაულო კერძი და ნამდვილი დელიკატესი. წაბლით მოვაჭრეები შემოდგომაზე ჩნდებიან. პირდაპირ ქუჩაში წვავენ (სხვათა შორის, ამას ევროპის ბევრ ქალაქში შეხვდებით).

შეუძლებელია ვენა ტკბილეულის გარეშე დატოვოთ. სავალდებულო პროგრამაშია: ვაშლის შტრუდელი, მარციპანის კონფეტი და ტორტი „ზახერი“ ვენურ ყავასთან ერთად.

 

გართობა და ღირსშესანიშნაობები

ვენაში იმდენი საინტერესო ადგილია, უბრალოდ სირბილი მოგიწევთ. აი მოკლე ჩამონათვალი, სადაც უნდა მიხვიდეთ.

წმინდა სტეფანეს ტაძარი – ქალაქისა და მთელი ავსტრიის სიმბოლო მე-12 საუკუნეში ააგეს. აქ სამი ორღანია, ყველაზე დიდს 10 ათასი საყვირი აქვს.

ვენის ოპერა – მსოფლიოს გამორჩეული თეატრი. რეკორდსმენია სამუშაო დღეების მიხედვით (285 დღე წელიწადში). ყოველწლიურად თეატრის კედლებში ტრადიციული მეჯლისები იმართება.
სპექტაკლების ბილეთები 300 ევრომდეა, მაგრამ წარმოდგენის დღეს (ბილეთების გაყიდვა 80 წუთით ადრე იწყება) შესაძლებელია დასადგომი ბილეთების ყიდვა… 3-4 ევროდ.

ხოფბურგი – ჰაბსბურგების საიმპერატორო ოჯახის ერთ-ერთი რეზიდენცია, ამჟამად პრეზიდენტის სასახლე. აქ 2600 ოთახია: უამრავი ბიბლიოთეკა, ღვინის სარდაფი და სამეჯლისო დარბაზები.

ბელვედერი – ბაროკოს სტილის სასახლე კომპლექსი.

შენბრუნი – ჰაბსბურგების კიდევ ერთი რეზიდენცია. უმსხვილესი ანსამბლი ავსტრიული ბაროკოს სტილშია. შენბრუნში მდებარეობს ზოოპარკი.

ვენის რატუშა – ქალაქის კიდევ ერთი სიმბოლო.

იუდენპლატცი – ძველი ებრაული კვარტალი, ცნობილი შუასაუკუნეების სინაგოგათი, მუზეუმებითა და ავსტრიელი ებრაელების მემორიალით.

ვენის თანამედროვე სიმბოლოდ მიიჩნევა ხუნდერტვასერის (Hundertwasserhaus) საცხოვრებელი სახლი (1983-86 წწ). თავად შენობა საოცარი „ბორცვული“ სართულებით გამოირჩევა, სახურავი დაფარულია მიწითა და ბალახით, ხოლო რამდენიმე ოთახში ხეებიც კი ხარობს.

 

ვენის მუზეუმები

ქალაქში 80-ზე მეტი მუზეუმია. ერთბაშად რამდენიმეს მოინახულებთ ვენის ცნობილ სამუზეუმო კვარტალში (MQ) თუ გაივლით.

მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული თანამედროვეობით დამთავრებული ავსტრიული ხელოვნების კოლექციას ლეოპოლდის მუზეუმში ნახავთ.

ტურისტებს შორის პოპულარულია ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმი, სადაც ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა (1891-1938).

სტრიტ-არტის გალერეაში თავმოყრილია ქუჩის ხელოვნების მთელი შედევრები, რომელიც ორჯერ ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს.

კლასიკური სამხატვრო მუზეუმების მოყვარულების გზა ხელოვნების ისტორიის მუზეუმისკენ მიდის.

ყველაზე არაერთგვაროვან კოლექციას მიაგნებთ შეშლილთა კოშკში. საკუთარ ნერვებს გამოცდით დამკრძალავი საგნების მუზეუმში.

ბავშვები ძირითადად დაჰყავთ მედიცინის ისტორიის მუზეუმში (ადამიანის ორგანოების ცვილის ფიგურებია), ასევე პოლიტექნიკურ მუზეუმში, სადაც შემეცნებითი ექსკურსიები ეწყობა და ყველაფრის ხელით შეხებაც შეიძლება და ექსპერიმენტების ჩატარებაც.

ალბათ ამაზეც უნდა ვთქვათ. ვენაში არის საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომელიც ღირსშესანიშნაობამდეც კი ქაჩავს. ოპერის სიახლოვეს მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარეობს (Opera Toilet Vienna) და იმით არის განთქმული, რომ კედლებზე ასი წლის წინანდელი აფიშები კიდია, ხოლო კაბინების კარი ოპერის ლოჟაში შესასვლელს ჰგავს. ქალების ოთახში მუდმივად დევს ვარდების ბუკეტი, ხოლო მამაკაცებისაში – სპირტიანი სასმელი. პისუარებიც ძალიან ორიგინალურია. და კიდევ: როიალს მუსიკოსი უზის და რაიმე გამამხნევებელს უკრავს.

არის თუ არა უფასო მუზეუმები

თვის ყოველ პირველ კვირა დღეს უფასოდ ღიაა: ვენის ისტორიის მუზეუმი, საათების მუზეუმი, სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, რომის მუზეუმი, ჰერმესის ვილა, ჰაიდნის სახლ-მუზეუმი, „მუსიკალური ოთახები“ (გარდა მოცარტის სახლისა), პრატერის მუზეუმი.
ხუთშაბათობით (18:00-21:00 საათებში) – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.

რა უნდა გააკეთო ვენაში

ვენამ შეიძლება ივაჭროს თავისი იმპერიული წარსულით, მაგრამ ზედაპირზე ბევრად მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ნახო კლიმტის ცნობილი კოცნა

გაისერნო Ringstrasse-ზე

გამოიკვლიო სამუზეუმო კვარტალი

დაჩექინდე ფროიდის მუზეუმში

გასინჯო ვენის ნამცხვარი

გაისეირნო ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში – ხოფბურგის სასახლეში

გადახედო ხედს ვენის სახურავის ბარებიდან

მოიარო ალბერტინა

ისადილო მსოფლიოს უდიდეს მწვანე სახლში, სათბურში

მიირთვა ყავა Café Central-ში

დალიო ჩამოსასხმელი ლუდი Mel’s Diner-ში

მიირთვა გზად Naschmarkt-ის გარშემო

 

ექსკურსია „ვენის ტყე“

ეს საექსკურსიო პროგრამა მოიცავს ვენის სამხრეთ ადგილების მონახულებას, რომელიც ავსტრიის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად მიიჩნევა. მარშრუტი იწყება ქალაქ ბადენის დათვალიერებით, რომელიც ცნობილია თერმული წყაროებითა და მეღვინეობით. ექსკურსია გრძელდება საკურორტო პარკში, სადაც ნახავთ უძველეს კაზინოსა და სახლს, სადაც ბეთჰოვენი ცხოვრობდა.
გარდა ამისა, ექსკურსიის ფარგლებში გათვალისწინებულია წმინდა ჯვრის მონასტრის (Heiligenkreuz), შუა საუკუნეების ლიხტენშტაინის სასახლის (Liechtenstein) და სოფელ მაიერლინგში მდებარე ჰაბსბურგების სამონადირეო სახლის მონახულება. ასევე დაათვალიერებთ ჰელენენტალის ველს, ხოლო ბოლოსკენ ნავით გაისეირნებთ მიწისქვეშა ზეერგოტეს ტბაზე.
ექსკურსიის ხანგრძლივობა 4 საათია. ბუნებრივია, ვენის ტყეში დამოუკიდებლად გასეირნებასაც შეძლებთ.

 

სხვა ძირითადი ექსკურსიებია:

ვენის სამიმოხილვო ექსკურსია – 3.5 სთ;

ვაჰაუს ველის ექსკურსია – 7 სთ (ძველი სასახლეები, ბენედიქტების სააბატო, დუნაიზე გასეირნება);

ღამის ვენის ექსკურსია – 3 სთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები