Wizz Air მზადაა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებებით ახალი ავიარეისები დაამატოს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი უნგრული ავიაკომპანიის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა და ახალი მიმართულებების დამატებაზე სწორედ ამის შემდეგ ისაუბრა.
„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, რა დროსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატება განვიხილეთ. ვფიქრობ, მოლაპარაკებების საფუძველზე უკვე მიმდინარე წელს ვიხილავთ „ვიზეარის“ ახალ მიმართულებებს ქუთაისის აეროპორტში, რასაც ძალიან პოზიტიური ზეგავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის დინამიკის ზრდაში და, რაღა თქმა უნდა, ავიაციის სექტორის გაძლიერებაში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში „ვიზეარის“ წარმომადგენლებმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერეს. ასევე ადგილზე გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სარკინიგზო სადგურის მიმდინარე სამშენებლო პროცესს, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.