24 ივნისს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემას „გზაჯვარედინი“ ეზოთერიკოსი და ფსიქოლოგი, ვენგო ლომთაძე სტუმრობდა. გადაცემის მთავარი თემა ცხოვრებაში არსებული სირთულეები, გამოწვევები და მათი მნიშვნელობა გახლდათ.
ვენგო ლომთაძე: საინტერესოა ის ფენომენი, რომ ხშირად ხელისშემშლელი ადამიანები ჩვენი მოტივაციის, ჩვენი გაძლიერების წყარო აღმოჩნდებიან. სამყარო სირთულეებს და გამოწვევებს ზუსტად იმიტომ გვაძლევს, რომ გავძლიერდეთ. სამყაროს არ უყვარს სუსტები, სუსტი ყოველთვის უფრო მეტად იჩაგრება.
შესაბამისად, ის გარკვეული შეფერხებები ჩვენთვისვე არის კარგი?
უნდა დავინახოთ ამაში კარგი. რომ ვთქვათ, სამყარო უსამართლოა, ჩემს ცხოვრებაში მორჩა ყველაფერი, აზრი არ აქვს არაფერს და ხელი ჩავიქნიოთ, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩიხში შეგვიყვანს. ყველა ის მძიმე, რთული, სასტიკი, დამაზიანებელი ადამიანი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში იყო და რომელთაც ჩვენ გავუძელით, უნდა ყოფილიყო ჩვენს ცხოვრებაში, მან მოგვცა ჩვენ ძალიან რთული გაკვეთილი და ჩვენ ამ ყველაფერს გავუმკლავდით.
სხვათა შორის, ადამიანებში ყველაზე რთული პრობლემები იმ ადამიანებს აქვთ, ვინც ყველაზე მიმნდობები არიან. სამყარო ამბობს, რომ შენ თუ ასეთი მიმნდობი ხარ, ერთადერთი გზა მაქვს, რომ ნამდვილი გაკვეთილი გასწავლო. ამ დროს ისეთი ადამიანი გამოჩნდება ცხოვრებაში, რომელიც ყველაზე მეტად მოგატყუებს, ყველაზე მეტად გატკენს და შენ აუცილებლად ისწავლი ჭკუას. თუ ეს არ მოხდება, აუცილებლად გამოჩნდება კიდევ სხვა ასეთი ადამიანი.
თუ შეგიმჩნევიათ, ცხოვრება ყოველთვის ყველაზე სუსტ წერტილში გვირტყამს და ზუსტად ამ სუსტი წერტილის გადალახვა არის მნიშვნელოვანი.
ყველას ხომ არ შეუძლია ამის გადალახვა. მინახავს ადამიანი, რომელსაც არც თუ ისე დიდი პრობლემა ჰქონია, მაგრამ ცხოვრებამ დააგდო…
არა უშავს, ხშირად ეს დაგდება, დასვენებაა, ადამიანი ცოტა ხანი ტაიმაუტს იღებს, რაც ხანდახან დაშვებული და რეკომენდებულია. რაღაც დრო რაც გჭირდება უნდა გამოიყენო, ოღონდ დიდხანს არ უნდა დარჩე ასე. კი, შენ დღეს დეპრესიაში ხარ, გტკივა, რთული პერიოდია, მაგრამ შენ ამ ყველაფერს უნდა გაუმკლავდე. ხანდახან ადამიანი მარტო უნდა დავტოვოთ თავის პრობლემასთან, რადგან ეს მისი გამარჯვება უნდა იყოს. პრობლემის მოგვარება, რომელიც ფსიქიკურ ჯანმრთელობას უკავშირდება, ეს შენი გამარჯვება უნდა იყოს, თუმცა სხვების დახმარებაც მნიშვნელოვანია. თუ თვლი, რომ პრობლემას ვერ უმკლავდები, ნუ გეგონება, რომ მარტო შენ გქონდა ეს პრობლემა, სამყაროში ყველა პრობლემის გამოცდილება არსებობს, თუნდაც თქვენი დეპრესიის, შფოთვის, უიმედობის და ა.შ. არიან ადამიანები, რომლებმაც ეს ყველაფერი განიცადეს და რომელთაც თქვენი ესმით, ამიტომ ნუ გგონიათ, რომ მარტო ხართ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი