„ვფიქრობ, რომ პერსონალური რეიტინგის, გაკეთებული საქმეების გათვალისწინებით, კახა კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის არჩევნებზე არის უალტერნატივო“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხთან ინტერვიუში, გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, კანდიდატურის დაყენების შესახებ გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო იღებს, თუმცა მისი მოსაზრებით, კახა კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა.
„რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მე ვერ გავუსწრებ წინ მოვლენებს, რადგან გვაქვს ჩვენი პროცედურები. პოლიტიკური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ თემაზე, თუმცა ჩემი პოზიცია შემიძლია დავაფიქსირო, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის, პერსონალური რეიტინგის, გაკეთებული საქმეების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო.
ვნახოთ, პოლიტიკური საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თქვენ იცით, რომ მერობაზე არ არის არავითარი შეზღუდვა და საერთაშორისო პრაქტიკაც ეგ არის, ანუ განუსაზღვრელი რაოდენობით არის შესაძლებელი კენჭისყრა მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე. ნებისმიერ ქვეყანაში ასეა და ასეა საქართველოშიც.
ირაკლი კობახიძე: 5 დღე ნამდვილი ომის იმიტაცია იყო, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მცდელობა, დღეს 300-350 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს არის ორგანიზებული აქტივი – სერიოზული თანხებიც არის ჩართული
ირაკლი კობახიძე: 5 დღე ნამდვილი ომის იმიტაცია იყო, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მცდელობა, დღეს 300-350 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს არის ორგანიზებული აქტივი – სერიოზული თანხებიც არის ჩართული
შეგვიძლია, გავიხსენოთ ის საქმეები, რაც გაკეთდა თბილისში, სხვადასხვა მიმართულებით, მარტო რად ღირს რეკრეაცია, გამწვანების მიმართულება, ქუჩებისა და გამზირების მოწესრიგება. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია სამჯერ, 2012 წლის შემდეგ, რეალურად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა ამან არ მოახდინოს მოძრაობის არსებითად ბლოკირება ჩვენს დედაქალაქში. ამისთვის სერიოზული ცვლილებები გატარდა ტრანსპორტის სფეროში და სამომავლოდაც ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი პროგრამა ექნება წარმოდგენილი კახა კალაძეს ამ მხრივ.
შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის არჩევნებს, საკრებულოს არჩევნებს. ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რაიმე არსებითი კონკურენცია გაგვიწიოს. შეგახსენებთ, რომ წინა არჩევნებზე მეორე ადგილზე გასულ პარტიას მოვუგეთ 900 000-ზე მეტი ხმით, სულ 2 100 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და 900 000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. ასეთ პირობებში, გასაგებია, რაც იქნება არჩევნების შედეგები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.