ვენეციის კომისია აქვეყნებს დასკვნას, რომელიც საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას ეხება. კომისია აღნიშნავს, რომ მიესალმება საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომლებიც მის რამდენიმე წინა რეკომენდაციას ითვალისწინებს. თუმცა, მათივე განცხადებით, ამის მიუხედავად, არსებობს გარკვეული შეუსრულებელი რეკომენდაციები, რომლებიც უნდა იყო გათვალისწინებული კანონმდებლობის უფრო მეტი სიცხადის, გამჭვირვალობისა და ყველა კანდიდატისადმი სამართლიანი მოპყრობის უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება კანდიდატების სიის შედგენას და ხმის მიცემას, ვენეციის კომისიამ შეაქო შესწორებები კანიდატებისადმი თანაბარი მოპყრობის პრინციპის ცალსახად ხსენებისთვის, სიაში მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების შეყვანისთვის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმის უფლების მქონე წევრების იდენტიფიცირებისთვის.
„ხმის მიცემა, როგორც ასეთი, არის არასრულყოფილი მექანიზმი, რადგან რთულია ხმის მიცემის პროცედურაზე დააფუძნო კანდიდატის დამსახურების მიხედვით ეფექტიანი დანიშვნა, თუმცა, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ახლა წარმოდგენილი გამჭვირვალობის დონე გასაჩივრების პროცესთან ერთად გარკვეულ წილად ამ საკითხს უნდა დაეხმაროს“, – ნათქვამია დასკვნაში.
რაც შეეხება გასაჩივრების მექანიზმს, ვენეციის კომისია მიესალმება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ახლა ღიაა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შემდგომი გასაჩივრებისთვის.
ამასთან, ვენეციის კომისია იმეორებს თავის ადრინდელ რეკომენდაციას განხილულ იქნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა, რომელიც მიიღებს ახალ (მეორე) გადაწყვეტილებას იმავე კანდიდატზე უზენაესი სასამართლოს პალატაში გასაჩივრების შემდეგ. გარდა ამისა, დანიშვნის პროცედურა უნდა გადაიდოს, სანამ პალატა მიიღებს გადაწყვეტილებას.
ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ეს რეკომენდაციები შემუშავებულია გასაჩივრების მნიშვნელოვანი უფლების უზრუნველსაყოფად. არსებულ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას სურს შეინარჩუნოს მიმდინარე კონკურენცია, რომლის დროსაც პირველადი გასაუბრება უკვე ჩატარდა ძველი წესების თანახმად და ახალი გასაუბრება ახალი წესების მიხედვით იმართება, სიფრთხილეა საჭირო, რადგან იწვევს შეშფოთებას კანდიდატთა მიმართ თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით“- აღნიშნულია დასკვნაში.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, კანდიდატებთან თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად შეიძლება საჭირო გახდეს შერჩევის პროცედურის ხელახლა დაწყება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დასკვნის წარდგენა მოთხოვნილია საქართველოს პარლამენტის სპიკერის მიერ 2021 წლის 8 აპრილს.