ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ცნობით, ვენეციის კომისია საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს.
„ვენეციის კომისია სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტზე.
ვენეციის კომისიის დელეგაცია სასწრაფო მოსაზრების მომზადების კონტექსტში ონლაინ შეხვედრების სერიებს მართავს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან. მოსაზრება 2024 წლის 15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან მოთხოვნას მოყვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციის თანახმად, ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ონლაინ მედიასაშუალებებსა და მაუწყებლებს. დელეგაციას ონლაინ შეხვედრა აქვს ჩანიშნული საპარლამენტო ფრაქციებთან და დამოუკიდებელ პარლამენტარებთან 2024 წლის 2 მაისს დისკუსიების გასაგრძელებლად.
მოსაზრება ვენეციის კომისიის პროცედურული წესების 14ა მუხლის სასწრაფო პროცედურის ფარგლებში გაიცემა და მომავალ კვირებში გამოქვეყნდება, რათა პარლამენტმა კანონის მიღებამდე მისი განხილვა შეძლოს.