„ვენეციის კომისია საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების შესახებ დასკვნას აქვეყნებს და ცვლილებების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს. კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა დაჩქარებული პროცედურული წესით მოხდა და აღნიშნავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება ყველა დაინტერესებულ მხარესთან საჯარო კონსულტაციების შემდეგ ფართო კონსენსუსის შედეგად უნდა განხორციელდეს.
აღნიშნულს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი თეონა აქუბარდია ეხმაურება და აცხადებს, რომ „თვითმმართველობის არჩევნების მარტში შემოტანა, რა თქმა უნდა, „ოცნების“ დღის წესრიგია იმისთვის, რომ გადაფაროს სახალხო პროტესტის მთავარი მოთხოვნა – ახალი საპარლამენტო არჩევნების კუთხით“.
აქუბარდიას თქმით, აღნიშნულ არჩევნებზე ახლა საუბარი, „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში შედის.
„ვენეციის კომისიის დასკვნა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არანაირ კავშირში არ არის იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნებამდეც ვენეციის კომისიას უარყოფითი დასკვნა ჰქონდა გამოგზავნილი საარჩევნო კოდექსში ადგილებზე, რომელსაც მაშინ, პრეზიდენტმა ვეტო დაადო და რომელიც „ოცნებამ“ დაძლია.
საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება კიდევ ერთხელ აჩვენებს ივანიშვილის რეჟიმის გამოწვევას და შიშს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით. ოქტომბრის არჩევნების შესახებ საუბარი დღეს, რომელიც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის „ოცნების“ დღის წესრიგი. ჩვენ, აქამდე არცერთი პარტიის დღის წესრიგით არ გვიმოქმედია და რა თქმა უნდა, არც ახლა არ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.