LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეცია – რჩევები ვენეციაში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

დამათრობელი და ესოდენ უჩვეულო – ერთდროულად პომპეზური და გაცვეთილი – ვენეციამ შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოთ. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანს უნდა, რომ სიცოცხლის ყოველი წუთით დატკბეს. ეს ქალაქი მსოფლიოს ყველა ჩამონათვალის „ტოპში“ ხვდება, სადაც კი კაცმა ფეხი უნდა დადგას. ტურისტმა უნდა იცოდეს: ვენეცია – ნამდვილი ქალაქი-ძეგლია, სადაც აბსოლუტურად ყველა შენობას ისტორიულის წოდებაზე პრეტენზია აქვს. ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ მთელი ძველი ნაწილი და მისი ლაგუნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

 

ვენეციის რაიონები

ვენეცია, მიუხედავად 188 კუნძულზე არატრივიალური განლაგებისა, პატარა ქალაქი როდია. ამას რუქაზე დახედვითაც მიხვდებით. ადმინისტრაციულად ქალაქი 6 რაიონად იყოფა, მაგრამ ტურისტებს სამი მათგანი აინტერესებთ. ესენია – მატერიკული მესტრე, სანაპირო ლიდო და თავად მთავარი რაიონი, რომელსაც ბანალურად ქვია: ვენეცია – ბურანო მურანო.

 

დაწყება ბუნებრივია უპრიანია სან მარკოდან, სადაც თავმოყრილია ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი და ქალაქის გული – ამავე სახელწოდების მოედანი პომპეზური ტაძრით. აქ მდებარეობს დოჟების სასახლე, კამპანილას კოშკი, ბიბლიოთეკა და სან მარკოს კოლონები, ოხვრის ხიდი და ათობით ადგილი, რომელიც იუნესკომ თავისი მფარველობის ქვეშ აიყვანა. სასტუმროები და რესტორნები, მაღაზიები და სუვენირების დახლები – სან მარკოზე ფაქტობრივად ყველაფერი ძალიან ძვირი და არნახულად ლამაზია.

სან მარკოს რაიონის ტერიტორიას მიეკუთვნება კუნძული სან ჯორჯო მაჯორეც, სადაც ამავე სახელწოდების სახელგანთქმული ტაძარი დგას.

კანარეჯო, ვენეციის ჩრდილოეთითაა და ის ყველაზე საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა, რადგან აქ 20 ათასი ადამიანი ბინადრობს. ერთი შეხედვით აქ ტურისტმა რა უნდა აკეთოს, მაგრამ ერთი, რომ სწორედ აქ მდებარეობს რკინიგზის სადგური, რომლის დანახვაზე ტურისტები აღფრთოვანების ამოძახილს ვერ იკავებენ. ამ რაიონშია ერთი უჩვეულო ღირსშესანიშნაობა – გეტო, სადაც შემონახულია ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მონუმენტი, ებრაელთა მუზეუმი და ორი მოქმედი სინაგოგა. კიდევ ის, რომ სწორედ ამ რაიონში ნახავთ იმ ტაძარს, სადაც კვირაობით წირვაზე დადიოდა ტინტორეტო. მადონა დელ ორტოს ტაძარში (ნებაყოფლობითი შესაწირი 3 ევრო) არა მარტო განისვენებს დიდი ფერმწერის ნეშტი, არამედ ნახავთ მის ორ გენიალურ ტილოს – „ოქროს კერპის თავყვანისცემა“ და „საშინელი სამსჯავრო“.

კანარეჯოს კიდევ ერთი უპირატესობა – აპარტამენეტებს ასე თუ ისე ნორმალურ ფასად იშოვით.

ყველაზე დიდი რაიონია – კასტელო. მან სახელი ძველრომაული ციხესიმაგრიდან მიიღო, თუმცა ის შემორჩენილი არ არის. ამ ადგილზე დღეს სან პიეტრო დი კასტელოს ეკლესია იწონებს თავს. შუაში მდებარეობს ძველი არსენალი – გემთსაშენი, სადაც ოდესღაც აგებდნენ სახელგანთქმულ ვენეციურ გალერებს. მისგან აღმოსავლეთით უამრავი ბაღი და პარკია, რაც ვენეციისთვის საკმაოდ უჩვეულოა. დასავლეთით არის რაიონში აუცილებლად სანახავი: სან ძაკარიას ტაძარი, სანტა ჯოვანი ი პაოლოს ტაძარი, ასევე ტურისტებისთვის საყვარელი სასეირნო ადგილი რივა დელ სკიავონე.

 

რაიონი დორსოდურო სან მარკოს მოპირდაპირედ, გრანდ კანალის მეორე მხარესაა. ეს კვარტალი შედარებით შემაღლებულ ადგილზეა გაშენებული და ამიტომ წვიმიან სეზონზე ჩასულები უნდა დაფიქრდნენ აქ ხომ არ გაჩერდნენ. დორსოდუროს ცენტრია ჯუდეკას არხი, რომელიც არხი კი არა, მთელი მდინარეა, მისი სიგანე ზოგიერთ ადგილას 200 მეტრსაც აღწევს. მას მოყვება ჯუდეკას კუნძული, მშვიდი და მწვანე ადგილი, სადაც რიგითი ტურისტები არ დადიან. ღირსშესანიშნაობების კუთხით დორსოდუროში სანახავია: მე-19 საუკუნის აკადემიის ხიდი, აკადემიის გალერეა, პეგი გუგენჰაიმის ცნობილი მუზეუმი, ასევე ორი დახვეწილი მოედანი – სანტა ბარნაბა და სანტა მარგერიტა. ეს ადგილი სტუდენტებს უყვართ და აქ საღამოობით ხმაური და მხიარულებაა.

სან პოლო, როგორც სან მარკო, ვენეციის გულია. აქ ღირსშესანიშნაობები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა: რიალტოს ხიდი, მის ირგვლივ მოცურავე გონდოლიერები, წმინდა პავლეს ეკლესია, მე-9 საუკუნის სან ჯაკომო დი რიალტოს ტაძარი და სანტა მარია გლორიოსა დეი ფრარის ტაძარი.

დაბოლოს, სანტა კროჩეს (წმინდა ჯვარი) რაიონი – პირველი ადგილი ქალაქში, სადაც ტურისტები ავტომანქანით ან ავტობუსით ხვდებიან. მისი ცნობილი რომის მოედანი (Piazzale Roma) სატრანსპორტო საშუალებების გამანაწილებელია. ავტოსადგომების გარდა რაიონი მუზეუმებითაც საინტერესოა – საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმი (ფონდაკო დეი ტურკის სასახლეში), ასევე აღმოსავლეთ ხელოვნების მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების გალერეა (კა პესაროს სასახლეში).

ვენეციის რაიონებზე საუბრისას ვერ გამოვტოვებთ ცალკე მდგომ კუნძულებს, რომლებიც ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილია: ლიდო, მურანო, ბურანო, სან მიკელე და პოველია.

ბურანო იზიდავს ხალასად შეღებილი სახლებითა და მაქმანების არაჩვეულებრივი მუზეუმით. მურანოს კუნძულზე ამზადებენ სახელმოხვეჭილ ულამაზეს მინას. ლიდო – კუნძული-პლაჟია, ასევე ცნობილი კინოფესტივალის ჩატარების ადგილი. პოველია – მოჩვენებებისა და ლეგენდების კუნძული, სადაც ჭირით დაავადებულებს გზავნიდნენ, შემდეგ ლაზარეთი გახსნეს, ხოლო მე-19 საუკუნეში ფსიქიატრიული სამკურნალო დაწესებულება, რომელიც დღეს დაკეტილია. სან მიკელეს კუნძული ცნობილია 1469 წლის ტაძრით და ცნობილი ადამიანების სასაფლაოთი.

 

ტრანსპორტი

ვენეციის მთავარი ტრანსპორტი ბუნებრივია საწყლოსნოა. თუმცა ქალაქში ასევე დადის მინიმეტრო, ველოსიპედები და ავტობუსებიც, უბრალოდ მთლად ცენტრში არა. ქალაქის გულში კი მთავარია გონდოლები, ვაპორეტო, ტრაგეტო და საკუთარი ფეხები.

 

ნავები, გონდოლები და ვაპორეტო

ქალაქის ცენტრში ერთადერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტია ვაპორეტო, რომლებიც ყველა არხსა და უახლოეს კუნძულებამდე დადის. ყველაზე თვალწარმტაცი მარშრუტი №1 დიდ არხზე დადის და 7 ევრო ღირს (ბილეთი 1 სთ მოქმედებს).
დიდ არხზე, ისეთ ადგილებში, სადაც ხიდები არ არის, გადაყვანას ერთგვარი ბორანი – ტრაგეტო ახორციელებს. მათ ხალხი გრანდ კანალის ერთი ნაპირიდან მეორეზე 2 ევროდ გადაყავთ. ბილეთების ყიდვა შეიძლება თამბაქოს ჯიხურებში, ავტომატებსა და ACTV სალაროებში.

კიდევ ერთი სახეობაა წყლის ტაქსი. მგზავრობის ღირებულება 15 ევროდან იწყება ჩასხდომისას და 2 ევრო თითო წუთზე. თუ ბარგიც გაქვთ, ან ბევრნი ხართ ანაც ღამის გამოძახებაა, კიდევ 5 ევრო უნდა დაამატოთ. აქაც მიაქციეთ ყურადღება, რომ მძღოლმა მრიცხველი ჩართოს.

აეროპორტამდე (მარკო პოლოს სახელობისაა) 4 მგზავრისა და ბარგის საფასური 100 ევროს გადააჭარბებს. გარდა ამისა, არის სპეციალური კატერი Venice Shuttle, რომელსაც თითო მგზავრი აეროპორტიდან ქალაქამდე 25 ევროდ (ღამით 31 ევრო) გადაყავს.

გონდოლები – ბურჟუაზიული, ტურისტული და რომანტიული საშუალება ვენეციის სანახავად. ფასი არა ადამიანის, არამედ გონდოლას მიხედვითაა, სადაც მაქსიმუმ 6 ადამიანი ეტევა (რაც მეტია ხალხი, მით ნაკლებია გადასახადი). 30 წუთიანი ნაოსნობა 80 ევრო ჯდება (ღამით მეტი), ვაჭრობა მოსულა, თორემ 100 ევროზე ნაკლებს არ გეტყვიან.

ნავის ქირაობა

ვენეციაში ნავის ქირაობაც შეიძლება და შესაბამისი რომანტიკის მოწყობაც. 7 მეტრი სიგრძის 6-კაციანი ნავის იჯარა (საწვავის ჩათვლით) დაახლოებით 50 ევრომდეა ერთი საათი და 200 ევრო მთელი დღე. ლიცენზია საჭირო არ არის, უბრალოდ მთავარ ტურისტ-კაპიტანს თხოვენ, აჩვენოს, როგორ შეუძლია მანევრირება და პარკირება, შემდეგ უკვე ღია ნაოსნობაში გაუშვებენ.

 

მინიმეტრო

ვენეციის ახალ მონორელსს ტურისტები მიყავს ტრონკეტოს ავტოსადგომიდან საზღვაო სადგურამდე (Stazione Maritima) ან რომის მოედნამდე (Piazzale Roma). მგზავრობის ღირებულება 1 ევროა. სულ 1 კმ-იან მინიმეტროში 3 სადგურია და 2 ვაგონი დადის, რასაც 3 წუთს ანდომებს.
ყველა, სამივე სადგურიდან შეიძლება ვაპორეტოზე გადაჯდომა.

 

 

ვენეციის სანაპირო

ვენეციაში არის საკუთარი კუნძული-პლაჟი, რომელსაც პირდაპირ ასევე ქვია – ლიდო (იტალიურიდან „სანაპირო“). მოდური ეს ადგილი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან გახდა, თავის დროზე აქ ისვენებდნენ ბაირონი, გოეთე, შელი, თომას მანი, რომელმაც ამ კუნძულზე დაწერა სკანდალური „სიკვდილი ვენეციაში“.

სანაპიროები ქვიშისაა, საკმაო სიგრძის, მაგრამ სეზონზე პირთამდე სავსეა, განსაკუთრებით უქმეებზე ან საღამოობით, როდესაც ვენეციალები იყრიან თავს, ამიტომ ჩასულებისთვის უმჯობესია დილით მისვლა, სანამ ადგილობრივები ჯერ სამსახურში არიან. არის ფასიანი და უფასო მონაკვეთები, ორ შეზლონგს და ქოლგას 30 ევრო უნდა.

ლიდომდე მისვლა რთული არ არის. გრანდ კანალის ნებისმიერი გაჩერებიდან წახვალთ. შეიძლება ლიდოზე ველოსიპედის ქირაობა, კუნძული 12 კმ-ზეა გადაჭიმული და სანახავიც მოიძებნება.

 

 

შოპინგი

ვენეციაში მთავარი საყიდლები სუვენირებია. რა თქმა უნდა, აქაც იპოვით ცნობილ იტალიურ მარკებს, მაგრამ ასორტიმენტი ძალიან დიდი არ არის. შეხვდებით მსოფლიო ბრენდებსაც: Chanel, Armani, Furla, D&G, MaxMara, Guess და ა.შ. ასეთ ადგილებს ხალხი დიდად არ ეტანება, ნამდვილი შოპინგი უფრო აუთლეტებშია.

რა უნდა იყიდოთ ვენეციაში? რა თქმა  უნდა, ნიღაბი. ოღონდ არჩევანისას კარგად დაკვირვება გმართებთ, უამრავი ჩინური ვერსია იყიდება. ნორმალური ნიღაბის ფასი 25 ევროდანაა, ნამდვილი ხელოვნების ნიმუში კი ბევრად მეტი ღირს.

მურანოს მინა – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუვენირი. როგორც წესი, ყველა იძენს საკიდარს – 10-15 ევრო, ან სრულფასოვან ლარნაკს, თეფშს, ჭაღს და მოკლედ რაც გულს გაუხარდება და ჯიბეს გაწვდება. ტურისტები მიყავთ უშუალოდ კუნძულ მურანოზე, სადაც ამზადებენ კიდეც მინას. იქ სუვენირების მაღაზიაცაა და ამბობენ, რომ ნამდვილი მინით ვაჭრობენ, აი ნებისმიერი სხვა კი…

 

 

სასტუმროები

ვენეციაში სასტუმროების, აპარტამენტებისა და ჰოსტელების უზარმაზარი არჩევანია. ღამის გათენება კი 30 ევროდან 300 ევრომდეა. პირველ რიგში უნდა შეარჩიოთ რაიონი. მესტრე – ვენეციის ხმელეთოვანი დანამატი, სადაც ტრადიციულად ფასები ნაკლებია. თუ აქ გაჩერდებით, შეიძლება ახლომდებარე ქალაქების მონახულებაც დაგეგმოთ – პადუა, ვერონა და სხვა. მინუსი ის არის, რომ მესტრედან სან მარკომდე სიარული ეკონომიას არ მოგცემთ.

უშუალოდ კუნძულებზე გაჩერება რა თქმა უნდა უფრო ძვირია. სან მარკოსთან ნომრები ყველაზე ძვირიცაა და მოუხერხებელიც – წარმოგიდგენიათ რამხელა ზღვა ხალხში აღმოჩნდებით. კარგად დააკვირდით დორსოდუროს, კასტელოს და კანარეჯოს რაიონებს, მეტი სიმშვიდეა, ფასები შედარებით დაბალი და ნომერშიც მეტი სივრცე იქნება. ზაფხულში კიდევ ერთი ვარიანტია ლიდო – ოღონდ ცენტრიდან ვაპორეტოთი დაახლოებით 10-15 წუთი ცურვა მოგიწევთ. სამაგიეროდ დილა-საღამოს ადრიატიკის ზღვაში, პირველი კლასის ქვიშის პლაჟზე იბანავებთ.

 

რა გავსინჯოთ

პირველი კლასის ზღვის პროდუქტები: მიდიები, კრევეტები, რვაფეხები ან მელანთევზი. ვენეციაში მეჯლისი თევზს მიყავს. ერთი ნიუანსი: თევზის რესტორანში ორშაბათობით არ წახვიდეთ – კვირაობით მეთევზეები ზღვაში არ გადიან, ეს ნიშნავს, რომ კერძები შაბათის ნადავლიდან იქნება მომზადებული.

არასეზონზე, ზამთარსა და გაზაფხულზე კალმარებისა და კრევეტების კერძებს გაყინული პროდუქტებისგან ამზადებენ.

ვენეციაში უყვართ ბოსტნეულიც.

პირველ კერძად ურჩევენ ლეგენდარულ თევზის წვნიანს (სუპა დი პეშე) ან რიზოტოს ზღვის პროდუქტებით. ვენეციაში თავიანთი „პასტაც“ აქვთ – ბიგოლი, სპაგეტის შედარებით მსხვილი ვარიანტი.

ადგილობრივად რომ იგრძნოთ თავი, საღამოს ღვინო ან ლუდი კი არა, „სპრიცი“ უნდა დალიოთ (spritz, 2-3 ევროდან ერთი ბოკალი). ეს სასმელი მწარეცაა, ტკბილიც და ა.შ.

 

კაფე და რესტორნები

ამბობენ, რომ ვენეციაში გემრიელად ჭამა პრობლემურია – აურაცხელმა ტურისტებმა ადგილობრივი რესტორატორები გააფუჭეს, რომლებიც არა ხარისხისთვის, არამედ რაოდენობისთვის იბრძვიან: სწრაფად აჭამე და გაუშვი. ალბათ არ ღირს სან მარკოსთან მაგიდას მიუსხდეთ – აქ 10-დან 9 შემთხვევაში ძვირიც იქნება და მართლაც უგულოდ და მოსწრებაზე გაკეთებული. ცოტა მოშორებით თუ წახვალთ, გარისკვად ღირს და ადგილობრივ დელიკატესაც გაუსინჯავთ გემოს.

ვენეციაში მიშლენის მქონე რესტორნებიცაა, სადაც 3 კერძს 80 ევროდან დააგემოვნებთ. ეკონომიურად თუ გინდათ გამოხვიდეთ და მთელი ბიუჯეტი საკვებზე არ დახარჯოთ, მაშინ ან შინ მიირთვით (სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტებით), ან პიცა თან წაიღეთ – 2 ევროდან საკმაოდ მოზრდილ და გემრიელ ნაჭერს მიაგნებთ. ბაკარიაში, დახლთან გამოკვებაც არ დაგიჯდებათ ძვირი – ტოსტი, პანინო, ტრამეზინო – 2-დან 5 ევრომდეა. თუ მაგიდას მიუჯდებით ფასი 50-70%-ით გაიზრდება. მსგავსი დაწესებულებები თავმოყრილია სანტა მარგერიტას მოედანთან.

ვენეცია ადრეული ვახშმის ქალაქია (მით უმეტეს მილანთან და რომთან შედარებით), აქ სამზარეულოს 22:00 საათზე კეტავენ და ამის გათვალისწინებაც გმართებთ.

აუცილებლად მიდით „ფლორიანეში“, სან მარკოს მოედანზე. ეს ყველაზე ძველი კაფეა, სადაც შევლა უყვარდათ ჰემინგუეის კაზანოვას და ბაირონს. ერთი ფინჯანი ყავა 10 ევრო დაგიჯდებათ, მაგრამ იქნებ გიღირდეთ: ვენეციის ხედები და ძველი ევროპის ატმოსფერო.

 

 

გართობა და ღირსშესანიშნაობა

ვენეციის გულია სან მარკოს მოედანი, რომელიც უამრავ ბუკლეტზე, ტელეგადაცემასა თუ ბარათზეა გამოსახული. თითქოს ყველაფერი იცი, მაგრამ იქ მოხვედრისას აღფრთოვანებას მაინც ვერ მალავ. პატარა სივრცეა, თუმცა მთელი კვირაც კი დასჭირდება მის შესწავლას. მთავარი სანახავი ქალაქის მფარველის სან მარკოს სახელს ატარებს – ბაზილიკა, უდიდესი ბიბლიოთეკა უიშვიათესი ხელნაწერებით, კოლონა ფრთიანი ლომით, სამლოცველო კოშკი, რომელიც იმ მთვარის ფაზას და ზოდიაქოს ნიშანს აჩვენებს, როდის გხვდათ წილად ვენეციაში ყოფნის ბედნიერება.
ვენეციაში ძალიან, ძალიან ბევრი ტურისტია, ამიტომ სან მარკოს სანახავად განთიადისას თუ მიხვალთ, ურიგო არ იქნება.

სან მარკოს ტაძრის დათვალიერება 10 წუთს გრძელდება. დამთვალიერებლები შესაბამისად უნდა იყვნენ ჩაცმულები. მუზეუმის, Pala D`Oro-ს, საგანძურის, სამრეკლოს სანახავად ცალ-ცალკეა გადასახდელი და ფასები 3-დან 8 ევრომდეა.

 

შემდეგ – უნდა ნახოთ დოჟების სასახლე (სრულად დათვალიერება 20 ევრო დაგიჯდებათ), გაიაროთ სევდიანად ცნობილ ოხვრის ხიდზე ან შეიაროთ არქეოლოგიურ მუზეუმში.

ამ მოჯადოებული პერიმეტრიდან რომ გამოხვალთ რიალტოს ხიდისკენ წადით – ეს ვენეციის სიმბოლოა. უცებ წარმოიდგინეთ: იღებთ გონდოლას და მიუყვებით პომპეზურ სასახლეებს, სადაც ერთ დროს ვენეციის მაღალი საზოგადოება თან ნადიმს მართავდა და თან მტრებს სასიკვდილო საწამლავით უმასპინძლებოდნენ. მოკლედ, ისტორიის ნაწილი ხდები.

სწორედ წყლიდან იშლება საუკეთესო ხედები. მაგალითად, კა დ ოროს სასახლეზე, სადაც ამჟამად ფრანკეტის გალერეაა განთავსებული.

„ფინალური აკორდი“ შეიძლება გახდეს გრანდ კანალზე (სიგრძე – 3.8 კმ; სიგანე – 30-70 მ; სიღრმე – 5 მ) გასეირნება.
აქ ცოტა რთულია რომელიმე ადგილი განსაკუთრებით გამოყო: თითოეული შენობა ძეგლად მიიჩნევა, მინიმუმ რეგიონალური მასშტაბის.

 

ვენეციის ტაძრები

ქალაქის წყლებში აღსანიშნავი ტაძრები დგას, რადგან აქ დაცული კულტურული ფასეულობები ნებისმიერ მუზეუმს შეშურდებოდა. მაგალითად, სან ძაკარიას ეკლესიაში მე-17-18 საუკუნეების დიდი მხატვრების ნამუშევრებია – ბელინი, ტინტორეტო, ტიეპოლო ან ტრევიზანი. ლუკა ჯორდანოს სამი უნიკალური საკურთხეველი წარმოდგენილია სანტა მარია დელა სალიუტეში, რომელიც ყველაზე დიდი გუმბათოვანი ტაძარია ქალაქში. აქვეა ტიციანის „აბრაამის მსხვერპლშეწირვა“, „დავითი გოლიათს კლავს“ და „წმინდა სულის გარდამოსვლა“.

საინტერესო არქიტექტურა აქვს იეზუიტების ეკლესია სანტა მარია ასუნტას. შეიძლება ნახოთ სანტა მარია გლორიოსა დეი ფრარი (ბაზილიკაში შესვლა ფასიანია: 3 ევრო), რომლისთვის ტერიტორია ფრანცისკანელებს ცნობილმა სახელმწიფო მოღვაწემ აკოპო ტიეპოლომ აჩუქა.

 

 

ვენეციის მუზეუმები

ვენეციის ბევრ ძველ სასახლეში მუზეუმია გახსნილი, მათ შორის ისეთი ცნობილები, როგორებიცაა პეგი გუგენჰაიმის კოლექცია (თანამედროვე ხელოვნების უდიდესი კრებული – სამშაბათი დასვენების დღეა) ან აკადემიის გალერეა მე-13-18 საუკუნეების ვენეციელი მხატვრების შედევრებით (ფასი: 15 ევრო; 18 წლამდე შესვლა თავისუფალია). კორერის მუზეუმი (კომბინირებული ბილეთის ფასი 19 ევრო)კი ქალაქის ისტორიის შესახებ მოგიყვებათ.

საერთოდ, ადგილობრივი კოლექციების მნიშვნელოვანი მიმართულება თანამედროვე ხელოვნებაა. თუ ეს ჟანრი გაინტერესებთ, შეიარეთ სანტა კროჩეს საერთაშორისო გალერეაში ან კა პესაროს სასახლის მუზეუმში (ფასი: 10 ევრო).

კიდევ ერთი პოპულარული ექსპოზიციაა ტრადიციული სარეწი – ეს გახლავთ მაქმანების მუზეუმი კუნძულ ბურანოზე (ფასი: 5 ევრო; ორშაბათი დასვენებაა), მურანოს მინის მუზეუმი (ფასი: 10 ევრო), სადაც ძირითადად საყიდლებზე და ექსკურსიაგიდის მოსასმენად მიდიან. ვენეციაშია სამხედრო-საზღვაო ისტორიის მუზეუმი (ფასი: 5 ევრო), სადაც გონდოლებისა და სწრაფმავალი კარაველების შექმნის შესახებ შეიტყობთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g