LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერტიკალური სათბური – მთელი წლის განმავლობაში საქონლის საკვების უფრო იაფად მოყვანის საშუალება

658
ვერტიკალური სათბური

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ 2024 წელს საქართველოს 6 რეგიონში პროგრამა „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ განხორციელდა. პროგრამის მიზანია რეგიონებში ხელი შეუწყოს ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია ვერტიკალური სათბურის პროექტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან, რომლის მიზანს საქონლის გამოკვებაზე ხარჯის შემცირება წარმოადგენს.

ირაკლი ჩანთაძე, გამომგონებელი, სოფლის მეურნეობის მანქანათმშენებლობის ინჟინერ-მექანიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, პროფესორის ასისტენტი:

– ვერტიკალური სათბურის იდეა არცთუ ისე ახალია, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა საძოვრების სიმცირისა და ცხოველთა საკვები ბაზის უქონლობისა და სიძვირიდან გამომდინარე. ამჟამად საქართველოში რძის და მეცხოველეობის იმპორტი ბაზრის 80%-ს იკავებს, რაც კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული. ამასთან, საქმე გვაქვს, ძირითადად, რძის ფხვნილთან, სოიასთან და სხვა არაცხოველური წარმოშობის ცხიმებთან. შესაბამისად, პრობლემის გადაჭრაზე დავიწყეთ ფიქრი და ვერტიკალური სათბური ოპტიმალურ ვარიანტად მივიჩნიეთ.

ჩვენ მიერ შექმნილი დანადგარი იქნება მრავალფუნქციური და მარტივად გამოსაყენებელი. მასში ინტეგრირებული გვაქვს აპლიკაციის მართვის სისტემა, რაც სხვადასხვა კულტურის, მიკრომწვანილების ჩითილების და ცხოველებისთვის საკვები ბალახის მოყვანის საშუალებას იძლევა.

ამ დანადგარის გამოყენებით ცხოველების გამოკვება ნებისმიერ სეზონზე ბევრად იაფი დაჯდება (ერთი სული მეწველი ძროხის შენახვის ხარჯი დღეში 2 ლარს შეადგენს), ამასთან, ცხოველებს აღარ დასჭირდებათ საძოვრები – დანადგარით ერთ კვადრატულ მეტრზე მოყვანილი ბალახი 300 კვადრატული მეტრის საძოვარს უდრის. ჰიდროპონიკით მოყვანილ ბალახს ცხოველები ჭამენ ფესვებიანად, სადაც ყველაზე მეტი სასარგებლო ნივთიერება და ვიტამინია. დანადგარის მეშვეობით 8 კგ ქერის თესლით ყოველდღიურად შესაძლებელია 60 კგ მწვანე მასის მიღება მხოლოდ წყლით, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ვერტიკალური სათბურით, უწყვეტ რეჟიმში, შეიძლება გამოიკვებოს 4-5 მეწველი ან 8 სახორცე ძროხა, ან 10 ღორი, ან 30 ცხვარი, ან 600 ქათამი.

დანადგარი აღჭურვილია კონტროლერით, რომლითაც შესაძლებელია განათების და მორწყვის ციკლების რეგულირება. დანადგარის კომპლექტაციაში ერთ-ერთი აუცილებელი დეტალია ჭურჭელი, რომელშიც აღმოცენდება მცენარე. ის ჩვენით შევქმენით , ბევრად უფრო იაფად, მეორეული მასალისგან და დავაპატენტეთ.

– რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით პროექტზე მუშაობის დროს?

– ჰიდროპონიკული ვერტიკალური დანადგარის წარმოება რთულია, ვინაიდან ყველა დეტალის და მოწყობილობის შემოტანა მხოლოდ უცხოეთიდანაა შესაძლებელი. იქიდან გამომდინარე, რომ დანადგარი უნიკალურია, სათანადო დეტალის მოძიება და გამოცდა ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც წლებია ჩვენი ხარჯებით ვაწარმოებთ. დეტალების შერჩევისას გარდა იმისა, რომ ხარისხს ვაქცევთ ყურადღებას, ვცდილობთ, იაფიც იყოს, რათა სერიული წარმოებისათვის დიდი რაოდენობით შეძენა შევძლოთ. ამის გამო მრავალი ექსპერიმენტის ჩატარება გვიწვევს.

– ვისთან ერთად მუშაობთ ამ პროექტზე?

– ჩემს შვილთან, ვახტანგ ჩანთაძესთან ერთად, რომელიც ინფორმატიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის დოქტორია. მალე გადავალთ პრაქტიკულ კონსტრუირებაზე, რომელშიც ჩაერთვებიან სხვადასხვა ტექნიკური სპეციალობის პირები: ელექტრიკოსი, პროგრამისტი, შემდუღებელი, მღებავი, პლასტმასის სპეციალისტი, ბიოტექნოლოგი, აგრონომი, ვეტერინარი, ზოოტექნოლოგი, ლაბორანტი, გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტი, ვიდეოგადაღებისა ოპერატორი და დიზაინერი. ჩვენი გუნდის წევრები არიან ასევე იმპორტის და მოლაპარაკებების სპეციალისტი თინათინ აბაშიშვილი და ნინო ხუციშვილი და მარიამ მარუაშვილი, რომლებიც მენეჯმენტს უხელმძღვანელებენ.

– როდიდან შეძლებენ დაინტერესებული პირები საკუთარ მეურნეობაში თქვენი დანადგარის გამოყენებას?

– ამჟამად პირველი პროტოტიპის სრულყოფაზე ვმუშაობთ, ეს საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია – საჭიროა იაფი, მაღალტექნოლოგიური, ადვილად სამართავი დანადგარის შექმნა, რომელიც გამოსადეგი იქნება სერიული წამორებისათვის.

– რა გჭირდებათ დასახული მიზნების განსახორციელებლად, ვისი მხრიდან ხელშეწყობა?

– აუცილებელია სამეცნიერო გრანტები ქვეყანაში უახლესი ტექნოლოგიების დასანერგად, ეს უფრო სწრაფად და სწორი მიმართულებით განვითარების საშუალებას მოგვცემდა. მნიშვნელოვანია დარგის უცხოელი სპეციალისტების მოწვევა გამოცდილების გასაზიარებლად და უცხოურ სამეცნიერო წრეებთან კავშირის ჩამოსაყალიბებლად. კარგი იქნებოდა საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობა-დასწრებაც. და, რა თქმა უნდა, აუცილებელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და სხვა სტრუქტურების ჩართულობაც მსგავსი მაღალტექნოლოგიური პროექტების განსახორციელებლად და სოფლად დასანერგად.

– ცოტა ხნის წინ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდით, რას მოხმარდება ეს საგრანტო თანხა?

– დღემდე საკუთარი რესურსით ვცდილობდით პროექტის განვითარებას, მიღებული გრანტი კი უდიდესი სტიმული და დახმარებაა ჩვენთვის მიზნის მისაღწევად. გრანტი საშუალებას გვაძლევს, უფრო სწრაფად შევქმნათ სრულყოფილი დანადგარის პროტოტიპი სერიული წარმოებისთვის და ის სხვადასხვა ფერმაშიც გამოვცადოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები