LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ დავემშვიდობე, ეს იმხელა შოკი იყო… აღარ მყავს ის, ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო…“ – სოსო ნებიერიძე ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს

204
სოსო ნებიერიძე

მოგზაური სოსო ნებიერიძე გადაცემაში „მარტოობის 15 წუთი“ იმ ემოციური ტვირთის შესახებ საუბრობს, რომელიც მამის გარდაცვალებას უკავშირდება.

ტრაგედიის მომენტში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა მისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა. როგორც ნებიერიძე იხსენებს, განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ტრაგედიის მომენტში ბალიზე იმყოფებოდა და ვერ შეძლო მამასთან გამომშვიდობება.

მისი თქმით, ამან მნიშვნელოვნად შეცვალა მისი პიროვნული მდგომარეობა და ცხოვრების ხედვა.

„ყველაზე რთული პერიოდი იყო, როცა მამა დაიღუპა. ძალიან რთულია… ეგეთი რამ, ჩემს ცხოვრებაში არ მიგრძნია. მამა 2 წლის წინ დაიღუპა. ყველზე დიდი კატასტროფა ის იყო, რომ მაგ დროს ბალიზე ვიყავი. იმხელა შოკი იყო, არ ვიცი… აქ არ ხარ, ვერ დაემშვიდობე… ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო…

ზოგადად, ვიცოდი, რომ ძალიან რთულია, ოჯახის წევრს რომ კარგავ, მაგრამ როცა რეალურად შენს ცხოვრებაში დგება, საშინელებაა, დრო არ შველის, ხომ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, შანსი არაა, ვერ განკურნავს. არის სიცარიელე, მონატრება, რომელსაც იცი, რომ ვერ უშველის ვერაფერი…

როცა ვწვები, ძალიან ხშირად მახსენდება. ვერასდროს იქნები ის, რაც მანამდე იყავი. მერე გავაანალიზე, თურმე რამდენს ნიშნავდა და რამდენი ყურადღება უნდა მიმექცია… თურმე, ხშირად უნდა დამერეკა. დღემდე ბევრ რამეში ვადანაშაულებ თავს. იქ რომ არ ვიყავი, ეგეც ძალიან დიდი სტრესია და ძლივს გადავიტანე. წლები იყო ხოლმე ცუდად, მერე გამოკეთდებოდა… მერე ასე უცაბედად მოხდა, დიდი სტრესი იყო. მერე მთელი სიმძიმე გაწვება მხრებზე… როცა მინდა, რაღაც ვიღაცას ვკითხო, ვერავის ვეკითხები, მე უნდა გადავწყვიტო, რადგან ვისაც ვეკითხებოდი, აღარ მყავს, ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ვაცნობიერებ, რომ ბევრი რამ ჩემზეა დამოკიდებული. ვერც დედა გიშველის, ვერც ცოლი, ვერც შვილი, ვერც ძმა… მამაჩემი ჩემი ავტორიტეტი იყო“, – ამბობს სოსო ნებიერიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g