ვენაში ღამით ზედმეტი განათება აღარ იქნება – ახალი ტიპის ფანრებზე გადასვლის შემდეგ სინათლის დაბინძურება 75%-ით შემცირდა. ახალი კონსტრუქციის ფანრები სინათლეს მხოლოდ ქვემოთ, ქუჩისკენ მიმართავს და არა ცისკენ ან შენობების ფანჯრებისკენ. გარდა ამისა, ისინი LED-ტიპისაა, რაც ნიშნავს, რომ სინათლე ნაკლებად იფანტება.
ეს ცვლილება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქალაქის ღამის ვიზუალზე, არამედ ცხოვრების პირობებზეც – როგორც ადამიანებისთვის, ისე ცხოველებისთვის. ძლიერი ხელოვნური განათება ცხოველებს ორიენტაციაში უშლის ხელს და არღვევს მათ ბიოლოგიურ რიტმს, რის შედეგადაც ისინი დღე-ღამეს ერთმანეთში ურევენ.

ტექნოლოგიის დამატებითი უპირატესობა ენერგიის ეკონომიაა. LED-ფანრები დაახლოებით 60%-ით ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს და მათი მოვლაც უფრო მარტივია. ქალაქის შეფასებით, ეს საშუალებას იძლევა ყოველწლიურად დაახლოებით 1000 ტონა CO₂-ის ემისია შემცირდეს, რაც დაახლოებით 2500 ოჯახური მეურნეობის წლიურ ენერგომოხმარებას უტოლდება.
გარდა ამისა, ახალი განათება ქუჩებს უფრო უსაფრთხოსაც ხდის. სინათლე უფრო თანაბრად ნაწილდება, გზაჯვარედინები და ქვეითთა გადასასვლელები უკეთ ჩანს, ხოლო პარკებსა და ველობილიკებზე გამოიყენება რბილი, თბილი თეთრი განათება.
ამ დროისთვის ქალაქის 135 000 ქუჩის ფანრიდან თითქმის 80% უკვე LED-ტიპზეა გადაყვანილი. განათების სრულად განახლებას ვენა 2028 წლისთვის გეგმავს.