ოჯახი თბილისში გაუჩინარებულ ლატვიის მოქალაქეს, 24 წლის კოსმეტოლოგს, ეველინა სმირნოვას ეძებს.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ინფორმაცია ეველინა სმირნოვას გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში, თბილისში მცხოვრები მიგრანტების ჯგუფში – Expats in Tbilisi, მისმა ძმამ გაავრცელა.
ოჯახის წევრები „რადიო თავისუფლებას“ ეუბნებიან, რომ ქალის კვალი 15 თებერვლიდან იკარგება. უკანასკნელად ის მისმა მეგობარმა ბიჭმა ავლაბრის მეტროს სიახლოვეს ნახა.
„რადიო თავისუფლება“ ეველინა სმირნოვას მეგობარს ესაუბრა ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ კვირას, 15 თებერვალს, ისინი სიღნაღში „ღვინის ექსკურსიაზე“ წავიდნენ. კახეთიდან დაბრუნებულებმა, ავლაბრის მეტროსთან ახლოს, მაღაზიაში შესვლა გადაწყვიტეს. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ ეველინას კვალი სწორედ ამ დროს დაკარგა:
„მაღაზიიდან რომ გამოვედი, ეველინა აღარ ჩანდა. ველოდე, მაგრამ აღარ მოვიდა. პოლიციასთან ერთად დათვალიერებულ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ ის უცნობთან ერთად მიდის. მას არ უთქვამს, რომ საქართველოში ვინმეს იცნობს. კამერებში ჩანს, რომ თითქოს მშვიდად მიჰყვება კაცს. ძალადობის მომენტი არ ჩანს“ – ამბობს ის.
ახალგაზრდა კაცის თქმით, პოლიციას 15 თებერვლის ღამესვე მიმართა:
„ეველინას ტელეფონი სახლში დარჩა, ამიტომ რაკი თბილისის ქუჩებს არ ვიცნობთ, შესაძლოა, ეველინას სახლისთვის ვერც მოეგნო და ვიფიქრე, რომ პოლიციის ჩართვა იყო საჭირო. ბოლო ორი დღეა პოლიციასთან ერთად დავდივარ, ვაწვდი ინფორმაციას, ვაჩვენებ იმ ადგილებს, სადაც ვიყავით. ახლა ვგეგმავ საქართველოში ლატვიის საელჩოში მისვლას“… – ამბობს მამაკაცი.
გაუჩინარებული ქალის დედას, ნანია პეტროვას „რადიო თავისუფლება“ ლატვიაში დაუკავშირდა. მისი თქმით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შვილი საქართველოში იყო წასული სამოგზაუროდ.
„მე სხვა ქალაქში ვცხოვრობ, რიგასთან ახლოს. ეველინა რიგაში ცხოვრობს, მარტო. სრულწლოვანია, დამოუკიდებელი ცხოვრება აქვს. პროფესიით კოსმეტოლოგია, მუშაობს“.
ეველინას დედა ამბობს, რომ შვილს ბოლოს გასულ კვირაში, ხუთშაბათს ელაპარაკა:
„რამდენიმე გზავნილი გავცვალეთ სოციალურ ქსელში. შაბათს ვალენტინობა მივულოცე, მაგრამ აღარ მიპასუხა“
იმ დღიდან მოყოლებული დედა შვილს ვეღარ უკავშირდება:
„დავურეკე მის მეგობრებს აქ, ლატვიაში. მათგან გავიგე, რომ შესაძლოა, ის საქართველოში იმყოფებოდა. გამიკვირდა, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა ამის შესახებ.
ვესაუბრე იმ ბიჭსაც, ვისთან ერთადაც ჩემი შვილი საქართველოში ჩამოვიდა. როგორც ის მიყვება, წასულები იყვნენ ექსკურსიაზე. საღამოს დაბრუნდნენ თბილისში. იყვნენ ნასვამები. ამბობს, რომ თვითონ მაღაზიაში შევიდა, ეველინა გარეთ დარჩა და როცა გამოვიდა, ის აღარ ჩანდა“.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ეველინას მეგობარმა მის დედას გაუგზავნა ფოტო და იმ ტანსაცმლის აღწერილობაც, რაც ახალგაზრდა ქალს გაუჩინარებამდე ეცვა:
„ტყავის პალტოს ქვეშ აცვია ჯინსის ქურთუკი, ასევე ჯინსის შარვალი. შავ-თეთრ ფერში გაწყობილი ბოტასები“.
ნანია პეტროვა ამბობს, რომ საქმის კურსშია ლატვიის პოლიციაც:
„ისინი უკვე დაუკავშირდნენ საქართველოში სამართალდამცავებს. ეველინას მეგობარი მეუბნება, რომ ნასვამები იყვნენ. არ ვიცი რა ვიფიქრო. შესაძლოა, ვინმემ ისარგებლა ამით. პოლიციამ ბინები უნდა დაათვალიეროს, იქნებ სადმე შეიტყუეს, იქნებ ვინმემ დაინახა, აღარ ვიცი რა ვიფიქრო“.
„ფორტუნა“ ქალის გაუჩინარების დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
„რადიო თავისფულების“ სტატიას ვრცლად გაეცანით ბმულზე.
