საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლილე ლიპარტელიანი ადასტურებს, რომ ადგილზე მართლაც არ იგეგმება მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. თუმცა, მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ ტვერელის ეკლესიასთან მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გადაწყვეტილების გარკვეული ნაწილი არ გაითვალისწინა და მიმდინარე მშენებლობით აკლესიის აღქმა ირღვევა. ამის შესახებ საკრებულოს წევრმა თბილისის მთავრობის სხდომის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
“ერთ-ერთი დათქმა იყო, რომ აღქმა ტვერელის ეკლესიის არ უნდა დარღვეულიყო, თუმცა, ვერის მხრიდან ხედვა და აღქმა ტვერელის ეკლესიის ირღვევა ამ პროექტით.
მერიის ადმინისტრაცია და მერია მიიჩნევს, რომ ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება და სავარაუდოდ, არ გადახედავენ ამ პროექტს. ისინი თვლიან, რომ ეს ისტორიული ძეგლები არ არის და ამიტომ, უნდა მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება, რაც პასუხი გამცეს, არის ის, რომ არ აპირებენ ამ გადაწყვეტილების გადახედვას.
ვუთხარი ისიც, რომ გეოლოგიური დასკვნა ტასზე ატვირთული არ არის, როცა მანდ კოდალა მუშაობს და რა მდგომარეობაშია ტვერელის ეკლესიაც და ირგვლივ მყოფი მოსახლეობაც, მივიდნენ და ნახონ, რომ ნამდვილად ზანზარებს იქაურობა. რამდენად არის სასურველი იქ რომ იმუშაოს კოდალამ და ავარიული სახლები დაანგრიოს და არც ტვერელის ეკლესია არის კარგ მდგომარეობაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ იქ მეწყერი ჩამოწვა და ავტოგასამართi სადგური ჩამოიტანა მეწყერმა და დასრულდა მსხვერპლით,” – განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.
მისივე თქმით, თბილისის მთავრობის სხდომაზე საუბარი შეეხო ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ის სხდომაზე არ დაუშვეს.
“ეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილებაა. ძალიან ბევრ რამეზე აქვს მერს ექსკლუზივი, თუმცა, საკრებულოს წევრი არ დაუშვას მთავრობის სხდომაზე, ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება მერს არ აქვს,” – აცხადებს ლილე ლიპარტელიანი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას აფასებს ჟურნალისტებთან თავად ლევან ხაბეიშვილიც და ამბობს, რომ სავარაუდოდ, მათ შეეშინდათ და ამის საფუძველზე მიიღეს გადაწყვეტილება.
„შიშის ფაქტორია ალბათ, მეტი რა უნდა ვთქვა, ორი ადამიანი მოვედით. ერთი ავიდეს ლილე ლიპარტელიანიო და ხაბეიშვილი არ ამოვიდესო. მაინტერესებს, რა განსხვავებაა ჩემსა და ლიპარტელიანის მანდატებს შორის,“ – ამბობს ხაბეიშვილი.
მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება არ გასცა, თუმცა მოქმედმა ქალაქის მერმა თბილისის ისტორიულ ნაწილში ტვერელის სახელობის ტაძარის საძირკველთან მშენებლობა ოფიციალურად დაუშვა.
ფოტოები, რომელიც ნიუსის გარეკანს ერთვის, თბილისის მერიამ გაავრცელა.