„სიყვარულმა გარკვეულ გარემოებებში შეიძლება ფსიქიკურ აშლილობამდეც კი მიგვიყვანოს…“ – ამის შესახებ დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, EAGT ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში წერს.
ფსიქოთერაპევტი ამბობს, რომ ხშირად გვესმის ფრაზები: „ვგიჟდები ერთ ბიჭზე“, „ვგიჟდები ერთ გოგოზე“- თითქოს ეს არის სიყვარულის ბუნებრივი, ლამაზი, ინფანტილური გამოხატულებაა, მაგრამ მისი განმარტებით, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს ფრაზა სულ სხვა რამეს გვეუბნება.
მისი თქმით, როცა სიყვარულს „გაგიჟებას“ ვუწოდებთ, ხშირად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ თავთან, ჩვენს საზღვრებთან და ემოციურ რეგულაციასთან პრობლემა გვაქვს:
„ვგიჟდები” გოგოზე, “ვგიჟდები” ბიჭზე – რა იმალება ამ ფრაზის მიღმა და რატომ შეიძლება ასეთი სიყვარული ფსიქიკურ აშლილობამდე მივიდეს?
ხშირად გვესმის ფრაზები: „ვგიჟდები ერთ ბიჭზე“, „ვგიჟდები ერთ გოგოზე“- თითქოს ეს არის სიყვარულის ბუნებრივი, ლამაზი, ინფანტილური გამოხატულებაა. მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს ფრაზა სულ სხვა რამეს გვეუბნება: როცა სიყვარულს „გაგიჟებას“ ვუწოდებთ, ხშირად ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთარ თავთან, ჩვენს საზღვრებთან და ემოციურ რეგულაციასთან პრობლემა გვაქვს.
„გაგიჟება“ არ არის ნორმალური ემოცია. სიყვარული არ ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას, სხვაზე ზედმეტ მიჯაჭვულობას ან საკუთარი იდენტობის დაკარგვას. სიყვარულის ადრეული ფაზები ნამდვილად შეიცავს ჰორმონულ „აფეთქებებს“, მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს „მე მასზე ვგიჟდები“ და ამას თან ერთვის აკვიატება, ემოციური დისბალანსი, საკუთარი საჭიროებების იგნორირება ან მეორე ადამიანის უკიდურესად იდეალიზაცია, ეს არის სიგნალი, რომ საზღვრები არ არის ჩამოყალიბებული. სიყვარულის ჯანმრთელ ფორმას არაფერი აქვს საერთო ემოციურ ქაოსთან. როდესაც ადამიანი ამბობს „მოწყენილობა მაწუხებს“, ეს მხოლოდ განცდაა. როდესაც ამბობს „მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ“, ეს უკვე სიმპტომია.
როდესაც ამბობს „ვგიჟდები მასზე“, ეს არის ფორმა, რომელიც ხშირად ელეგანტურად ფარავს შიშებს: მარტოობის შიშს, მიტოვების შიშს, საკუთარი თავის დაკარგვის შიშს.
სიყვარულმა გარკვეულ გარემოებებში შეიძლება ფსიქიკურ აშლილობამდეც კი მიგვიყვანოს. ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი „ობსესიური სიყვარული“: მდგომარეობა, როცა მიმაგრება იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი კარგავს ემოციურ კონტროლს, იწყებს აკვიატებულ ფიქრებს, შფოთვას, უძილობას, ეჭვიანობის ეპიზოდებსა და პანიკას. ამ მომენტიდან იწყება, სიყვარულზე დამოკიდებულება.
ასეთი მდგომარეობა შეიძლება გადაიზარდოს:
ემოციური რეგულაციის დარღვევაში,
მიჯაჭვულობის დისფუნქციაში,
ობსესიურ–კომპულსიურ ქცევებში,
დეპრესიულ ან შფოთვით აშლილობებში.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ „სიყვარული დაავადებაა“.
სიყვარული იმდენად ჯანსაღი ემოციაა, რომ მასთან პრობლემა მაშინ იწყება, როცა ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის, როცა მის გრძნობებს მართავს არა თავისუფალი არჩევანი, არამედ შიში, დამოკიდებულება ან ემოციური სიცარიელის შევსების მცდელობა. სწორედ ამიტომ, როცა ვინმე ამბობს „ვგიჟდები მასზე“, საჭიროა საკუთარ თავთან გულწრფელი კითხვა დასვას:
მართლა ის ადამიანი მომწონს, თუ საკუთარი სიცარიელის შევსებას ვცდილობ?
მართლა სიყვარულია ეს, თუ ემოციური დამოკიდებულება?
ხომ არ ვკარგავ საკუთარ თავს?
რატომ მჭირდება სხვისი არსებობა იმისთვის, რომ საკუთარი თავი დავამშვიდო?
საყვარელი ადამიანის მიმართ ძლიერ ემოციებში ცუდი არაფერია თუკი ამ ემოციებში შენ არსებობ, შენი საზღვრები, შენი თავისუფლება, შენი არჩევანის უფლება და შენი ღირსება. მაგრამ სიყვარულს, რომელსაც „გაგიჟებას“ ვეძახით, ყოველთვის აკლია რაღაც ძალიან მთავარი, ის არ ტოვებს ადგილს საკუთარ თავზე ზრუნვისთვის.
და როცა სიყვარულს აკლდება თვითზრუნვა, თვითშეგნება და თვითკონტროლი, იქ იწყება არა ლამაზი რომანი, არამედ ფსიქიკის რყევა.
P.S იქ, სადაც „გაგიჟება“ მთავრდება, სიყვარული იწყება“, – წერს მაგდა კოტრიკაძე.
„ვგიჟდები" გოგოზე, "ვგიჟდები" ბიჭზე – რა იმალება ამ ფრაზის მიღმა და რატომ შეიძლება ასეთი სიყვარული ფსიქიკურ აშლილობამდე მივიდეს?
Posted by Magda Kotrikadze on პარასკევი, 06 თებერვალი, 2026
